
დღეს, ალბანეთის ქალაქ დურესში 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ასპარეზობის ბოლო დღეს, ფიცარნაგზე საქართველოდან ოთხმა ძალოსანმა იასპარეზა.
პირველი ფიცარნაგზე 23-წლამდეთა შორის +86 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნათია გადელია გამოვიდა, რომელმაც ატაცში 104 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. შესაბამისად, ამ დისციპლინაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ, გადელიამ, აკვრაში 134 კილოგრამით დაძლია და კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდშიც, ქართველო გოგო, 238 კილოგრამით პირველი იყო და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.
23-წლამდეთა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა გურამ ვეკუამ, 110 კგ წონით კატეგორიაში. ვეკუამ ატაცში 169 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე ბრინჯაო აიღო აკვრაშიც, მას შემდეგ, რაც 208 კგ დაძლია. ორჭიდში ჩვენმა ძალოსანმა 377 კგ დააგროვა და აქაც, ბრინჯაოს დაეუფლა.
კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, +110 კგ-ში 23 წლამდეთა შორის, ქართული გუნდი ორი სპორტსმენით, დავით კირვალიძითა და დავით დვალიშვილით იყო წარმოდგენილი. კირვალიძემ ატაცში 165 კგ დაძლია და მე-10 ადგილი დაიკავა, აკვრაში დაძლეული 191 კილოგრამით კი, მე-11 იყო. საბოლოოდ, ორჭიდში მოგროვილი 356 კილოგრამით მე-10 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. რაც შეეხება დვალიშვილს, მან ატაცში 162 კილოგრამი დაძლია და მე-11 საფეხური ერგო. აკვრაში დაძლეული 187 კგ-ით მე-15 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 349 კილოგრამით კი, მე-12 პოზიციაზე გავიდა.
საბოლოოდ, ალბანეთში ქართულმა გუნდმა 38 მედალი მოიგო. მათ შორის 11 ოქროს, 17 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი. გუნდურ ჩათვლაში, 20-წლამდებმა I, 23-წლამდებმა კი, II ადგილი დაიკავეს.
აქვე გვინდა გამოვყოთ გოგონები - ორივე ასაკობრივ ჯგუფში ქართველები ოთხი გოგონათი ასპარეზობდნენ. მათგან ყველამ მოახერხა საპრიზო სამეულში შესვლა. მათ შორის 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა და სამი ოქრო მოიგო ნათია გადელიამ. 20-წლამდეთა შორის ატაცში ოქრო ერგო მარიამ მურღვლიანს, აკვრა ორჭიდი ვერცხლი. სამ-სამი ვერცხლი მოიგეს მარიამ მაისურაძემ (23-წლამდე) და ნანა ხორავა (20-წლამდე).





ჩვენ







