
როგორც იქნა „კვარამ" ნავსი გატეხა. საფრანგეთის ლიგა 1-ში 2026-2027 წლების სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ვიდრე დღევანდელი დღის დეტალებზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი სათამაშო დღე, სანაკრებო თამაშების დროს მიღებული ტრავმების გამო გამოტოვეს ოთარ კიტეიშვილმა და გიზი მამაგეიშვილმა. მათ გარეშე, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში გრაცის „შტურმაა" გასვლით შეხვედრაში „აუსტრია ვენა" 0-2 დაამარცხა და გათამაშების ცხრილში, 14 ქულით მე-4 ადგილზეა.
ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის საშინაო შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. მისი გუნდი, მე-19 წუთზე ბერალდოს მიერ გატანილი 11-მეტრიანით იგებდა „ლე მანისთან". თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, სტუმრებმა გაათანაბრეს. ლუის ენრიკემ კი, 58-ე და 59-ე წუთებზე, მოედანზე მთავარი ბირთვის ოთხი მოთამაშე შემოუშვა - ხვიჩა, 59-ე წუთზე. ამის შემდეგ, ქართველს ზუსტად ორი წუთი დასჭირდა რომ გოლი გაეტანა. შესაძლოა ეს არ იყო, იმ სილამაზის გოლებიდან ერთ-ერთი, რომელსაც „კვარამ" მიგვაჩვია, მაგრამ მთავარია, რომ გაიტანა და თან საკუთარი გუნდი დააწინაურა - ფაბიან რუისის დარტყმულის შემდეგ, მეკარისგან მოგერიებულ ბურთზე ყველაზე სწრაფად სწორედ ქართველმა მოახდინა რეაგირება და პსჟ დააწინაურა, 2-1. საბოლოოდ კი, ქართველის გუნდმა გაიმარჯვა და ახლა სატურნირო ცხრილში 11 ქულით უჩვეულოდ, მე-6 ადგილზეა.
რადგან საფრანგეთზე ვლაპარაკობთ ვთქვათ, რომ ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" ლიგა 2-ის მე-8 ტურში „როდეზს" საშინაო შეხვედრაში დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა. მასპინძელთა შემადგენლობაში განაცხადში არ იყო ზურიკო დავითაშვილი, თუმცა, მატჩის შემდეგ, „სენტ ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა ყველა „დაამშვიდა" და აღნიშნა, რომ ზურიკოს არ ყოფნა ტრავმას არ უკავშირდებოდა. მისი თქმით, ქართველს ვირუსი და მაღალი სიცხე ჰქონდა - კონსულტაციის შემდეგ, მისი დასვენება და რისკზე არწასვლა ყველაზე გონივრული ნაბიჯი იყოო, აღნიშნა მან. სატურნირო ცხრილში კი, დავითაშვილის „სენტ ეტიენი" 19 ქულით პირველ ადგილზეა.
ესპანურ ლა ლიგაში ქართველების გუნდებმა სამ ლოკაციაზე ითამაშეს. თუმცა, დღე მადრიდში „რაიო ვალეკანოსა" და ბილბაოს „ატლეტიკის" ჩაშლილი მატჩით დაიწყო. ესპანური მედიის ცნობით, თამაში მე-13 წუთზე გულშემატკივართა პროტესტის გამო შეჩერდა და საბოლოოდ, ჩაშლილად გამოცხადდა. კლუბის ქომაგები „რაიო ვალეკანოს" პრეზიდენტის, რაულ მარტინ პრესას მენეჯმენტსა და სტადიონის კრიზისს აპროტესტებდნენ - თემა საკმაოდ ღრმა და საინტერესოა და ამიტომ ჩვენ, მას მოგვიანებით, სხვა სტატიებში დავუბრუნდებით. ეს მატჩი კი, ჩაიშალა და ალბათ მასპინძლებსაც ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ. გუნდში მოთამაშე ქართველი გიორგი წიტაიშვილი კი, სათადარიგო შემადგენლობაში იყო მატჩის განაცხადში, ასე რომ პროტესტის დაწყებისას ის, მოედანზე არ იყო.
„ბარსელონამ" საშინაო შეხვედრაში 3-0 დაამარცხა საბა საზონოვის „ხეტაფე", რომელიც განაცხადში სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე, მხოლოდ, 85-ე წუთზე შევიდა. ამ მომენტისთვის „კამპ ნოუზე" ანგარიში უკვე ზემოთ ხსენებული იყო და „ხეტაფესაც" თავის შველა ვერ შეეძლო. თუმცა, ის რომ საბას ამ სტადიონზე დებიუტი შედგა, თუნდაც, 5 წუთით თავისი დამატებული დროით, მაინც სასიამოვნოა. „ხეტაფე" კი, 8 ქულით, ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა.
ჩვენი ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ კი, ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის მეორე გრანდთან, „რეალთან" მადრიდში ითამაშა. სანტიაგო ბერნაბეუზე ეს შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი, 62-ე წუთზე, დიომანდემ გაიტანა. რაც შეეხება ბომბარდირს, ის მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. ამის შემდეგ, მოედანზე საკმაოდ საინტერესო განვითარდა მოვლენები, VAR-მა ვინისიუს ჟუნიორს, „ვილიარეალის" კარში გატანილი გოლი გაუუქმა, შემდეგ კი, მასპინძელმა წითელი ბარათიც დაიმსახურა და „რეალი" 10 ფეხბურთელით დარჩა, თუმცა, სტუმრებმა ეს უპირატესობა და ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს. „ვილიარეალი" 8 ქულით მე-8 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში „ნაპოლი" გორგი კვერნაძის „ფროზინონე" 3-0 დაამარცხა. ქართველი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა, ამჯერად, გოლის გატანა ვერ მოახერხა. ალბათ, ვინ, თუ არა ნეაპოლელებმა, მშვენივრად იციან როგორ შეაჩერონ ქართველი, რომელსაც ახალ „კვარად" მოიხსენიებენ. 6 ტურის შემდეგ, „ფროზინონეს" 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ხვალ, არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გრაფიკი აქვს ქართულ ლეგიონს და ჩვენ, რა თქმა უნდა ქართულ გოლებს კვლავ ველოდებით.
11 ოქტომბერი
17:00 „ლაციო" - „მონცა"
17:30 „კიოლნი" - „გლადბახი"
18:45 „ექსელსიორი" - „გრონინგენი"
19:30 „ლივერპული" - „მანჩესტერ სიტი"
21:00 ცსკა 1948 სოფია - ცსკა სოფია
23:00 „სანტანდერი" - „ვალენსია"
12 ოქტომბერი
22:45 „ტორინო" - „უდინეზე"
22:45 „დიჟონი" - „მეცი"
23:00 „ლევანტე" - „სევილია"





ჩვენ







