
ხვალიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, უეფა-ს ერთად ლიგის თამაშებისთვის იწყებს შეკრებას. ქართველმა ლეგიონერებმა, რომლებიც ამ მომენტში ვილი სანიოლის ჰყავს გამოძახებული, თბილისში გამომგზავრებამდე ბოლო საკლუბო მატჩებს ატარებენ. თავიდანვე ვთქვათ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის გარეშე „ბორნმუთი" მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა. ქართველის გუნდი, ამ ტურის შემდეგ, 9 ქულით მე-5 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში მოთამაშე ქართველებიდან დღეს გიორგი კვერნაძის გუნდმა ითამაშა და ქართველის დამსახურებით გაიმარჯვა კიდეც. „ფროზინონემ" საშინაო შეხვედრაში 2-0 „კომო" დაამარცხა. „კვერნა", ტრადიციულად სტაბილურად კარგი იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. გოლი კი, ქართველმა პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც მან დააფიქსირა. სანაკრებო შესვენებამდე „ფროზინონემ" 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მინიმუმ „კომოს" გაუცვალა ადგილი და თანაბარი ქულების მიუხედავად, ჯერჯერობით „იუვენტუსიც" უკან ჩამოიტოვა. „ფროზინონე" მე-6 ადგილზეა.
ბომბარდირი „ლევანტესთან" საშინაო დაპირისპირებაში მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. ამ მომენტისთვის გიორგი მიქაუტაძის გუნდი უკვე 2-1 იგებდა. თუმცა, ჟორჟი, თბილისში გამომგზავრებას გოლის გარეშე არ გეგმავდა და 86-ე წუთზე გაიტანა კიდეც. „ვილიარეალმა" 3-1 გაიმარჯვა და სანაკრებო შესვენებამდე ცოტა ამოისუნთქა. გუნდმა ლა ლიგაში 8 ქულა დააგროვა და ჯერ-ჯერობით მე-8 ადგილზეა.
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია", საშინაო შეხვედრაში 1-3 დამარცხდა „ბარსელონასთან". მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მე-19 წუთზე ფოფანამ გახსნა, სტუმრებმა სამ წუთში რაფინიას გოლით, რომელმაც საბოლოოდ, ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქიც შეასრულა, მოახერხეს გათანაბრება და შემდეგ წინ გასვლაც. „ქოჩორამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 68-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი, 13 ქულით მე-7 ადგილზეა.
მხოლოდ, ბოლოს წინა წუთზე შეიყვანეს მოედანზე საბა საზონოვი, რომლის „ხეტაფემაც" ესპანეთის ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, 1-0 „მალაგა" დაამარცხა. საბას გუნდი, 8 ქულით ამ მომენტში მე-9 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ. „არმინია ბილეფელდისთან" გასვლაზე, ანგარიში სწრაფი გოლით მასპინძლებმა გახსნეს. თუმცა, „ჰაიდენჰაიმმა" 30-ე წუთზე ბუდუს გატანილი 11-მეტრიანით წონასწორობა აღადგინა. ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, საერთოდაც წინ წავიდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში, მასპინძლებმა გაათანაბრეს და როგორც უკვე გითხარით, მატჩიც ფრედ დასრულდა. ქართველი კი, 86-ე წუთზე შეცვალეს. 6 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმი" 13 ქულით მე-3 ადგილზეა. ბუდუ, თბილისში კარგ განწყობაზე მოდის.
მძიმე სტარტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ფრანგული ლიგა 1-ის ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, 8 ქულით, მხოლოდ მე-6 ადგილზეა. მარსელის „ოლიმპიკთან" გასვლით შეხვედრაში ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, ორი კარგი მომენტიც ჰქონდა გოლის გასატანად და ფეხებშიც გემრიელად ურტყეს. შესაბამისად, სანაკრებო თამაშების წინ, რა მოგატყუოთ და მისი ცვლილება 59-ე წუთზე, პირადად ჩვენ ძალიან გაგვიხარდა. უახლოეს დღეებში, „კვარა" ჩვენ, ნაკრებში უფრო საღი და რაც მთავარია ჯანმრთელი გვჭირდება. პსჟ-მ კი, მეორე ტაიმში მოახერხა ორი გოლის გატანა და კაცნაკლულ მასპინძლებს, საბოლოოდ, 1-2 მოიგო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ამავე ტურში ფრედ, 1-1 ითამაშა გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილმა" საშინაო შეხვედრა „ოსნაბრუკითან". ქართველი მოედანზე მხოლოდ, 89-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველის გუნდს, ჯერ მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლოდან მე-3 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გასვლით შეხვედრაში „ზალცბურგის" წინააღმდეგ, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდნენ. ქართველებიდან პირველი მოედანზე „კიტე" გამოჩნდა, 66-ე წუთზე და ამ დროს ანგარიში ჯერ ისევ, 0-0 იყო. თუმცა, მალევე, მასპინძლებმა 6 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. ამის შემდგე, „შტურმს" კაცი გაუგდეს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გრაცელები, უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. 83-ე წუთზე, ქართველების გუნდს კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოოდაც, შეხვედრა „ზალცბურგმა" 3-0 მოიგო. ამ ტურის შემდეგ, „შტურმი" 11 ქულით მე-4 ადგილზეა. თუმცა, „ზალცბუგრთან" სხვაობა გაეზარდა.
პოლონურ ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია" მე-9 ტურის შეხვედრაში გასვლაზე, „კატოვიცესთან" 3-2 დამარცხდა. 79-ე წუთზე, როდესაც სათამაშოდ ქართველი შემოვიდა, ანგარიში უკვე 2-2 იყო. ქართველოს გუნდი ახლოს იყო, ქულასთან, თუმცა, ბოლო წუთზე გაუშვა გოლი და დამარცხდა. სანაკრებო შესვენებამდე, „კრაკოვია" 8 ქულით, მე-13 ადგილზეა.
ამერიკის MLS-ში დებიუტი ჰქონდა ანრი მექვაბიშვილს, რომელმაც შესაბამისი ვიზისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, „ჩიკაგო ფაიერის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი გამართა გასვლაზე, აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის ლიდერთან „ნეშვილთან" და 3-0 დამარცხდა. გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ, რომლის გამოვლაც, ახლა სანაკრებო შეკრებისთვის ქართველს კვლავ, მხოლოდ თბილისის მიმართულებით მოუწევს, „მექვაბა" მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. თუმცა, ამ ჯერზე გუნდს ვერ დაეხმარა. ქართველის გუნდი, 39 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
მართალია, ამჯერად გამოძახებული არაა, მაგრამ ვინაიდან ამერიკულ MLS-ზე ვლაპარაკობთ, ვთქვათ, რომ საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკი" საშინაო შეხვედრაში 0-3 დამარცხდა „ვანკუვერ ვაითქეფსისთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, 59-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი, 29 ქულით დასავლეთ კონფერენციის ცხრილის მე-12 ადგილზეა.
თურქეთის სუპერ ლიგის მე-6 ტურში საბა ხარებაშვილის „ბაშაქშეჰირმა" საკუთარ მოედანზე, სტამბოლში, დიდი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა „გენჩლერბირლიგი". 18 წლის ქართველმა მცველმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ტრავმირებული ირაკლი აზაროვი ჩაანაცვლა ძირითად შემადგენლობაში იყო და მან სრული მატჩი ჩაატარა. „ხარება", მოგეხსენებათ, თურქეთში კი უკვე საკმაო ხანია არის, თუმცა, ქართველმა ოფიციალური მხოლოდ მეორე მატჩი ითამაშა. 6 ტურის შემდეგ „ბაშაქშეჰირს" 7 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.
თურქეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის შემდეგ, ჯიმი ტაბიძის „ქაისერისფორი" 19 ქულით, პირველ ადგილზეა. ქართველი მცველის გუნდი დღეს, გასვლაზე მარდინში „მარდინი 1969"-ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. თამაშის ბოლოს კი, საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ასე რომ ჯიმი თბილისში კარგ განწყობაზე ჩამოდის.
სლოვაკეთში, მოგეხსენებათ, ქართული ლეგიონი საკმაოდ დიდი შემადგენლობით არის კონცენტრირებული. უქმეებზე კი, ნაიკის ლიგაში მნიშვნელოვანი თამაშები გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოძახებული ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ", საშინაო შეხვედრაში 2-1 დაამარცხა „ტრენჩინი". ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. მისი გუნდი კი, ამ მომენტში 20 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა, სხვა ქართველი ლეგიონერის გუნდთან „დუნაისკა სტრედასთან" თანაბარი ქულები აქვს.
გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ", რომელიც ამ ტურში ლუკა ხორხელის „ტრნავას" დაუპირისპირდა. ქართველებმა ორივე გუნდში სასტარტოდან დაიწყეს და სრული მატჩი ჩაატარეს, თუმცა, საგოლე მოქმედებით მხოლოდ ხორხელი გამოირჩა, რომლის გადაცემის წყალობითაც, 85-ე წუთზე კაცნაკლულმა „ტრნავამ" გოლი გაიტანა და ქულა გადაარჩინა. სხვათა შორის „ტრნავა", სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ასე, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატში, ქართველების გუნდები დამაჯერებლად ლიდერობენ.
მაღალი შეფასება დაიმსახურა კიდევ ერთმა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ, რომლის „მიხალოვცემაც" მინიმალური ანგარიშით 1-0, საშინაო შეხვედრაში „ბანსკა ბისტრიცა" დაამარცხა. სხვათა შორის, „მიხალოვცეს" 13 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის მე-6 ადგილზეა.
უნგრეთის NB I-ის მე-8 ტურში ილია ბერიაშვილის „მტკ ბუდაპეშტი" საშინაო შეხვედრაში 1-2 დამარცხდა „გიორისთან". ქართველმა მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, მთლიანობაში, მისი გუნდი, არც თუ სტაბილურად გამოიყურებოდა. მის გუნდს 8 ტურის შემდეგ, მხოლოდ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა.
მაშ ასე, ეს იყო დღეს, ხვალიდან კი, ეროვნული ნაკრები თბილისში, უეფა-ს ერთა ლიგის ოთხი თამაშისთვის შეკრებას იწყებს.





ჩვენ







