
უნგრეთის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაშია და მარათონული „ესტაფეტის ანკორში" რთული, მაგრამ არც თუ მიუღწევადი მისიის წინაშე დგას. სხვათა შორის, რეალობას მოწყვეტილი არც მასპინძელი, ჩრდ. ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელო გუნდია, რადგან მათაც მშვენივრად იცია, რომ რამდენი დღის წინ, თბილისში მოგება უბრალოდ „გაუვარდათ". ამას კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის ცვლილება და იმედი გვაქვს დროებითი არეულობა მოჰყვა. სწორედ, ამაზე ილაპარაკა დღეს ბელფასტში, „უინძორ პარკზე" (Clearer Twist National Stadium) საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.
„განწყობა გუნდში ნორმალურია. არ ვართ იდეალურ სიტუაციაში, თუმცა, ასეთი მომენტი დგება ნებისმიერი ადამიანის, ფეხბურთელის, ნაკრების ცხოვრებაში. არასდროსაა გამორიცხული რთული სიტუაციები, რთული მომენტები. როდესაც ამ ყველაფერს დაემატა სამწვრთნელო სტაფის ცვლილება, ერთმანეთთან შეგუების დრო, ეს მომენტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და ჩვენ, ახლა რეალურად საწყის ეტაპზე ვართ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ იდეალური სიტუაციაა, თუმცა, იგრძნობა უკვე ის ჟინი, ის გარემო, განწყობა, რაც აუცილებლია თამაშის მოგებისთვის. ისევ გავიმეორებ, რომ ყველანაირად ვეცდები ჩვენი სახეები იყოს ისეთი გახარებული, რა თქმა უნდა, როგორიც გვინდა, რომ ყველას გვქონდეს", - ამბობს სვანაძე.
თუ არ ჩავთვლით, უნგრეთში გამართულ თამაშს, სადაც „პუშკაშ არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა მინიმუმ ბოლო 10 წლის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით ოთარ კიტეიშვილის ტრავმას, სხვა მხრივ, საქართველოს ნაკრების თავკაცს მიაჩნია, რომ, გუნდში სიტუაცია ნორმალურია.
„ამ ეტაპზე სიტუაცია ნორმალურია. მეოთხე თამაშა და იცვლება დაღლილობის ფონიც, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ ამ მხრივ გამონაკლის არ ვართ. ხვალ კიდევ ერთი დღე გვაქვს წინ იმისთვის, რომ შეფასდეს სასტარტო შემადგენლობა, შეფასდეს ამა თუ იმ ფეხბურთელის მიკრო ფუნქციური მდგომარეობა და სასტარტო შემადგენლობა, თამაშის წინ იყოს ოპტიმალურად მზად, თამაშის დაწყების წინ", -ამბობს სვანაძე.
სხვათა შორის „მარათონულ გრაფიკზე" თავიდან უფრო მოკრძალებულად, თუმცა, მეოთხე თამაშის წინ ლაპარაკობს უეფა-ს ერთა ლიგაში მონაწილე ყველა ნაკრების მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ორი დღის წინ, მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ არ ესმის, რა საჭირო იყო მსგავსი გრაფიკი ახლა, როცა, ამის გაკეთება კოვიდ პანდემიის აუცილებლობით არ იყო გამოწვეული, როგორც ოთხი წლის წინ. ამ გრაფის შეეხო დღეს, „უინძორ პარკზე" ლაშა დვალი, რომელიც რამაზ სვანაძეს ახლდა წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე.
„11 დღეში ამდენი თამაში არ არის ადვილი, თუმცა, თავს ვგრძნობ ფიზიკურად კარგად, ჩვენი სამედიცინო შტაბიც გვეხმარება ამაში. ფიზიკურად, ნამდვილად მზად ვართ, ხვალინდელი თამაშისთვის", - ამბობს დვალი, რომელმაც განვლილი 3 მატჩი სტაბილურად ჩაატარა.
ვიდრე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები „უინძორ პარკზე" ბუდაპეშტთან შედარებით განახევრებული შემადგენლობით (ჩვენც მოგვიწია საქართველოში დაბრუნება ფინანსური სიდუხჭირის გამო - სარედაქციო შენიშვნა) ჩასული მედიის კითხვებს უპასუხებდა, მომავალ თამაშთან დაკავშრებით, ჩრდ. ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ. ონილმა ადგილობრივი და ქართული მედიის წარმომადგენლობის კითხვებსაც უპასუხა. პირველ რიგში, მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მცველებმა, ბროდი სპენსერმა და ტომ ატჩესონმა კვირას გამართული ვარჯიში გამოტოვეს, თუმცა, ეს მხოლოდ „სიფრთხილის გამო" იყოო, აი გუნდს კი, გუნდს უბრუნდებიან იტან გალბრეიტი და ქალუმ მარშალიო.
„ვილი სანიოლის წასვლისა და მთავარ მწვრთნელად 21-წლამდელთა დამრიგებლის, რამაზ სვანაძის დანიშვნის შემდეგ, დეტალურად შევისწავლეთ საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშები. შიდა როტაცია ლოგიკური იყო, რადგან ახალი მწვრთნელი ბევრ ფეხბურთელს ასაკობრივი ნაკრებიდან კარგად იცნობს და ჩრდილოირლანდიელები მზად არიან ქართველთა ნებისმიერი ტაქტიკური სიურპრიზისთვის", - ამბობს ო'ნილი. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ მისმა ასისტენტებმა საქართველოს 21-წლამდეთა 2023 და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატების დროინდელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებსაც ბევრს უყურეს.
ო'ნილის პრესკონფერენციიდან გამომდინარე, მასპინძლები უკრაინასთან დიდი გამარჯვების შემდეგ, ეიფორიაში არ არიან და საქართველოს ნაკრებთან მატჩსაც, მწვრთნელის სიტყვებით „გზაზე მორიგ სერიოზულ გამოცდად" განიხილავენ. ალბათ, უკვე ჩატარებული სამი შეხვედრიდან გამომდინარე, უფრო სერიოზული გამოცდის წინაშე დგას ჩვენი ნაკრები, ვინაიდან გუნდში, სადაც არიან ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში მონაწილე ფეხბურთელები, თან ისეთები, გოლების გაყვანა რომ უყვართ, თან მიმდინარე საკლუბო სეზონში, უკვე გოლებიც დაუგროვდათ და საგოლე გადაცემებიც, ნაკრებში, სამი თამაში ისე დასრულდა რომ გოლი ვერ გავიტანეთ!
„მესმის რომ მშრალია... ფაქტია, სამი თამაშია გოლი არ გაგვიტანია, თუმცა, თქვენ თუ იცით ნაკრები, რომელსაც არ აქვს რთული პერიოდი რაღაც ეტაპზე? უბრალოდ, არ უნდა მოხდეს, ამის ისე დრამატიზირება და ისე მიღება, რომ ამ ყველაფრით ფეხბურთი მთავრდება. ეს განწყობა, სამწუხაროდ, იგრძნობა და შესაძლოა, რაღაც მომენტში ფეხბურთელებისთვის უფრო დამთრგუნველი იყოს. ამ ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც საქართველოს მოუტანეს ყველაზე დიდი რაღაც (ლაპარაკია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე - სარედაქციო შენიშვნა). პლუს, არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ახალგაზრდული ნაკრების დონეზე მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, ის რაც არასდროს ჰქონია. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, თუმცა, როდესაც ამ ყველაფრის დრამატიზირებას ვცდილობთ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს რომ ისევ ის ბიჭები არიან, რომლებსაც აქვთ რთული პერიოდი და რომლებიც აუცილებლად ამოვლენ ამ რთული პერიოდიდან. ერთად ამოვლენ, გულშემატკივართან ერთად. ის მშრალი სერიაც, რაც ახლა გვაქვს, უკავშირდება ამ რთულ პერიოდს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე, სხვანაირად დასრულდება. ვუყურებთ რა შრომას გადიან ბიჭები, ამიტომ არ არსებობს, რომ ამ ყველაფერმა შედეგი არ მოიტანოს", - ამბობს სვანაძე.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე სათამაშო დღეს, „უინძორ პარკზე" ჩრდ. ირლანდიის ნაკრების საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ამინდის პროგნოზით, ჩღდ. ირლანდიაში „უინძორ პარკის" მიდამოებში მოღრუბლულობა და მსუბუქი წვიმაა გამოცხადებული, ფეხბურთის ქართველი მოყვარულები ველით, რომ ტრადიციული ბრიტანული ამინდი მოედანზე ქართული გოლების წვიმითაც შეაწუხებს „უინძორ პარკზე" მისულ გულშემატკივარს.





ჩვენ







