შედეგიანი მატჩები ცხოვრებაძის, კალანდაძისა და კბილაშვილისთვის
შედეგიანი მატჩები ცხოვრებაძის, კალანდაძისა და კბილაშვილისთვის
11.10.2026
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი ტურის შეხვედრები ჩაატარეს. მათ შორის რამდენიმე გამორჩეული მატჩი შედგა.


სერბეთი


სუპერლიგის მეოთხე ტური წარუმატებელი გამოდგა თეკლა ძამუნაშვილის „ნაპრედაკისთვის". ქართველი ლეგიონერის გუნდი „ვოევოდინასთან" გასვლით შეხვედრაში 29-40 დამარცხდა. ძამუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 2 გოლი გაიტანა.


საფრანგეთი


ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ნიკოლოზ კალანდაძე. „ექს-ან-პროვანსის" ქართველი ლეგიონერი სტარლიგის მეექვსე ტურში „სარანს" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (39-30). კალანდაძე 6 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


ამავე ტურში „მონპელიესთან" ფრედ (26-26) ითამაშა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ". ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 35 წუთი დაყო, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.


ხორვატია


პრემიერლიგის მეხუთე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებს" „რუდართან" იოლი შეხვედრა ჰქონდა. 39-26 მოგებულ მატჩში ცხოვრებაძე მოედანზე საუკეთესო იყო - ქართველმა ლეგიონერმა 8 ბურთი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


რუმინეთი


პირველი გამარჯვება მოიპოვა „პოტაისა ტურდამ". ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის გუნდი რუმინეთის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „სუჩავას" საკუთარ მოედანზე შეხვდა და 26-22 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კბილაშვილი გახდა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ორჯონიკიძის აქტივში კი 2 ჩაჭრა ჩაიწერა.


ლიეტუვა


ბალტიის ლიგაში „კლაიპედა დრაგუნასმა" უქმეებზე ორი თამაში ჩაატარა. პირველ შეხვედრაში კლაიპედელებმა ესტონურ „პილვა სერვიტის" უმასპინძლეს და 32-28 გაიმარჯვეს. ამ მატჩში „დრაგუნასის" ქართველ ლეგიონერებს - ვახტანგ ხარებაშვილსა და თემურ ქამადაძეს არ უთამაშიათ. მეორე შეხვედრაც, ასევე ესტონურ „ვილიანდისთან", ლიეტუველთა გამარჯვებით დასრულდა, 30-29. ამჯერად ხარებაშვილმა ითამაშა და 4 გოლიც გაიტანა.