
ვიდრე ქალთა საფეხბურთო ლიგა განახლდება, ქალთა ლიგაში მოასპარეზე გუნდებმა, ქალთა ლიგის თასზე დაიწყეს ასპარეზობა. ასეთი კი, საერთო ჯამში 10 გუნდია. შესარჩევ ეტაპზე ოთხი გუნდი ორი საგზურის მოსაგებად იბრძოდა. თამაშები კი, ორ დღეზე იყო გადანაწილებული.
17 ოქტომბერს, თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერემ" „თეთრიწყაროს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. ანგარიში 39-ე წუთზე ნინი ბერიძის გოლით გაიხსნა. 42-ე წუთზე კი, ანა პავლიაშვილმა გაიტანა და მასპინძლები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. 62-ე წუთზე ეკა ხარაიშვილმა ამ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, როდესაც მესამედ აიღო თეთრიწყაროელთა კარი. თუმცა, სტუმრებმა შეხვედრის ბოლო ათწუთეულში მაინც მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა. 81-ე წუთზე ლიზი რობაქიძემ გაიტანა. შეხვედრა კი, 3-1 დასრულდა „ვერეს" სასარგებლოდ, რომელმაც 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აქ, ვერელთა მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი „ნიკე-ლუსო" იქნება.
დღეს, ქუთაისში, კიდევ ერთი მატჩი უნდა გამართულიყო, ადგილობრივ „მართვესა" და „დინამო სოხუმს" შორის, თუმცა, ფეხბურთელთა ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე გუნდი თამაშზე არ გამოცხადდა და შესაბამისად, ვაკანტური მეორე 1/4 ფინალური საგზურის მფლობელი „მართვე" გახდა. ქალთა ლიგის თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე ქუთაისელები „ლანჩხუთს" უმასპინძლებენ, რომელიც ქალთა ლიგის თასის ორგზის (2019, 2021) გამარჯვებულია.
ამრიგად, ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა ცნობილია. თამაშები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
1/4 ფინალი , 21 ოქტომბერი
„ნიკე-ლუსო" - „ვერე"
„კვარტალი" - "რაჭა2020"
„ელიტა" - „ბათუმი"
„მართვე"- „ლანჩხუთი"
1/2 ფინალი, 18 ნოემბერი
„ნიკე-ლუსო" / „ვერე" - „ელიტა"/ „ბათუმი"
„კვარტალი"/ „რაჭა 2020" - „მართვე"/ „ლანჩხუთი"
16 დეკემბერს, ქალთა ლიგის თასის ფინალური მატჩია დაგეგმილი.





ჩვენ







