დაძაბული მატჩის დრამატული დასასრული - მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს
დაძაბული მატჩის დრამატული დასასრული - მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს
25.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს დინამო არენზე ახალი სანაკრებო ციკლი მარცხით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა, 99-ე წუთზე შეა ჩარლზის გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით, 0-1 მოგვიგო. გოლი VAR-მაც გადაამოწმა და ისევე, როგორც ჩრდ. ირლანდიელთა კარში დანიშნული პენალტი ძალაში დატოვა. თუმცა, პენალტი ჩვენ გავაცუდეთ - „კვარამ" მატჩის შემდეგ გულშემატკივარს, გაფუჭებული დარტყმის გამო მოუბოდიშა. ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კი, რომელიც საერთო ჯამში მსაჯობით უკმაყოფილო იყო და ამის შესახებ მედიასთანაც ილაპარაკა, აღნიშნა რომ მათ კარში არასწორად დანიშნულმა და გამოუყენებელმა პენალტმა თამაშში გარდამტეხი როლი ითამაშა.


„ხვიჩა კვარაცხელიას მიერ აცილებული პენალტი თამაშის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი პენალტს ვერ იტანს, ეს გუნდს ფსიქოლოგიურად დიდ მუხტს აძლევს", - აღნიშნა მაიკლ ო'ნილმა.


თამაშის დასრულების შემდეგ, ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ  როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად რთული მატჩი გამოდგა. ო'ნილის თქმით, საქართველო ფლობდა უპირატესობას და ბურთსაც მეტად აკონტროლებდა, თუმცა მისმა გუნდმა გამძლეობა გამოიჩინა.


ჩვენი გადმოსახედიდან კი, პირველი ტაიმი, ვილი სანიოლის გუნდმა ჩააგდო. ამის შესახებ, ვილი მოგვიანებით იტყვის, რომ მის გუნდს თამაში იმ „ინტენსიობით" არ გამოუვიდა როგორც დაგეგმილი იყო. ფაქტია, რომ პირველ ტაიმში, 24-ე წუთისთვის ჩრდ. ირლანდიელებს, გიორგი მამარდაშვილის კარისკენ უკვე ორჯერ ჰქონდათ დარტყმული. ჩვენ კი, პირველად მხოლოდ 38-ე წუთზე დავარტყით. კუთხურის შემდეგ, გიორგი კვერნაძეს ჰქონდა კარგი შანსი.


მეორე ტაიმში, ცვლილებით დავიწყეთ, საბა ხარებაშვილი, გამოცდილმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა. თამაში, გამოცოცხლდა... ალბათ, ცოტა ადრე, ოთარ კიტეიშვილის მოედანზე გამოყვანა, ბევრ რამეს უფრო დაალაგებდა, თუმცა, თამაშის შემდეგ, ვილი სანიოლი, „კიტეს" თაობაზეც გააკეთებს გარკვეულ კომენტარს. მეორე ტაიმი, უფრო ქართული გუნდის იყო. გვქონდა მომენტებიც და „კვარასაც" უფრო მეტი სივრცე ჰქონდა, ვიდრე პირველ ტაიმში. სხვათა შორის, ამ გარემოებას, მაიკლ ო'ნილიც აღნიშნავს მატჩის დასრულების შემდეგ.


„პირველ ტაიმში მოვახერხეთ, კვარაცხელიას შეკავება. მეორეში, ჰქონდა ბევრი სივრცე  ჩვენ გვქონდა კარგი სტრუქტურა. მეორე ტაიმში, ასეთ გუნდთან, სადაც „ოქროს ბურთის" კანდიდატი თამაშობს შეინახო კარი მშრალად საკმაოდ რთულია. საქართველო არის კარგი გუნდი და საპასუხო შეხვედრაში, მოგვიწევს მობილიზება", - ამბობს მაიკლ ო' ნილი.


საქართველოსა და ჩრდ. ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს ვილი სანიოლმა გასცა პასუხები:


მე ვფიქრობ რომ პირველ ნახევარში ის გეგმა რაც გვქონდა, გამომდინარე იქიდან რომ არ იყო ინტენსიობა არ გამოვიდა. ჩემთვის არიან მნიშნელოვანი ფეხბურთელები კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მაგრამ მათ რაც დღეს ითამაშეს მეტის თამაში არ შეეძლოთ. მათ სჭირდებათ ადაპტაცია და ეს არ არის მარტივი. მეორე ტაიმი იყო კარგი, მიქაუტაძეს ჰქონდა შანსი, კვარამ გააფუჭა პენალტი. დვალსაც ჰქონდა მომენტი. იყო კიდევ რამდენიმე მომენტი. მე არ ვამბობ რომ ჩრდ. ირლანდიას არ ეკუთვნოდა მოგება.


ხუთმცველიან ჩრდ. ირლანდიასთან ასე დაწყება ხომ არ იყო შეცდომა ბევრ მოთამაშეში, რომ გამეკეთებინა არჩევანი ასე არ იყო. პირველი ტაიმი იყო საშუალო. ნელა ვიწყებდით. ის როგორც დავიწყეთ, ხვიჩას პოზიცია იყო ძლიან უკან, მიქაუტაძე და კვერნაძე ვერ ახერხებდნენ ხვიჩასთან ჩარბენებს. მეორე ტაიმში ამან ითამაშა. ისე რომ აწყობილიყო როგორც გვინდოდა, ახლა ეს ლაპარაკი არ გვექნებოდა. მე და მოთამაშეებს არ გვიყვარს წაგება, მაგრამ უნდა მივიღოთ როგორც დღეს, რადგან იყო რთული თამაში. უკრაინასთან შევეცდებით განსხვავებული მოთამაშეებით, სქემითა და ინტენსიობით ვითამაშოთ.


ჩვენ ყოველთვის გვინდა უკეთესი შედეგი გვქონდეს. ნორმალურია, როცა მედია თვლით, რომ წაგების შემდეგ, ასეთი კითხვები უნდა დასვა. 3 მცველს ჰქონდა კუნთის დაჭიმულობა, რაც იშვიათად ხდება. ამიტომ მოგვიხდა მათი შეცვლა. როდესაც ეროვნულში ჩამოდიან, ჩვენ ვერ ვცლით, მათ ფიზიკურ ფორმას, ცოტას კი, მაგრამ ბევრს ვერა.. ზოგჯერ ვხედავთ შემტევებს, ნახევარმცველებს, ინტენსიობით, დაცვაში მომიწია ცვლილება, მხოლოდ 5 მოთამაშის შეცვლა შემიძლია. რაღაცები ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ არა, ზოგჯერ ჩემი შეცდომაა, ზოგჯერ არა, ფიტნესი სპორტსმენების ზოგჯერ დამაკმაყოფილებელია, ზოგჯერ არა.


ჟორჟ მიქაუტაძეა პენალტისტი თუ კვარა? ოთხი წლის წინ ვთქვით, რომ მათ უნდა დაერტყათ პენალტები.  უნდა დაერტყა მას, რომელიც კომფორტულად გრძნობდა თავს კონკრეტულ მომენტში. ბევრჯერ ხვიჩას გაუტანია. მიქაუტაძესაც გაუფუჭებია. არასდროს გააფუჭებ, თუ არ დაარტყამ. ვერაფერს ვიტყვი ხვიჩაზე.


ჩაკვეტაძე, როცა არ არის შეცვლა ვერცერთი ფეხბურთელით ვერ ხერხდება. კი ნამდვილად არ გვყავს მისი შემცვლელი.


საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 28 სექტემბერს, კვლავ დინამო არენაზე 20:00 საათზე უკრაინის წინააღმდეგ გამართავს და ნავსის გატეხვას შეეცდება. ამის შესახებ, მოგვიანებით, მანამდე კი, გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა, ქომაგს ჯერ კიდევ შეუძლია.