
ხვალ თუ არაფერი შეიცვალა, სანაკრებო შესვენების დროს, მინიმუმ 4 ოქტომბრამდე, ბათუმის „დინამო" მესამე წრის გამარჯვებული იქნება. 4 ოქტომბრამდე კი, ამის შეცვლა 27-ე ტურის ბოლო სათამაშო დღეს, „რუსთავს" შეეძლება, რომელიც პეტრო არენაზე „იბერია 1999"-ს დაუპირისპირდება.
მანამდე კი, დღეს, აღნიშნული ტურის, ერთი მატჩი გაიმართა. ბათუმში, „ბათუმი არენაზე", ადგილობრივმა „დინამომ" ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე, იმრანის გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიპოვა.
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში კი, 23-ე წუთზე, სტუმართა გოლით გაიხსნა. ლადო მამუჩაშვილის გადაცემით, კომნენ ანდრიჩმა გაიტანა, რაც ქუთაისელთა ლეგიონერისთვის, მიმდინარე ჩემპიონატში მე-11 გოლი აღმოჩნდა. მომენტები ბათუმელებსაც ჰქონდათ, თუმცა, სიმაღლეზე იდგა ოთო გოშაძე, რომელმაც ამ ტაიმში, მაინც ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, გოლი ბათუმელთა რიგებში და ზოგადად, მიმდინარე ჩემპიონატში გამორჩეულმა ფეხბურთელმა თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა, 1-1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 51-ე წუთზე კი, ლუკა ლაკვეხელიანის გადაცემით, გურამ ჯაფარიძემ აჭარული გუნდი დააწინაურა, 2-1.
თამაში, უნდა აღინიშნოს, რომ ემოციურადაც დაძაბული იყო. ცოტნე სამსონაშვილსაც 8 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, აქედან 5, ვიდრე ტორპედოელთაგან მატეო სტამატოვს გააძევებდა. თუმცა, კაცნაკლულმა „ტორპედომ", დიეგო დეისაძის გოლით გაათანაბრა და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია მასპინძლების კარს. თუმცა, გოლი, როგორც აღვნიშნეთ, მაშინ როცა ყველას ეგონა რომ თამაში დასრულებული იყო, მასპინძლებმა გაიტანეს, 3-2 გაიმარჯვეს, დააგროვეს 47 ქულა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგენენ.
ხვალ, 27-ე ტურის, რაც მესამე წრის დასასრულს ნიშნავს, ბოლო ორი შეხვედრა გაიმართება:
19:00 „რუსთავი" - „იბერია 1999" / პეტრო არენა
21:00 „სპაერი" - „დილა" / მესხი 2
ფოტო: "დინამო" ბათუმი





ჩვენ







