ბოლო დღე უმედლო, თუმცა, ინდივიდუალურში 4 მედლით ვბრუნდებით
ბოლო დღე უმედლო, თუმცა, ინდივიდუალურში 4 მედლით ვბრუნდებით
10.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღე, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართული გუნდისთვის ადრე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებში წონა, +100 კგ გაორებული გვქონდა, გურამ თუშიშვილი 1/8 ფინალიდან, ირაკლი დემეტრაშვილი კი, 1/16 ფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას.


ირაკლიმ მეორე წრიდან დაიწყო და უზბეკ მუზაფარბეკ ტურობაევს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ქართველს ქულის დასაფიქსირებლად ცოტა აკლდებოდა, დამატებით დროში კი, უზბეკმა გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.


„თუშამ", რომელსაც ქართულ მედიაში გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, მცირე ტრავმა ჰქონდა პირველი წრიდან დაიწყო და თავდაპირველად მონღოლი იუკოებით დაამარცხა. ანალოგიურად სძლია გვინეელ სპორტსმენსაც, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში, რუსეთის წარმომადგენელთან ვალერი ენდოვიცკისთან ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.




საწყისს ეტაპზე შეწყვიტა ასპარეზობა გოგონათა შორის ჩვენმა სოფო სომხიშვილმაც (+78 კგ). სოფომ მეორე წრიდან დაიწყო და რუსეთის წარმომადგენელთან, მარია ივანოვასთან დამარცხდა.  


ინდივიდუალურ ასპარეზობში, ქართული გუნდის ანგარიშზე, ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე), ერთი ვერცხლის (ეთერ ლიპარტელიანი) და ერთიც ბრინჯაოს (გიორგი სარდალაშილი) მედალია. აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ ამავე დარბაზში გუნდური პირველობა იწყება, სადაც საქართველოს შერეული გუნდი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს და საწყისს ეტაპზე ჩვენები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


დღეს კი, ფინალურ ბლოკში და უფრო მეტიც ფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური გავიდა.


ფინალურ ბლოკამდე, Milli Gimnastika Arenası-ში ფან-ზონაში, გულშემატკივარს შეხვდა, ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაურიგა მსოფლიოს ახალმა და მოქმედმა ჩემპიონმა ილია სულამანიძემ. ასეთი შეხვედრები, ფან-ზონაში, მთელი ტურნირის მანძილზე მიმდინარეობდა და დღეს ილიას ჯერიც დადგა.


სპეციალურად ბაქოდან

#ბაქო2026 #ჯუდო #bakujudo2026 ნაკლების ჩვენება