ხვალიდან ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ხვალიდან ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
03.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ ბაქოში სტარტს აიღებს ჯუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებიც სრული შემადგენლობით ბაქოში დღეს, 3 ოქტომბერს შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, მეზობელ აზერბაიჯანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი - 4 ქალი და 9 კაცი სპორტსმენი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ჩვენი გუნდი 3 წონაში (-90 კგ, +100 კგ, -57კგ) „გაორებული" შემადგენლობით იასპარეზებს.


კაცები:

-60 კგ გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

გოგონები:

-57 კგ ეთერი ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-70 კგ ნინო გულბანი

+78 კგ სოფიო სომხიშვილი


მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად მედლები ორი წონით კატეგორიაში  (7 კაცი, 7 ქალი) გათამაშდება. აი, ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი კი, 11 ოქტომბერს შერეული გუნდური ჩემპიონატით დასრულდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი საქართველოს გუნდია. ასე, რომ ჩვენებს ტიტული  აქვთ დასაცავი.


რადგან სიტყვა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები მოიტანა, გეტყვით, რომ ბაქოში ასეთი ერთი, ეთერ ლიპარტელიანი გვეყოლება. ეთო, 6 ოქტომბერს იასპარეზებს და ამ დღეს, ჩვენი გვერდი უკვე ბაქოში იქნება და უშუალოდ დარბაზიდან შეეცდება ამბები მოგიყვეთ.


მანამდე კი, მოკლე ისტორიული ვიოაჟი, რომელიც ჯუდოს ქართულმა ფედერაციამ შემოგვთავაზა და გამომდინარე იქიდან რომ ამ სტატიის წერა, უნგრეთიდან მომავალს, სტამბოლოს „საბიჰა გიოგჩენის" აეროპორტში მიწევს, ჩემს კოლეგებს ქართული ფედერაციიდან დავესესხები მცირე და გამზადებულ ინფორმაციას  - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 12 ქართველ ძიუდოისტს აქვს მოგებული. მათ ანგარიშზე ჯამში 15 ოქროს მედალია. აქედან 4 ოქროს მედალი საბჭოთა კავშირის დროს ავიღეთ. დამოუკიდებლობამდე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა სამმა ქართველმა შეძლო - თემურ ხუბულური (1979, 1981), ამირან ტოტიკაშვილი (1989), კობა კურტანიძე (1989).


დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 11-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიგო - ირაკლი ცირეკიძე (2007), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014), გურამ თუშიშვილი (2018), ლუხუმ ჩხვიმიანი (2019), ლაშა შავდათუაშვილი (2021), ტატო გრიგალაშვილი (2022, 2023, 2024), ლუკა მაისურაძე (2023), გიორგი სარდალაშვილი (2024) და ეთერ ლიპარტელიანი (2025). მათ შორის 6 ხვალიდან ბაქოში დაიწყებს ასპარეზობას. 


ზოგადად, გუნდურ შეჯიბრში საქართველო 4-გზის გამარჯვებულია. სამჯერ ვაჟთა შორის გავხდით ჩემპიონები (2006, 2008, 2013), ხოლო ერთხელ შერეულ გუნდურში. ამ ისტორიულ შედეგს 2025 წელს ბუდაპეშტში მივაღწიეთ, როდესაც ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდი იმ საფეხბურთო სტადიონის გვერდით მდებარე დარბაზში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც დღეს დილით, აეროპორტში მიმავალმა ჩავუარე და რა თქმა უნდა, სურვილი ჩავუთქვი - გაგვემეორებინოსთქო.  


მანამდე კი, ხვალ, 4 ოქტომბერს, ბაქოში, უკვე პირველი მედლები გათამაშდება. ხვალინდელ დღემდე, ჯამში საქართველოს ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატის 19 ოქროს მედალია. ხვალ კი, ტატამზე 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი.