
მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო ფეხბურთი მოახლოვდა და თბილისში, დღეს „ოქროს ბურთზე" ნომინირებულმა ფეხბურთელმაც ივარჯიშა, არ დავივიწყოთ, რომ ოქტომბერი და შესაბამისად, ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. საქართველოს ჯუდოს ნაკრების შემადგენლობა ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში გაგაცანით. თუმცა, ახლა სხვა თემას მინდა შევეხო - ერთ კონკრეტულ წონას და იქ, მსოფლიო ჩემპიონობის ორ კანდიდატზე, უფრო ქართულ სოციალურ სივრცეში ბევრს ლაპარაკობენ. პირადად, მე უფრო გამიხარდება, თუ ჩემი, ქართული გუნდის წარმომადგენელი თანაბარ ბრძოლაში, ძლიერ მეტოქესთან მოახერხებს გამარჯვებას და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებას. თუმცა, საბოლოოდ მთავარია გამარჯვება და მანამდე რა გზას გაივლი, მერე უკვე არავის ახსოვს.
ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, რომ -81კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილს მსოფლიოს ოქროსკენ გზა გაუმარტივდა. საქმე ისაა, რომ რუსული გუნდის განაცხადში, რომელიც ბაქოში ჩანიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს ბანის შემდეგ, საკუთარი ქვეყნის სახელით, ხსენებულ წონაში არ ეყოლება მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი თიმურ არბუზოვი, რომელმაც 2025 წელს, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამგზის (2022, 2023, 2024) მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა. არბუზოვის არყოფნას კი, ბევრი დოპინგის სკანდალს უკავშირებს.
თუმცა, IJF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებს და იქვე, ცოტა უფრო მეტადაც აქვთ დაკონკრეტებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოო. მიუხედავად იმისა, რომ არბუზოვის გარშემო დოპინგ-სკანდალი არ ფიქსირება, შესაბამისად არც დისკვალიფიკაცია, საერთაშორისო ანალიტიკურ პლატფორმებზე არ გამორიცხავენ, რომ რუსულმა გუნდმა, მსოფლიო ჩემპიონი ტრავმის მიზეზით, უბრალოდ გადამალა და აარიდან დოპინგ ტესტებს.
ჯუდოს მოყვარულებმა იციან, რომ დოპინგ-სკანდალის მიზეზით (-100 კგ) წამყვანი ძიუდოისტი მატვეი კანიკოვსკი აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო რეიტინგიდან ოფიციალურად ამოიღეს. დოპინგ-ტესტებზე პრობლემები დაფიქსირდა კიდევ რამდენიმე რუს სპორტსმენთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, კულუარებში ლაპარაკობენ, რომ რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ გადაწყვიტა, შიდა ანალიზების საფუძველზე, ეჭვმიტანილი, ან რისკის ქვეშ მყოფი სპორტსმენები და მათ შორის თუმურ არბუზოვი საერთაშორისო ტესტირებებსა და მსოფლიო ჩემპიონატსაც „მოარიდოს" და მიზეზად ტრავმა დაასახელოს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, თუკი, რომელიმე სპორტსმენს დაუმტკიცდება, რომ ის სისტემატურად იყენებდა აკრძალული ნივთიერებებს, შესაძლებელია, ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ ტიტულებიც ჩამოართვან, თუმცა, ამას დამტკიცებაც სჭირდება - ეს კანიკოვსკის ტიტულებთან დაკავშირებით. თუმცა, განსხვავებით კანიკოვსიგან, რომელიც ოფიციალურად არის დისკვალიფიცირებული, არბუზოვის სახელზე ანტი-დოპინგურ ოფიციალურ ბაზებში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება.
მოკლედ, სანამ -81 კგ წონით კატეგორიაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს „მალავენ" და IJF-ის და ანტიდოპინგური სააგენტოების მხრიდან მის მიმართ სანქცია, ან ოფიციალური ძიება არ მიმდინარეობს, სპორტსმენს ყველა ტიტულს, მათ შორის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონობა და 2026 წლის ევროპის ოქრო, მოქმედია და ჩამორთმევის საფრთხე არ ემუქრება.
არბუზოვის გარეშე კი, ტატოს არანაკლებ სახიფათო მეტოქეები ელის. 7 ოქტომბერს ოქროსკენ მიმავალ გზაზე, ტრადიციული და ისტორიული მეტოქის, მატიას კასეს გარდა, ქართველისთივის უფრო დიდი საზრუნავი აზერბაიჯანელი ზელიმ ჩკაევი იქნება, მით უმეტეს, საკუთარ კედლებში. ალბათ, ქართველ ჯუდოკას იაპონელი და ყაზახ მეტოქეებზეც მოუწევს დაფიქრება.
ასე, რომ არბუზოვთან ერთად, თუ მის გარეშე, ქართველს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება, საკმაოდ ღირსეულ მეტოქეებთან ბრძოლაში მოუწევს. მით უმეტეს, რომ ამ მომენტისთვის, ტატო განთესილ ჯუდოკათა შორის არ არის.





ჩვენ







