
ურთულესი გრაფიკი, ათ დღეში ოთხი თამაში და როდესაც ამ დროში მთავარი მწვრთნელი იცვლება, ალბათ, საკმაოდ დიდ წნეხთან ასოცირდება. თუმცა, დღეს, როდესაც „დინამო არენაზე" დასრულებული პრეს-კონფერენციის შემდეგ, ჩვენთვის კუთვნილ 15 წუთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დავაკვირდით, მსგავსი დაძაბულობა ვერ შევნიშნე. ალბათ, ამის მიზეზი ის გარემოებაც არის, რაზეც თავად „სვანამ" ილაპარაკა ვარჯიშამდე რამდენიმე წუთით ადრე და რის შესახებაც ჩემი კოლეგის, მარიამის სტატიიდან უკვე გაიგეთ - ხშირად მქონდა შანსი ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი, მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყოო, თქვა სვანაძემ. ამას იმ გარემოებასაც თუ დავუმატებთ, რომ დღევანდელი ეროვნული ნაკრების უმეტესობას ის ფეხბურთელები შეადგენენ, რომლებმაც 2023 და 2025 წლების ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები გამოიარეს, ზაურ სვანაძეს და ბიჭებს ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეთ.
მაგალითად, „სვანამ" მშვენივრად იცის, სად და როდის გამოიყენოს მაგალითად ირაკლი იეღოიანი, რომელიც ეროვნული ნაკრების მთვარ მწვრთნელს, რამდენიმე თვის წინ, 21-წლამდეთა მნიშნელოვან თამაშებზე უბრალოდ დააკლდა.

„ირაკლი იეღოიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, შეიძლება არ იყოს სასტარტოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. დანარჩენი თამაშის დღეს გამოჩნდება", - აღნიშნა პრეს-კონფერენციაზე რამაზ სვანაძემ, რომელმაც რა თქმა უნდა მედიასთან წინა სამატჩო შეხვედრისას თავი შეიკავა, ტაქტიკაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ „გვექნება სწორი რეაქცია და ემოცია იმაზე, თუ რაც მოხდა ბოლო ორი დღის განმავლობაში"-ო.
„მინდა გულშემატკივარს მივმართო, არაერთხელ გვიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი თუ რა ძნელია ქართველისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, იგივე სიტუაცია არ არის უცხოელი მწვრთნელისთვის. ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს როდესაც ის ერთიანია. 11 წელია ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მე ამით ამაყი ვარ, თუმცა ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა, ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ. ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც რაღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთად ყოფნის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავიხარებთ, ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დროს",- ამბობს სვანაძე, რომელმაც სამწვრთნელო შტაბში, ორი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე, სწორედ ახალგაზრდული ნაკრებიდან დააწინაურა.
გუნდთან ერთად, დღეს საბა ლობჟანიძემაც ივარჯიშა, თუმცა, ისევე როგორც გურამ კაშიამ, რომელიც რა თქმა უნდა სანაკრებო ფეხბურთს არ დაუბრუნდება, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ჭორიც კი, არსად თქმულა. უბრალოდ, როგორც ჩანს, პირველ თამაშში უხერხული მარცხის შემდეგ, გუნდის ხასიათზე მოყვანაში ყოფილი კაპიტანი უფრო აქტიურად ჩაერთო. რაც შეეხება მოქმედ კაპიტანს, მასზე და „ოქროს ბურთზე" რამაზ სვანაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

„ოქროს ბურთი უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ და მინდა, ეს ვუსურვო. მინდა, რომ ხვალ წარმატება ვუსურვო არა მარტო ხვიჩას, არამედ ყველას", - ამბობს სვანაძე.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 11 წელია ქართველი მწვრთნელი არ ჰყოლია. 11 თამაშიდან, საქართველოს ნაკრებს არც ერთხელ უკრაინისთვის არ მოუგია. რამაზ სვანაძის განკარგულებაში ხვალ, იქნება 11 მოთამაშე (სასტარტოში), რომლებთან მუშაობის გამოცდილება ქართველ მწვრთნელს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა და შესაბამისად, მათ შესასწავლად დრო არ დასჭირდება, თუმცა, ფიქრი, ვისზე გააკეთოს არჩევანი მაინც მოუწევს.
ხვალინდელ შეხვედრას კი, აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ჰო, ეს ის მსაჯები არ არიან, რომლებმაც ტრენჩინში, პორტუგალია-საქართველოს 21-წლამდეთა მატჩი იმსაჯეს.







ჩვენ







