ბათუმში მიმდინარე ISU-ს ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, წარმატებით აგრძელებენ ასპარეზობას ქართველი მოციგურავეები. „თრიალეთის თასის" მეორე საასპარეზო დღეს ყინულზე პირველი სპორტული წყვილები გამოვიდნენ. აქ კი, ჩვენი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წარსდგენენ მოკლე პროგრამით. მაიკლ სმორავსკის კომპოზიციაზე შექმნილ პროგრამაში ქართულმა წყვილმა 80.01 (43.51 /36.50) ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამამდე პირველი ადგილი დაიკავა და უშუალო მდევარს, ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე რუსულ წყვილს 6 ქულით გაუსწრო.
ამის შემდეგ, კი ბათუმის ყინულის სასახლეში, „თრიალეთის თასის" 2027 წლის ტურნირზე მედლების პირველი ორი კომპლექტი გათამაშდა. თავდაპირველად ასპარეზი სპორტულ ცეკვებში მოასპარეზეებს დაეთმოთ. აქ, პირველი საშეჯიბრო დღის, რიტმული ცეკვების შემდეგ, ჩენი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ლიდერობდნენ. თავისუფალ პროგრამაში, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 123.44 (68.04 /55.40) ქულა დაიმსახურეს, ამავე ტურნირზე ერთი წლის წინ დაფიქსირებული შედეგი 0.40-ით გააუმჯობესეს, ხოლო, Kinoshita Group Cup-ზე ნაჩვენებს შედეგზე, სადაც დღევანდელი პროგრამა ოფიციალურად პირველად წარადგინეს, ბევრად აჯობეს. რიტმული ცეკვების მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილით დაასრულეს ასპარეზობა, საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში 208.67 ქულით პირადი რეკორდიც გააუმჯობესეს და „თრიალეთის თასი" მოიგეს.
დღევანდელ დღეს, მედლების კომპლექტი გათამაშდა ბიჭებიც, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ, ჩვენი, ნიკა ეგაძე ლიდერობდა. ნიკამ, თავისუფალ პროგრამაში 168.85 (86.59/83.26) ქულა დაიმსახურა, რაც დღეს საუკეთესო შედეგი გამოდგა და აქაც, ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამის მსგავსად პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამშიც, 262.65 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეორედ „თრიალეთის თასის" გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, მედლები სპორტულ წყვილებში და ქალებში გაიმართება. თავისუფალი პროგრამით, სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ხოლო ერთეულ ქალებში, ერთდროულად ჩვენი ორი წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა და ინგა გურგენიძე იბრძოლებენ.





ჩვენ







