
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ-რაუნდის მეორე ტურის მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 3-2 (მატჩის ჩანაწერი) წააგო. თუმცა, საკმაოდ თანაბარ თამაშში, სადაც მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, VAR-ი არ იყო და ამის გამო, მინიმუმ პენალტი „წაგვართვეს". აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სანაკრებო ციკლში, საქართველოს ნაკრებს სამი წამყვანო მოთამაშე გიორგი ღავთაძე, შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა აკლდა ტრავმების გამო.
ავთანდილ ასათიანმა თამაში შემდეგი მოთამაშეებით დაიწყო: ალი ასლანი, გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ კეკელია, ნიკოლოზ კურტანიძე. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის ნაკრებთან ერთად, თბილისში, კოსოვოსთან გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო საეჭვო იყო. თუმცა, კურტანიძე გუნდთან ერთად და ამასთან სასტარტო შემადგენლობაში იყო.
საქართველოს ნაკრებმა ცოტა მძიმედ დაიწყო, იტალიელები კი, პირიქით, თამაშის პირველ წუთებში საკმაოდ აქტიურები იყვნენ და 11'51'' ანგარიში გაიხსნა. ჯოვანი პულვირენტი „გაგვეპარა" და გაგვიტანა.
ამ შემთხვევაში ალი ასლანი ვერაფერს გახდა, თუმცა, ჩვენი ნაკრების კარის მცველი, დღეს, არა მხოლოდ კარში, არამედ შეტევაშიც საკმაოდ გამორჩეული იყო და რამდენჯერმე კარის ჩარჩოშიც მოახერხა დარტყმა. ჩვენი აზრით, ის ქართული ნაკრებში, დღეს, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, თუ ორივე გუნდში არა. სწორედ, ალის წამოწყებული შეტევისას, როდესაც შესაძლოა, წინა მომენტის მსგავსად, მისგან კარში დარტყმას ელოდნენ იტალიელები, ალიმ გამოზომილი გადაცემა გააკეთა ჯანიკო გიორგაიაზე, რომელმაც 16'57'' წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 1-1. ტაიმის ბოლოს, თამაში თითქოს გათანაბრდა, თუმცა, სწორედ, ამ მომენტში, ტაიმის დასრულებამდე 53 წამით ადრე, ჩვენს კარში ავტოგოლი გავიდა - ბურთს მიმართულება ტყეშელაშვილმა შეუცვალა. ზოგადად, პირველ ტაიმში იტალიელებმა ჩვენი კარის მიმართულებით 13-ჯერ, ჩვენ კი, ხუთჯერ დავურტყით.
მეორე ტაიმის სტარტზევე 21'21'' იტალიელებმა ჩვენს კარში გოლი გაიტანეს, ამჯერად ეს, გაბრიელ მოტამ გააკეთა. თუმცა, ამის შემდეგ, ქართველთა გუნდმა მოახერხა ბურთის გაკონტროლებაც და უფრო აქტიურადაც შეუტია. გოლის გატანის შანსი ჰქონდათ ვახტანგ ჯვარაშვილს, გიორგი ჩიმაკაძეს. გოლი კი, 30'34'' წუთზე არჩილ სებისკვერაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ვახტანგ კეკელიამ გაიტანა და ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა. სწორედ, ამის შემდეგ იყო მომენტი, სადაც ალბათ, აღნიშნულ ეტაპზე VAR-ის არსებობის შემთხვევაში, მომენტი მინიმუმ გადაიხედებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, არც ეს პენალტი დაინიშნა და რამდენიმე მომენტში, მსაჯებმა ჯარიმის დანიშვნისგანაც თავი შეიკავეს. ასეა თუ ისე, მიზერული, თუმცა, მსაჯების გავლენა, მეინ-რაუნდის პირველი შეხვედრის მსგავსად, ამ თამაშშიც გამოჩნდა. ჩვენ კი, მეორე შეხვედრა წავაგეთ და ახლა, თუკი მომდევნო ეტაპზე გვინდა გასვლა, დარჩენილი ორ შეხვედრაში მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უკვე მომავალ, 2027 წელს წელს, 24 თებერვალს კოსოვოში და 2 მარტს თბილისში, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ







