
საკლუბო ცხოვრება გრძელდება ქართველი ხელბურთელებისთვის. ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს. მათ შორის რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც შედგა.
საფრანგეთში, საწყის ორ ტურში წაგების შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ". ქართველი ლეგიონერის კლუბმა „შამბერისთან" გასვლით შეხვედრაში 31-44 გაიმარჯვა. არსენაშვილმა, წინა ტურის მსგავსად, 2 გოლი გაიტანა.
ხორვატიაში, გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები" პრემიერლიგის A ჯგუფის მესამე ტურში „დუგო სელოს" გასვლაზე ეთამაშა და მოლოდინისამებრ იოლადაც გაიმარჯვა 27-34. ხორვატიის ჩემპიონი გუნდის ქართველმა ლეგიონერმა 3 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
რუმინეთის ეროვნულ ლიგაში ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდა" მესამე ტურის გასვლით მატჩში „მინორ ბაია მარეს" დაუზავდა, 25-25. ჩვენი ლეგიონერებიდან კბილაშვილმა 4 გოლი გაიტანა, 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. ორჯონიკიძის მონაგარი კი 1 გოლში, 1 ჩაჭრასა და 1 ბლოკში აისახა.
პოლონეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ" საკუთარ მოედანზე „ენერგა MKS კალიში" მიიღო. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 23-23 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, მასპინძლები 3-4 დამარცხდნენ. მარცხის მიუხედავად, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების მეკარე იყო, რომელმაც 14 ბურთი მოიგერია და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.





ჩვენ







