ვიდრე Milli Gimnastika Arenası-ზე მივალ...
ვიდრე Milli Gimnastika Arenası-ზე მივალ...
06.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბაქოში ჯუდოში, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საასპარეზო დღეა. დაახლოებით 30 წუთში, 10:00 საათიდან ჩვენი გუნდის სამი წარმომადგენელი მედლებისთვის დაიწყებს ბრძოლას. -73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო -57 კგ-ში ორი სპორტსმენი გვეყოლება - ნინო ლოლაძე და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ტურნირზე ფავორიტებს შორის არის და ჩვენი ჯუდოკაც მზად არის დაიცვას ტიტული.


სხვათა შორის თბილისიდან ბაქოსკენ, მატარებლით, ეთოს მამასთან ერთად ვიმგზავრეთ. ასე, რომ ჩვენი სპორტსმენების ქომაგების რიგებში დღეს კიდევ რამდენიმ ადამიანით მეტი იქნება.


ბაქოში წვიმს და საკმაოდ მოღუშული ამინდია. მე კი, შევეცდები დროულად დავბინავდე სასტუმროში, რომლის წინაც რამდენიმე დღის წინ, ფორმულა 1-ის რბოლა, „აზერბაიჯანის გრან-პრი" გაიმართა. სხვათა შორის, ამჯერად, რბოლა კვირის ნაცვლად შაბათს გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ კვირა დღეს, როდესაც ტრადიციულად იმართება რბოლები,  27 სექტემბერს, ხსოვნის დღეს ემთხვეოდა, შეჯიბრი ერთი დღით ადრე, 26 სექტემბერს გაიმართა და ის, Mercedes-ის პილოტმა, ჯორჯ რასელმა მიიგო.  


ზოგადად, ბაქოს ქუჩების ავტოდრომი (Baku City Circuit) ფორმულა 1-ის კალენდრის ნაწილია 2016 წლიდან.  აქ პირველ შეჯიბრი ევროპის გრან-პრის სახელით ჩატარდა. მას შემდეგ რბოლები დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს კოვიდ პანდემიის დროს აქ რბოლა გაუქმდა.


და რადგან რბოლებზე ასე თუ ისე მოგიყევით და ჩემი სასტუმროში დაბინავების დროც მოახლოვდა, ვეცდები ეს პატარა „დაბრკოლება" დროულად გადავლახო და ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზეც (Milli Gimnastika Arenası) დროულად მივიდე, რათა ჩენების იპონები არ გამომეპაროს.


აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელიც თბილისდან ბაქოში საკმაოდ კომფორტული მატარებლით გამომგზავრებაში დამეხმარა. 


სპეციალურად ბაქოდან