კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასი წარმატებით დაიწყეს
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასი წარმატებით დაიწყეს
23.09.2026
ავტორი: TSFF.Ge

ქართველ ლეგიონერებს ევროსარბიელზე დატვირთული კვირა ჰქონდათ. გიორგი ცხოვრებაძემ და „ზაგრებმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა გამართეს, რის შესახებაც უკვე ვიუწყებოდით. ევროპის თასზე ითამაშა ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდამ". გარდა ამისა, რამდენიმე ქართველმა ხელბურთელმა ევროპული ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართა.


რუმინეთის ეროვნულ ლიგაში ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდას" ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა გუნდმა წარმატებას მიაღწია ევროპის თასის პირველი ეტაპის ორივე შეხვედრაში. ქართველი ლეგიონერების კლუბმა საკუთარ მოედანზე ბოსნია-ჰერცეგოვინის „კონიუჰ ჟივინიცეს" 24-20 მოუგო. ამ მატჩში ორჯონიკიძემ 1 გოლი გაიტანა, კბილაშვილმა კი, 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.


საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ასევე რუმინელთა გამარჯვებით 24-26 დასრულდა. თამაშში კბილაშვილი 8 გოლით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით მოედანზე საუკეთესო იყო. ორჯონიკიძეს განმეორებით მატჩში არ უთამაშია.


„სტარლიგის" საწყის ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ". გუნდმა შინ „სენ რაფაელი" 36-30 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი, ახალ სეზონში პირველი გოლები გაიტანა. არსენაშვილის ანგარიშზე 2 ბურთია.


ქალთა სუპერლიგის მეორე ტური შედეგიანი გამოდგა თეკლა ძამუნაშვილისთვის. „ნაპრედაკის" ქართველმა ლეგიონერმა სერბულ ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანა. „ტემერინთან" გასვლით შეხვედრაში ძამუნაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ფრედ (24-24) დასრულებულ მატჩში მან 5 ბურთი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


სუპერლიგის მესამე ტური წარუმატებელი გამოდგა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოსთვის". ქართველის გუნდი გასვლით შეხვედრაში პლოცკის „ვისლასთან" 37-24 დამარცხდა. ცინცაძემ ამ მატჩში 7 ბურთი მოიგერია.