გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე დანიურ „ოლბორგთან“ ერთი ბურთით წააგო
გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე დანიურ „ოლბორგთან“ ერთი ბურთით წააგო
14.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა" ხელბურთში, ევროპის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გამარჯვება ბოლო წუთებზე  გაუშვა ხელიდან.


მეოთხე ტურის მატჩში „ზაგრები" გასვლაზე დანიაში „ოლბორგს" დაუპირისპირდა. გასული კვირის მარცხის შემდეგ ხორვატებმა ბევრად უკეთესი, შემტევი თამაში აჩვენეს. თუმცა, მაღალი კლასის ლეგიონერებით დაკომპლექტებულ დანიურ გუნდთან მაინც ვერაფერს გახდნენ. მასპინძლებს, აშკარად მსაჯებიც წაეხმარნენ. „ზაგრებს" ორჯერ წითელი ბარათი უჩვენეს, რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი კი, სტუმრების საწინააღმდეგოდ გადაწყდა.


„ჩვენი მიზანი იყო გვებრძოლა ბოლომდე, 60 წუთის განმავლობაში, რის გაკეთებაც მოვახერხეთ. ჩვენ არ დავნებდით მაშინაც, როდესაც სამი, ოთხი და ხუთი ბურთით ვაგებდით. მოვახერხეთ დაცვითი თამაში და „ოლბორგთან" ბრძოლა გავაგრძელეთ. ბოლოსკენ, ქულებამდე ცოტა დაგვაკლდა", - ამბობს თამაშის დასრულების შემდეგ „ზაგრების" მთავარი მწვრთნელი ჰრვოიე ჰორვატი, რომლის გუნდში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ 5 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.


პირველი ტაიმი ქართველის გუნდმა 19-15, ოთხბურთიანი სხვაობით წააგო. ტურნირის ოფიციალური გვერდი თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნავდა, რომ მასპინძლებს, „გასახურებლად" და „ასათამაშებლად" მთელი 20 წუთი დასჭირდათ. ანგარიში მასპინძლებმა კი გახსნეს, თუმცა, „ზაგრებმა" მალევე გაუთანაბრა და შემდეგ ცხოვრებაძის გოლით დაწინაურდა, 1-2. „საქანელა" თამაშში, ცხოვრებაძემ მომდევნო შედეგიანი დარტყმის შემდეგ გაათანაბრა, 3-3. პირველივე ტაიმში კიდევ ერთხელ დააწინაურა „ზაგრები" 6-7. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში, მასპინძლებმა მოახერხეს მცირედით „გაქცევა", ხორვატები შორს მაინც არ უშვებდნენ. მეორე ტაიმის დასასრულისკენ, როდესაც ცხოვრებაძის მე-5 გოლით ამ შეხვედრაში, ორ ბურთამდეც შეამცირეს სხვაობა (31-29), დანიელებმა მაგრადაც ინერვიულეს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვეს, 34-33 (იხილეთ მატჩის ჩანაწერი) და 7 ქულით, „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჯგუფში ლიდერობენ. „ზაგრები" ჯერ-ჯერობით მე-3 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი, 21 ოქტომბერს, საშინაო კედლებში, სწორედ პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა მატჩი (იხილეთ კალენდარი).