
ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდი მარცხით დაიწყო, კოსოვოსთან 2-3 წავაგეთ. „ვერ ვიტყვი, რომ არ ვიცოდით ვის ვეთამაშებოდით. კარგად გვყავდა დამუშავებული. ძალიან კარგი გუნდი იყო. ამიტომ მოწინააღმდეგის შეუფასებლობას ადგილი არ ჰქონიაო," ამბობს თამაშის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას ორი მოთამაშე შოთა თოფურია და ნიკოლოზ კურტანიძე გამოაკლდა. ფეხბურთელების ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ ხვალ გახდება ცნობილი, შესაბამისად, ამ დროს გადაწყდება მომდევნო თამაშისთვის იტალიის წინააღმდეგ, დაიმატებს თუ არა ქართველთა გუნდი ახალ ფეხბურთელს.
„რა თქმა უნდა, მარცხი ართულებს სიტუაციას, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს თამაშები, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ძალიან სამწუხაროა, რომ 2-0-ის შემდეგ თამაში დავთმეთ. ამას აქვს რაღა თქმა უნდა თავის მიზეზები. სამწუხაროა, რომ ორი ფეხბურთელი ამოგვივარდა შემადგენლობიდან, ისედაც გვაკლდა წამყვანი ორი ფეხბურთელი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავს ვიმართლებთ, რადგან აუცილებლად უნდა შეგვენარჩუნებინა ის ფორა, რაც პირველ ტაიმის შედეგი. უნდა ვეცადოთ შეცდომები გამოვასწოროთ და ჩვენი მიზნისკენ წავიდეთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, რომელსაც დღევანდელ თამაშამდე ორი ფეხბურთელი გიორგი ღავთაძე და ირაკლი თოდუა აკლდა, ტრავმების გამო.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ალი ასლანი, გიორგი ჩიმაკაძე, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ნიკოლოზ კურტანიძე. სასტარტო წუთებში სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და კარშიც დაარტყეს, თან ორჯერ, თუმცა, გოლი მათ კარში გავიდა. კოსოვოს ნაკრები, ტრადიციულად ხისტად და უხეშად თამაშობდა. შესაბამისად დაინიშნა სტანდარტულიც, რომელიც თოფურიამ გიორგი ჩიმაკაძესთან გაითამაშა და ეპიზოდი 03'11'' წუთზე გოლით დასრულდა. 14'45'' წუთზე ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა ლევან სვანიძეს, რომელმაც რამდენიმე წუთში (19'08'') მაინც გაიტანა და საქართველოს ნაკრები 2-0 დააწინაურა.
ანგარიში, ქართულ გუნდს მოდუნების ნებას არ აძლევდა, რადგან ტაიმის მიწურულს სტუმრებმა საკმაოდ უმატეს ტემპს და ალი ასლანიც რამდენჯერმე შეაწუხეს, თუმცა, ქართველთა კარის მცველი უშეცდომოდ თამაშობდა. პირველი ტაიმის სტარტზე და ზოგადად თამაშშიც, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში სამი ბურთი გაუშვა, საქართველოს ნაკრები სწორედ, მას უნდა უმადლოდეს, რომ ანგარიში უფრო დიდი არ იყო მატჩის ბოლოს.
მეორე ტაიმი კოსოვომ აქტიურად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 30'33'' ჩიმაკაძეს დუბლის შანსი ჰქონდა, კოსოვოელთა გოლი, თამაშის მიმდინარეობიდან იკითხებოდა. 32'53" წუთზე იეტონ რუკოვცმა ერთი გოლი გაქვითა. 36'17'' წუთში კი, დრილონ მაჯარაიმ ანგარიში გაათანაბრა - ალი ასლანმა, თითქოს მოახერხა ბურთის აღება, თუმცა, გოლი მაინც გავიდა. შეხვედრის დასრულებამდე 50 წუთით ადრე კი, შეტევაში გაერთეთ და მაჯარაის გადაცემით, მეგრიმ დევრიშაიმ ქულაც აღარ დაგვიტოვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 20 ოქტომბერს, იტალიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ







