საქართველო ფუტსალში ევრო 2030-ის კანდიდატია
საქართველო ფუტსალში ევრო 2030-ის კანდიდატია
21.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთ წელში გახდება ცნობილი, უმასპინძლებს თუ არა საქართველო ფუტსალში ევროპის 2030 წლის ჩემპიონატს. უეფა-ში ტურნირის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების განაცხადების რეგისტრაცია დასრულდა. საერთო ჯამში, მასპინძლობის სურვილი შვიდმა ქვეყანამ საფრანგეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, ყაზახეთმა, პოლონეთმა, ესპანეთმა და საქართველო გამოთქვეს. შესაბამისად, საქართველოს მასპინძლობის კანდიდატია.


„საქართველოს უეფასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მაღალი დონის ტურნირისა და მატჩის ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამჯერად ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი აქტიურად ვითარდება და ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა. ამ სფეროს განვითარება და ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი ორგანიზაციისთვის.


ამ ეტაპზე მასპინძლობის სურვილი უკვე დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ექნება რეალური შესაძლებლობა, 2030 წელს უმასპინძლოს ევროპის საუკეთესო ფუტსალის ნაკრებებს," - ამბობს დავით მუჯირი სფფ-ის სანაკრებო გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.


აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქვეყნებიდან, ევროპის ჩემპიონატს ესპანეთმა და ხორვატიამ უკვე უმასპინძლეს. ევროპის ბოლო, 2026 წლის ჩემპიონატი კი ერთდროულად სამ ქვეყანაში ლიეტუვაში, ლატვიასა და სლოვენიაში ჩატარდა. რიგით მე-14 ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით ერთ წელიწადში, სექტემბერში გამოაცხადებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველომ ბოლო წლებში უეფა-ს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირს უმასპინძლა. მათ შორის ევროპის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 2017 წელს კი, ევროპის 19-წლადეთა ჩემპიონატის მასპინძლები ვიყავით. კიდევ ერთი უეფა-ს ტურნირი საკლუბო ფეხბურთს უკავშირდება, 2015 წელს, თბილისში, უეფა-ს სუპერ თასი გაიმართა. ამ ჩამონათვალში არ არის ქალთა და ასაკობრივი გუნდების შესარჩევი თუ ელიტ-რაუნდები. ასე, რომ საქართველოს ბოლო წლებში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კარგი გამოცდილება დაუგროვდა. შესაბამისად, ნელ-ნელა მთავარი გუნდების ევროპული ფორუმის ფინალური ეტაპებისკენაც შეგვიძლია „გავიხედოთ".


მანამდე კი, საქართველო FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 2029 წელს სომხეთთან ერთად უმასპინძლებს.