საქართველოს ეროვნული ნაკრების „მშრალი“ სერია გრძელდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების „მშრალი“ სერია გრძელდება
03.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე" ზღაპრული გარემო, თუმცა, არა ისეთი ჟრუანტელამდე მკაცრი, როგორშიც საქართველოს ნაკრებს ერთი წლის წინ თურქულ ქოჯაელში მოუხდათ თამაში, არ შეიძლებოდა, რომ მასპინძელი გუნდის განწყობაზე არ ასახულიყო. თამაშის დაწყებიდან პირველ ათ წუთში, მე-3  და მე-9 წუთებზე გიორგი მამარდაშვილის „სეივებმა" სწრაფი გოლისგან გვიხსნა. შესაძლოა მეტოქის, უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთი დავალება, სწორედ საქართველოს კარში გატანილი სწრაფი გოლი იყო. სხვათა შორის თამაშამდე, ამ თემას რამაზ სვანაძეც შეეხო - თუმცა, თუ ჩვენ გავიტანდით სწრაფ გოლს, ტრიბუნების წნეხი მასპინძლებს მხრებზე დააწვებათო.


რეალურად პირველი ტაიმიდან რაც დაგამახსოვრდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას კარში დარტყმის მცდელობა იყო, რომელსაც ორი მცველი თავგანწირვით გადაეღობა და კიდევ იყო ერთ, გიორგი მიქაუტაძის მომენტი, რომელსაც უნგრელები საკმაოდ ხისტად ეთამაშებოდნენ. ისიც, თამაშის დაწყებიდან, დაახლოებით 25-27 წუთის შემდეგ. უნგრეთმა ბურთიც დაიჭირა და მთლიანად თავის თამაშში ჩაგვრთო, სადაც მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენიაზე გაჟღერებულ გეგმას - ხვიჩა კვარაცხელიამდე იმ ფეხბურთელებისთვის შეეზღუდათ სივრცეები, ვინც „კვარას" ბურთებით მოამარაგებდა.


რეალურად მეორე ტაიმის დასკვნით ნაწილს თუ არ ჩათვლით, როდესაც რამაზ სვანაძემ ცვლილებები ამოწურა (სხვათა შორის ოთარ კიტეიშვილის შეცვლა, მეორე ტაიმის სტარტებზე, პირადად ჩვენ დაუგეგმავად მოგვეჩვენა), თამაში ყველაფერი ისე გრძელდებოდა, როგორც დაიწყო. 59-ე წუთზე, „მამარდამ" მორიგი სეივი ჩაიწერა და დღეს, ჩვენს კარის მცველს, კარგი თამაშიც ჰქონდა. 63-ე წუთზე კიდევ გადავრჩით, აი, 79-ზე კი, ბუდუს დარტყმული, ოდნავ ხარიხასაც კი გაედო. ეს იყო და ეს, რაც ამ თამაშიდან დაგვამახსოვრდა და კიდევ გოლი, რომელიც მასპინძლებმა, ჩვენი შეცდომის შედეგად გაიტანეს და მშრალი სერიაც შეწყვიტეს, განსხვავებით ჩვენგან.


უეფა-ს ერთა ლიგის მესამე კალენდარული დღე, ქართველთა ნაკრების მარცხით, 1-0  (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დასრულდა. მომდევო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ოქტომბერს, კვლავ გასვლაზე, ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ბუდაპეშტიდან ჩვენი გუნდი 3 ოქტომბერს, 15:00 საათისთვის ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩარტერული რეისით გადაფრინდება. გულშემატკივრებთან და მედიის ერთ ნაწილთან ერთად. ჩვენ კი, თბილისში დავბრუნდებით, საფეხბურთო ბატალიებს კი, ბაქოდან მივადევნებთ თვალს, სადაც ჯუდოში, მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქება მოგვიწევს.


სპეციალურად ბუდაპეშტიდან