
დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს 2027 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა, საბერძნეთის წინააღმდეგ და 0-3 (იხილეთ მატჩის ოქმის ჩანაწერი) დამარცხდა. ისევე, როგორც ეს, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში მოხდა. რეალურად ჩვენმა 21-წლამდებმა ზედიზედ მესამედ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ლატვიასთან და ჩრდ. ირლანდიასთან განიავებული ქულების გამო, დღევანდელ შეხვედრამდე ბევრად ადრე დაკარგეს, მათ შორის თეორიული შანსიც. თუმცა, დარჩენილ შეხვედრებში აღებული ქულები, ჩვენი გუნდის რეიტინგს წაადგება და აქედან გამომდინარე „ჩიტი ბდღვნად" ღირს.
სწორედ ეს განწყობა იგრძნობოდა მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ქართული მედიის კითხვებს რამაზ სვანაძემ ჯერ კიდევ 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში გასცა პასუხები. იმ დღეს „სვანამ" აღნიშნა, რომ 21-წლადეთა დარჩენილი სამი თამაში, იყო შანსი „იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც უკვე შემდეგი წლიდან უწევთ ახალგაზრდული ნაკრების დაცვა"-ო.
დღევანდელ თამაშთან დაკავშირებითაც ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბის მოლოდინები გამართლდა და ამის შესახებ, დასრულებული მატჩს შემდეგ, გიორგი ადამიაც ილაპარაკებს, რომლისთვისაც უშუალოდ თამაშს დღეს, გუნდის მთავარი მწვრთნელის სადავეების ხელში აღება, ალბათ, მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ძალიან მძიმედ დავიწყეთ მატჩი. პირველ 10 წუთში გავუშვით ორი გოლი სტანდარტული სიტუაციებიდან და როდესაც გუნდი ასე იწყებს თამაშს, ცოტა რთულია საკუთრ თავში ძლების მოძებნა. თუმცა, იყო პირველი ტამის ბოლოსკენ მონაკვეთი, როცა დავიწყეთ თამაში როგორც გვინდოდა. შევქმენით რამდენიმე მომენტი, უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა, თუმცა, ეს ვითარება ვერ გარდავსახეთ გოლში", - ამბობს თამაშის დასრულების შემდეგ, გიორგი ადამია.

ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში მე-5 წუთზე ნოა ალენის გოლით გაიხსნა. მე-13 წუთზე, თეოფანის ბაკულასიმ, ის ორამდე გაზარდა. თამაშის ასეთი დასაწყისი, ქართული გუნდისთვის მართლაც ცივი შხაპი იყო და ჩვენს, ახალგაზრდებს გარკვეული პერიოდი მართლაც დასჭირდათ, „გონზე" მოსასვლელად. ქართველთა გუნდს, რეალურად კარში დარტყმამდე, ცოტა აკლდებოდა. თუმცა, ბერძნებმა, რომლებიც პირველ რიგში ფიზიკურად ჯაბნიდნენ ქართველთა გუნდს მოახერხეს, ანგარიშთან ერთად თამაშის გაკონტროლებაც.
მეორე ტაიმის საწყისს წუთებზე საქართველოს ნაკრები თითქოს, უკეთესად ათამაშდა, მაგალითად ორჯერ მომენტი ჰქონდა ვახო სალიას, თუმცა, ბოლო მომენტში, რომელსაც მეტოქე მთელი თამაში ხისტად ეთამაშებოდა და აქ, კი დასარტყამ პოზიციაზე იყო, ცოტა დააკლდა. რეალურად ეს უპირატესობა, 65-ე წუთზე სტავროს პნევმონიდისმა ჩააქრო. კიდევ იყო, ორი ხარიხა და რამდენჯერმე პაპუნა ბერუაშვილის ყურადღებით თამაშიც. სხვა შემთხვევაში, ანგარიში, ზემოთხსენებული „ხარიხას" ჩათვლით, მინიმუმ ორი ბურთით მეტი იქნებოდა.
„რაც გვგქონდა დაგეგმილი ის არ გამოვიდა. მეორე ტაიმის შუალედში შევცვალეთ ტაქტიკური მონახაზი. სამწუხაროდ, ამანაც არ გაამართლა. საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, თუმცა, ეს ჩვენს დღევანდელ მარცხს არ ამართლებს. ორი გასვლა გვაქვს, ჩრდ. ირლანდიასთან და გერმანიასთან. ორივე თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა, ჩვენი მიზანია ეს შესარჩევი ღირსეულად ჩავამთავროთ. უპირველესად, ვითამაშოთ გამარჯვებაზე ჩრდ. ირლანდიაში და შემდეგ უკვე, გერმანიასთან ისე ვითამაშოთ, როგორც საქართველოს ნაკრებს ეკადრება", - ამბობს ადამია.

აღნიშნულ სანაკრებო ციკლში ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. იყო აუცილებლობაც, ბოლო მომენტში ჩაენაცვლებინათ ტრავმირებული ლუკა წულუკიძეც, ჰალიტ დოლტმურზიევით. თუმცა, ეს უკანასკნელი დღევანდელ განაცხადში არ ყოფილა. აი, გიორგი ჩუბინიძეს, თორნიკე კვარაცხელიასა და ალექსანდრე ფეიქრიშვილს კი, დღეს დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდულში. ისინი შეცვლაზე შემოვიდნენ და რამდენიმე მომენტში საკმაოდაც ააფორიაქეს ბერძენთა რიგები. დღესვე, ოფიციალურ შეხვედრებში პირველად იასპარეზეს ვახტანგ სალიამ, რომელმაც ძირითადიდან დაიწყო და საკმაოდ კარგადაც ითამაშა და გიორგი რობაქიძემ, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა.
საერთო ჯამში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშის შემხედვარეს, პირადად, მე შემექმნა განცდა, რომ გუნდს, „სული" ჰქონდა ამოცლილი და ეს უპირველესად მოწმენდილ ცაზე, თამაშის წინ, მთავარი მწვრთნელის ცვლილება იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო, პირველი ეფექტი და მომდევნო თამაშებისთვის, გუნდი, უკვე პირვანდელი განწყობითა და შემართებით დაბრუნდება მოედანზე. დიდი ალბათობით, მომდევნო თამაშებში, ქართველი ახალგაზრდების შემადგენლობაში, იქნება გარკვეული როტაცია. აქვე დავაზუსტებთ, რომ ესეც ჩვენი ვერსიაა, ისევ და ისევ, დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე.

„ვერ ვიტყვი, რომ იღბლიანი დებიუტი გამომივიდა, თუმცა რთულია ასე ფორს-მაჟორში რაღაცეების გაკეთება. მაქსიმუმი ვეცადეთ, რომ ბიჭების განწყობა აგვემაღლებინა. შესაძლოა ერთის მხრივ, სვანაძის დღეს წასვლა გუნდიდან დღევანდელი თამაშის განწყობასაც დაეტყო, თუმცა, მე ბიჭებსაც ავუხსენი, რომ რამაზის დაწინაურება, ბიჭებისთვის უფრო დიდი მოტივაცია უნდა იყო, რადგან „სვანა" ბევრი წელია ასაკობრივ გუნდებთან მუშაობს, 19-წლამდეთა ნაკრებიდან მოყოლებული. მისი ეროვნულ ნაკრებში გადასვლა ბიჭებისთვის უფრო მოტივაცია უნდა ყოფილიყო, რადგან უფრო კარგად იცნობს ამ ბიჭებს, უფრო მეტად დააკვირდება და ამ ბიჭებს დიდი შანსი აქვთ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში", - ამბობს ადამია.
და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ გამთენიისას, ლონდონის გავლით ჩრდ. ირლანდიაში გაემგზავრება და 1 ოქტომბერს ბალიმენაში ჩრდ. ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამ მომენტში, ორი ტურით ადრე ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 ქულით მე-4 ადგილზეა და ჯგუფის მე-3 ადგილით დახურვის შანსს ინარჩუნებს.






ჩვენ







