
უეფა-ს ერთა ლიგის ახალი გათამაშების სტარტამდე ექვსი დღეღა რჩება. უეფა-ს მიერ დაკისრებული სანქციის გამო, ჩრდ. ირლანდიასთან გახსნით მატჩზე ქომაგებს არ დაუშვებენ. თუმცა, სფფ-მ მოახერხა უეფა-ს ამ რეგულაციაში ისეთი მუხლის პოვნა, რომელითაც ეროვნული ნაკრების გამხნევებას ჩვენი ბიჭების გულშემატკივრის ნაწილი მაინც მოახერხებს. უეფა-მ თამაშზე დასწრების უფლება 10-დან 14 წლის ბავშებს მისცა, რომლებიც სფფ-ში რეგისტრირებულ საფეხბურთო სკოლებში ირიცხებიან და რომელთა მესვეურებმაც დადგენილ ვადებში შესაბამისი განაცხადი გააკეთეს ფედერაციაში.
„ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია. გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა და მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. გვქონდა კონსულტაცია უეფა-სთან და გვაქვს იმის საშუალება, რომ მატჩს საფეხბურთო სკოლებიდან 10-დან 14 წლამდე გოგონები და ბიჭები დაესწრონ. რა თქმა უნდა ბილეთებს საჩუქრად მიიღებენ და ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა დაეხმარება ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, გუშინ, მიხელ მესხზე მედიასთან გამართული შეხვედრის დროს.
თუმცა, ისევე როგორც კოვიდ-პანდემიის დროს, ამჯერადაც ტრიბუნაზე შესაძლოა გულშემატკივრის ხმა ომახიანად არ ისმოდეს, თუმცა, „დინამო არენას" ის უპირატესობა აქვს, რომ ქომაგის ხმა ფეხბურთელებს ქუჩიდანაც შეიძლება გააგონო. ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორისა და ქომაგების ტრიბუნის ინიციატივით, თუ „სტადიონი ჩუმადაა, ხმაურობს ქალაქი!"
25 სექტემბერს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის პირველ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და შესაძლოა, უკვე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოჩნდეს, გადამწყვეტ საშინაო თამაშს გამართავს ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ ნაკრების სპონსორი და ქომაგები მოუწოდებენ გულშემატკივარს, თამაშის დღეს მოვიდნენ „დინამო არენასთან" და ხმაურით შეაცილონ ნაკრები სტადიონზე. ამით კი, ბიჭებს აგრძნობინონ, რომ მაშინაც კი, როცა ტრიბუნა ცარიელია, „ქომაგობა არ ჩერდება!".
აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით მეტი დეტალი მითითებულ ბმულზე დაიდება, ასე, რომ „დააფოლოვეთ" და 25-ში შემოუერთდით.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ხვალ 21 სექტემბერს იწურება ეროვნული ნაკრების ოქტომბრის გასვლით თამაშებზე ქართველი ქომაგებისთვის ბილეთების შეძენის ვადა. ასე, რომ ვისაც სურვილი გაქვთ 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში, 5 ოქტომბერს კი, ბელფასტში დაესწროთ თამაშს, ჯერ კიდევ გაქვთ საათები, რათა მოასწროთ ბილეთების შეძენა (იხილეთ ბმული: უნგრეთი-საქართველო / ჩრდ. ირლანდია-საქართველო) და აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების მცირე რაოდენობა ჯერ ისევ გაყიდვაშია.





ჩვენ







