
დღეს ქალთა ლიგის ზედა და ქვედა ჯგუფებში მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. ზედა ჯგუფში, ოქროს მედლების მაძიებლებმა კვლავ მოიგეს. თუმცა, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე მყოფმა „ნიკე-ლუსოს" მინიმუმ ერთი ტაიმი ნერვიულობა მოუწია.
თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, სადაც „კვარტალმა", მოქმედ ჩემპიონს, „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლა, ანგარიში მე-6 წუთზე სწრაფი გოლით გაიხსნა. ქრისტინე ბაკარანძემ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიტანა. სტუმრებს 35-ე წუთზე, ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, თუმცა, ლიზი რიჟამაძემ სიტუაცია განმუხტა. პირველი ტაიმი, „ნიკე-ლუსომ" მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგო. თუმცა, მეორეში გუნდმა, ფიზიკურად დაჯაბნა მასპინძლები და სამი უპასუხო გოლი გაიტანა. 50-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ ორამდე გაზარდა ანგარიში, 74-ე წუთზე და ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა სოლანჟი კარვალიაშმა. 79-ე წუთზე კი, გვანცა ქადაგიშვილმა, კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და მიღებული ბურთი, დაუმუშავებლად მის თავზე გადააგდო. „ნიკე-ლუსომ" 0-4 მოიგო და სატურნირო ცხრილში კვლავ 3 ქულით წინაა „ლანჩხუთზე".
თავის მხრივ, საშინაო შეხვედრა, სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრში მოიგო „ლანჩხუთმაც", რომელმაც „ბათუმი" 7-0 დაამარცხა. ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ აჭარული გუნდი, ზაფხულის შესვენებაზე რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და ეს, გუნდის თამაშზეც აისახა. დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმი კი, ეთერ სულაშვილის ჰეთ-თრიქით (13', 32, 39') აღინიშნა. ტაიმის მიწურულს კი, მას ვეტერანმა ტატა მატვეევამ აუბა მხარი და 43-ე წუთზე მეოთხედ აიღო ბათუმელთა კარი. ეთერმა (59') და ტატამ (71') მეორე ტაიმშიც გაიტანეს. შეხვედრას კი წერტილი ლიზი მწყერაშვილმა დაუსვა 79-ე წუთზე. „ლანჩხუთს", როგორც აღვნიშნეთ 60 ქულა აქვს და ზედა ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში.
თამაშები გაიმართა ქვედა ჯგუფშიც. ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, „რაჭა 2020"-მა 2-1 დაამარცხა თბილისური „ელიტა". მშრალად დასრულებული პირველი ტაიმის შემდგე, მეორე ნახევარში სამი გოლი გავიდა, რაჭველთაგან ნინო მაისაშვილის (47', 84') დუბლს, ერთი გოლით, 66-ე წუთზე მარიამ ენდელაძემ უპასუხა.
ერთბურთიანი სხვაობით დასრულა ამ ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრდა, თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში. „ვერესა" და „თეთრიწყაროს" დაპირისპირება 2-3 დასრულდა სტუმართა გამარჯვებით. ამ ტურამდე გუნდებს თანაბარი 32-32 ქულა ჰქონდათ და შესაბამისად, უშუალოდ კონკურენტების დაპირისპირებაც საინტერესო იყო. ანგარიში 22-ე წუთზე ნინო გოშაძემ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა, ორ წუთში, მარიამ ფართალაძის გოლით, მასპინძლებმა გაათანაბრეს. 30-ე წუთზე, მარიამ მოდრეკილაძემ, კიდევ ერთხელ დააწინაურა თეთრიწყაროელები. მეორე ტაიმში, მასპინძლებმა 61-ე წუთზე ნინი ბერიძის ზუსტი 11-მეტრიანით გაათანაბრეს. 74-ე წუთზე კი, სტუმრებს „სამქულიანი" გოლი ანა გრიგალაშვილმა გაუტანა და შესაბამისად, „თეთრიწყარომაც" „ვერეს" ცხრილში 3 ქულით გადაასწრო.
ქვედა ჯგუფს კი, დამაჯერებლად ლიდერობს ქუთაისის „მართვე", რომელმაც დღეს სოხუმის „დინამო" 7-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა მანონი საღარაძემ (18', 50', 86', 88'). ანგარიში კი, სწრაფი გოლით, მე-5 წუთზე ბარბარე მანაგაძემ გახსნა. მე-40 წუთზე ანასტასია ხანთაძემ გაიტანა. სტუმართა გუნდიდან 34-ე წუთზე ლიზი კაკულიამ გაიტანა. თუმცა, მეტი დინამოელებმა ვეღარ მოახერხეს. თუმცა, ერთი ბურთი საკუთრ კარში ჩაჭრეს და ამით, „მართვეს" „დაეხმარნენ".
ქალთა ლიგის მომდევნო მე-5 ტური ქვედა ჯგუფში 26 სექტემბერს გაიმართება. აი, ზედა ჯგუფის შეხვედრები კი, 29 და 30 სექტემბერს არის ჩანიშნული. ამის შემდეგ, ქალთა ლიგაში სანაკრებო შესვენება გამოცხადდება.





ჩვენ







