
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მეორე ტურში „დინამო არენაზე" უკრაინას უმასპინძლებს. მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს. თუმცა, მანამდე სვანაძე მედიას ოფიციალურად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარადგინა.
ალექსანდრე იაშვილი: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს. პირველი მწვრთნელია ჩვენს ისტორიაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა და შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზეც. ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. მისი წვლილი ამაში ძალიან დიდია. მან ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა საქართველოს ნაკრებში და მომავალში წარმატებას ვუსურვებ.
ყოველთვის დარწმუნებულები ვიყავით, რომ რამაზ სვანაძე ერთ დღეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნებოდა, მან დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი წარმატებით ახალგაზრდულ ნაკრებში, რომ ის ამას იმსახურებს. მან, ორჯერ გაიყვანა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში, ამიტომ, აქ ყოფნა დაიმსახურა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, აქ სამი თამაშისთვის არ არის, 2028 წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი, ყველანი დარწმუნებული ვართ მის წარმატებასა და სიძლიერეში. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რთულ მისიაზე წარმატებით გაიაროს".

რამაზ სვანაძე: „მეც მინდა ვილი სანიოლს მადლობა გადავუხადო. ხშირად მქონდა შანსი ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მადლობა ფედერაციას ნდობისთვის, რომელიც იყო ყოველთვის და არის და დარწმუნებული ვარ, იქნება შემდგომში. რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. რამაზ სვანაძემ აქამდე გაიარა ძალიან რთული გზა, როგორც ასაკობრივი ნაკრებები, ამიტომ, არ მგონია ლოგიკური იყოს კითხვა, მზად არის თუ არა რამაზ სვანაძე ნაკრების მწვრთნელობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება - ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით".
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაახლოებით დღის 13:00 საათზე საზოგადოებისთვის და მათ შორის საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის, სწორედ, რამაზ სვანაძე ჩაანაცვლებდა.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ







