დღეს ამალიამ მოიგო ოქრო, ხვალ ინგასგან ველით მედალს
დღეს ამალიამ მოიგო ოქრო, ხვალ ინგასგან ველით მედალს
17.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ ბუდაპეშტში, ISU-ს ჩელენჯერის სერიის ტრადიციული ტურნირი დასრულდება ფიგურულ ციგურაობაში. „ბუდაპეშტის თასი - 2026" (Budapest Trophy 2026) ქალთა შორის, ძირითადი ტურნირის მედლისთვის ჩვენი ინგა გურგენიძე იბრძოლებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, 63.71 (37.58 /26.13) ქულით მე-4 ადგილზეა და ხვალ, თავისუფალ პროგრამაში, 37 მონაწილეს შორის, ბოლო ჯგუფში იასპარეზებს.    


სენიორების ტურნირის პარალელურად, Vasas Jégcentrum ყინულის არენაზე, იუნიორებმაც იასპარეზეს. საქართველო აქაც, გოგონათა შორის იყო წარმოდგენილი. საქართველოს სახელით, ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ამალია ნასიბულინა იბრძოდა, რომელმაც საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში 178.69 ქულა (იხილეთ ყველა შედეგი ბმულზე) დააგროვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.


ჩვენი გუნდის წარმომადგენემა მოკლე პროგრამაში 62.69 (37.75/ 24.94) დააგროვა და თავისუფალ პროგრამაში ლიდერის სტატუსით იასპარეზა. ამალიამ, არც თავისუფალ პროგრამაში დააკლო ძალისხმევა და 116.00 (65.01 / 50.99) ქულით, რაც თითქმის 15 ქულით აღემატებოდა მეორე ადგილზე გასული მეტოქის შეფასება, აქაც, პირველი ადგილი დაკავა. საბოლოოდ კი, როგორც აღვნიშნეთ, ორ პირველ ადგილს ჯამურიც დაუმატა და „ბუდაპეშტის თასის" 2026 წლის გამარჯვებული გახდა.


ტურნირი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში 15-18 ოქტომბერს გაიმართა, 2026-2027 წლების ISU-ს Challenger Series-ის რიგით მე-9 ეტაპი იყო.