„თრიალეთის თასზე“ ქართველებმა სამ დისციპლინაში დაიწყეს ასპარეზობა
„თრიალეთის თასზე“ ქართველებმა სამ დისციპლინაში დაიწყეს ასპარეზობა
02.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი პროგრამები, ახალი კოსტიუმები და ახალი იმედები, საქართველოში მეორედ და ბათუმში პირველად დღეს სტარტი აიტო ISU-ს ჩელენჯერის ეტაპმა, „თრიალეთის თასი - 2026" ფიგურულ ციგურაობაში. საქართველო აღნიშნულ ტურნირზე ოთხივე დისციპლინაში არის წარმოდგენილი, აქედან გოგონებში ორი სპორტსმენით ვმონაწილეობთ.


პირველ საასპარეზო დღეს კი, მოკლე პროგრამებით ქალებმა, ბიჭებმა და სპორტული ცეკვებმა იასპარეზეს. მოკლე პროგრამის შემდეგ, ჩვენი გუნდის პირველმა ნომერმა ერთეულ ქალთა შორის, ანასტასია გუბანოვამ 70.69 (37.51 /33.18) ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. პირველი კი, მოკლე პროგრამის შემდეგ, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესტონელი ნიინა პეტროკინაა 74.69 (41.70/ 32.99). ქალებში, ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენელმა ინგა გურგენიძემ კი, 63.66 (36.12 /27.54) ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამის წინ, მე-5 ადგილზეა.


ერთეულ კაცებში იასპარეზა ნიკა ეგაძემ. თორმეტ მონაწილეს შორის ქართველმა 93.80 (52.30 / 41.50) ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მოკლე პროგრამის შემდეგ, თითქმის მთელი 6 ქულით უსწრებს ტრადიციულ მეტოქეს, ესტონელ მიხაილ სელევკოს.


პირველი ადგილით დაასრულეს ასპარეზობა რიტმულ ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, რომლებმაც 85.23 (48.99/36.24) ქულა დაიმსახურეს და თითქმის მთელი 14 ქულით უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე წყვილს.


თრიალეთის თასზე ხვალ მეორე საშეჯიბრო დღეა და მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება - კაცებში და სპორტულ ცეკვებში. ხვალვე, ასპარეზობას სპორტული წყვილები დაიწყებენ. შესაბამისად ყინულზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დაიწყებენ წლის პირველი მედლებისთვის ბრძოლას.