საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ხვალ მეინ-რაუნდში დაიწყებს ასპარეზობას
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ხვალ მეინ-რაუნდში დაიწყებს ასპარეზობას
13.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობა დღეს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.


„მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზას ვიწყებთ, რაც თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად საჭიროა, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან. როგორც ყოველთვის, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კოსოვოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და უნდა ვეცადოთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით, პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც აღნიშნულ თამაშებზე, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღავთაძე დააკლდება.


თამაშამდე ერთი დღით ადრე, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ტრადიციულად 15 წუთი გახსნილი მედიისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ფეხბურთელის კომენტარის ჩაწერაც მოსახერხებელი იყო.


„მზადების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. გუნდში კარგი გარემო და განწყობაა. კოსოვოსთან ადრეც გვითამაშია, ვიცნობთ მეტოქის ძლიერ მხარეებს და ვიცით, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს საბა ტყეშელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები მე-10 ჯგუფში იტალიისა და კოსოვოს ნაკრებებთან შეეცდება მომდევნი ეტაპზე გასვლას. შესაბამისად, ხვალ კოსოვოს ნაკრებთან დაპირისპირებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.


„კოსოვოსთან მატჩის დასრულებისთანავე იტალიასთან შეხვედრაზე გადავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა კონცენტრირებული. მომზადების პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. უკვე ხუთი დღეა, ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და, რასაც ვხედავ, ბიჭები ყველა თვალსაზრისით მზად არიან", - ამბობს ასათიანი.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა -  მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლევან სვანიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი („გომელი", ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).


საქართველო-კოსოვოს მატჩი 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია (უფასო).