
დღეს ბელფასტში, „უინძორ პარკზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ, 0-0 (იხილეთ მატჩის ტექსტიური ჩანაწერი) ითამაშა. წინა თამაშებისგან განსხვავებით, დღეს რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში, რამდენიმე ცვლილება გააკეთა - ძირითად თერთმეტეულში ზუკა დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ანრი მექვაბიშვილი, გიზი მამაგეიშვილი და საბა საზონოვი მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს გიზის სადებიუტო თამაში იყო, ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში. საზონოვმა კი, მოედანზე 90 წუთი გაატარა.
უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფის დაუმარცხებელი გუნდი (ერთ დროს სხვა ლიგაში, ჩვენ ვიყავით ასეთები) ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები, საკუთარ კედლებში უფრო დამაჯერებელი და შეთამაშებული გამოიყურებოდა ვიდრე ეს, რამდენიმე დღის წინ თბილისში იყო. მაიკლ ო'ნილის გაწვრთნილმა ნაკრებმა მოახერხა თითქმის მთელი თამაში, თუ არ ჩავთვლით ბოლო 20 წუთს ბურთის გაკონტროლება, ქართველთა კარის შეტევის 14 მცდელობა ჰქონდა და აქედან ხუთჯერ ბურთი კარის ჩარჩოში გაუშვა. ზოგადად, ამ შეხვედრაში, ისევე, როგორც მთლიანად ამ შესარჩევ ციკლში გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ნაკრებში გამორჩეული იყო. სტაბილური თამაში ჩაატარა, ჩვენი ნაკრების დაცვამაც.
აი, შეტევაში კი, ჩვენმა ნაკრებმა ყინული ჯერ ვერ დაძრა - მეოთხე თამაშია, ფეხბურთელებს, რომლებიც საკლუბო დონეზე, გოლებით გვანებივრებენ, ვერა და ვერ ახერხებენ გოლის გატანას. კარის ჩარჩოში, ჩვენების შვიდი მცდელობიდან ბურთი მხოლოდ ორჯერ წავიდა, აქედან ერთი პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე როდესაც ზურიკო დავითაშვილი შეეცადა გოლის გატანას და მეორე თამაშის ბოლოსკენ, 72-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის მცდელობისას, ბურთს მცველი შეეხო და მეკარეს, მისი დაჭერა არ გასჭირვებია.
ამ შეხვედრაში იყო ერთი სანერვიულო მომენტი, როდესაც 83-ე წუთზე VAR-მა დარღვევა დაინახა, ნოდარ ლომინაძეზე დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა. საბედნიეროდ, „მამარდამ" მოიგერია და ამ შეხვედრაში, კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ცუდია ის, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში გოლები გააქვთ და აქ, კი ოთხი თამაშია „ნავსი" ვერ გავტეხეთ. უეფა-ს ერთა ლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში, ალბათ, რამაზ სვანაძის გუნდის მთავარი დილემაც ეს იქნება.
„ჩემი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და ამ მიზნისთვის ყველაფერი შესრულდება. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად, ყველაფერი დალაგდება. გვექნება სირთულეები, რა თქმა უნდა ახლაც გვაქვს. თუმცა, მიზანი არანაირად შეიცვლება. არ შეიცვლება ერთი რამის გამო - ჩვენ, მხოლოდ ერთა ლიგაზე არ ვართ დამოკიდებულები. გვაქვს ასევე, კლასიკური შესარჩევი. ამ ერთა ლიგაზე და ნებისმიერ შემდეგ თამაშში ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება და რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავება იქნება. ერთი მთლიანი მიზანი კი, რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ამისთვის გავაკეთებთ და ვაკეთებთ ბევრს, რომ ჩვენი ქვეყნისა და გულშემატკივრის წინაშე სულ სხვა სახით წარვდგეთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ რამაზ სვანაძე, რომელიც „კლასიკურ" შესარჩევზე, ქართველ გულშემატკივარს, სხვა გუნდით თამაშს აპირებს. რა თქმა უნდა სხვა გუნდში, შეიძლება იყოს ახალი სახეებიც, თუმცა, „სვანა" მენტალურად სხვა გუნდს გულისხმობს.
უეფა-ე ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ქულით ბოლო ადგილზეა. თუმცა, დარჩენილია ორი თამაში და ნოემბრის ფანჯარა, რომელსაც პირადად ჩვენი გვერდი გარკვეულ იმედებს უკავშირებს.
ფოტო: (C) UEFA





ჩვენ







