
ქართულმა საფეხბურთო ლეგიონმა, მათ, ვისი გუნდები ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, დღეს ქვეყნის პირველობებზე დაიწყეს ასპარეზობა.
იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" საშინაო შეხვედრაში 4-2 დაამარცხა „სასუოლო". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 74-ე წუთზე შეცვალეს. „კვერნამ" გოლიც გაიტანა მე-17 წუთზე, მაშინ როდესაც ტაბლოზე 1-1 იყო, თუმცა, VAR-მა ეს გოლი გააუქმა და ჩვენიანმა, ამჯერად, მოედანი გოლის გარეშე დატოვა. თუმცა, მისმა გუნდმა გაიმარჯვა და ახლა, დაუსრულებელ მე-7 ტურამდე, 13 ქულით მე-5 ადგილზეა.
ნიდერლანდური ერედივიზიონის მე-9 ტურში ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი" გასვლით შეხვედრაში დიდი ანგარიშით 4-0 დამარცხდა „ჰერენვენისთან". საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩიც ჩაატარა, თუმცა, ამჯერად, მან, ისევე როგორც მისმა გუნდმა მოედანი გოლის გარეშე დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტურამდე, გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად იყვნენ განლაგებული, „ჰერენვენიმ" მოგებული მატჩის ხარჯზე, ირაკლის გუნდს გადაასწრო. არასრული ტურის შემდეგ, სადაც სატურნირო ცხრილში ალბათ ბევრი შეიცვლება, იეღოიანის გუნდი, ჯერჯერობით 11 ქულით მე-10 ადგილზეა.
გერმანიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი", 77-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით დამარცხდა. გასვლით შეხვედრაში ფრანკფურტში, განსაკუთრებით მეორე ტაიმის ბოლოსკენ, „აინტრახტი" თითქმის მეტოქის ნახევარზე დაბანაკდა და რეალურად, ქართველის გუნდის კარში გოლიც იკითხებოდა, რაც იუნეს ებნუტალიბიმ კარგად გამოიყენა და ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. ქართველმა სასტარტოდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. 6 ტურის შემდეგ „კიოლნი" 7 ქულით მე-11 ადგილზეა. თუმცა, ტური ჯერ არ დასრულებულა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი" საშინაო შეხვედრაში ცხრილის ლიდერთან „ჰერტას" დაუზავდა, 0-0. ქართველი, რომელსაც კუნთის ტრავმის გამო, მესამე შეხვედრაა განაცხადში ხვდება და ასე თუ ისე, სათამაშო დროც ეძლევა. ამჯერად „ქვილითა" მოედანზე 81-ე წუთზე შემოვიდა. მისი გუნდი კი, 8 ტურის შემდეგ, ბოლოდან მესამე, მე-16 ადგილზეა.
და ბოლოს, იმ ფეხბურთელებზე და ჩემპიონატებზე, რომლებიც შესაძლოა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში არ არიან ხოლმე გამოძახებულნი, თუმცა, კლუბები, რომლებშიც ისინი თამაშობენ, იმ ქვეყნების ჩემპიონატებში ასპარეზობენ, რომელთა წარმომადგენლებიც უეფა-ს ევროტურნირებზე პატარ-პატარა სენსაციებს აწყობენ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია, სადაც გასულ კვირას, ქართველი ლეგიონერების დერბს ჩვენც დავესწარით (იხილეთ სტატია), დღეს კი, იმ ლეგიონიდან ერთმა გიორგი ახლედიანმა მორიგი ტურის მატჩი გამართა. ქართველის „შამახმა" დაძაბულ ბრძოლაში, საშინაო შეხვედრაში 3-2 დაამარცხა ბაქოს „საფა" და არასრულ ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილს „ზირას" ქულით გადაასწრო და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა.
„ორთვენახევარი არის რაც აქ ვარ. ვფიქრო, რომ სავსებით ვადაპტირდი. რთული ჩემპიონატია საქართველოსთან შედარებით, რადგან არის მეტი სისწრაფეები და ძალისმიერი ფეხბურთი. ვფიქრობ, შედარებით უკეთესი ნაბიჯი გადავდგი, რადგან, ნაკლებად ვთამაშობდი იქ და აქ, მეტი სათამაშო დრო მეძლევა", - გვითხრა ახვლედიანმა, რომელმაც აზერბაიჯანში ყოფნის დროს, კიდევ ერთი ქართველის, მათე აბულაძის გუნდთან „კაპაზთან" დაპირისპირებაში გოლიც გაიტანა და სრულიად მოულოდნელი და სასიხარული გამოდგა, ასე „მივიწყებული" ჩემპიონატზე ქართველი ჟურნალისტის ხილვა.
ამ ეტაპზე ეს ამბები გვქონდა, ლეგიონის სიახლეებით ხვალ კვლავ დავბრუნდებით.





ჩვენ







