ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრა „აპოლომ“ სამბურთიანი სხვაობით მოიგო
ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრა „აპოლომ“ სამბურთიანი სხვაობით მოიგო
18.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში „აპოლომ" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა. ჯგუფური ეტაპი მინი-ტურნირის ფორმატში თბილისში ტარდება და ქართულ კლუბსაც, საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში" ადგილობრივი გულშემატკივრის მხარდაჭერით, მომდევნო ეტაპზეც შეუძლია გავიდეს. დღეს კი სასტარტო შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ დაპირისპირებაში მონტენეგროს „ბუდვა" სამბურთიანი სხვაობით, 19-16 დაამარცხა (იხილეთ სრული ტექნიკური ოქმი).


ამ შეხვედრაში ანგარიში მატჩის დაწყებიდან მალევე, მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ანდრია ბითაძემ გაიტანა და „აპოლო" დააწინაურა. თუმცა, ამ გოლს, მონტენეგროელთა ორი გოლი მოჰყვა და რეალურად ჩვენ მესამე პერიოდამდე მდევრის როლში მოგვიხდა ყოფნა. საკმაოდ თანაბარ თამაშში, ქართულმა გუნდმა ერთით მეტი გოლის სხვაობით, მეტოქე წინ არ გაუშვა. თუ არ ჩავთვლით, მესამე პერიოდის საწყისს წუთებს. პირველი პერიოდი 4-4 დასრულდა. მეორეშიც „კუდში" ვაჯექით მეტოქეს და სამწუხაროა, რომ ორჯერ წინ გასვლის შანსიც გავუშვით ხელიდან - ბურთი ხარიხამ მოიგერია. თუმცა, პერიოდის ბოლოს ჩვენს გუნდში პირველი წყალბურთელი გააძევეს, წითელი ბარათით და შეცვლის უფლებით - მატია სლატოვიჩი. მონაკვეთი 4-5 წავაგეთ, ტაიმი კი, 8-9.


მესამე პერიოდის საწყის წუთებზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონტენეგროელებმა მოახერხეს ორ ბურთამდე სხვაობის გასვლა, თუმცა, დაახლოებით სამ წუთნახევრით ადრე გარდაშევიჩმა მეორე გოლი გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში და ანგარიში გაათანაბრა 11-11. ამის შემდეგ, სრდან ვუკსანოვიჩი „აპოლო" მატჩის საწყისი წუთების შემდეგ, პირველად დააწინაურა. ამ პერიოდში, უკვე ლიდერის როლი ქართულმა გუნდმა მოირგო, მონტენეგროელები კი, ცდილობდნენ გაეთანაბრებინათ. იყო მომენტი, როდესაც ქართულ კლუბს ჰქონდა შეცდომებიც, თუმცა, გამარჯვებულებს „არ ასამართლებენ" და ალბათ, სამწვრთნელო შტაბი, მომავალი შეხვედრისთვის გუნდთან ერთად, მათ გამოსწორებას ეცდება. ეს მონაკვეთი კი, 5-3 მოვიგეთ და გადამწყვეტი პერიოდის წინ ერთი ბურთითაც დავწინაურდით, 13-12.


ბოლო, გადამწყვეტ მონაკვეთში კი, ქართულმა გუნდმა ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა, მონაკვეთი 6-4, თამაში კი, 19-16 მოიგო. სხვათა შორის არ გვითქვამს და კარგი თამაში ჰქონდა, „აპოლოს" მეკარეს.


„აპოლოდან" დღეს გოლები გაიტანეს: ვუკ დრაშკოვიჩი (6),  სრდან ვუკსანოვიჩი (3), მატია სლატოვიჩი (2), დმიტრი ალექსეევი (2), მარტინ გარდაშევიჩი (2), ნიკოლა მოსკოვი (1), ფილიპ გარდაშევიჩი (1), ანდრია ბითაძე (1), საბა ტყეშელაშვილი (1).


შეგახსენებთ, რომ „აპოლო" B  ჯგუფი, „ბრეშასთან" (იტალია), „საბადელისთან" (ესპანეთი)  და „ბუდვასთან" (მონტენეგრო) ერთად ასპარეზობს. დღევანდელი დღის პირველ შეხვედრაში  „ბრეშა" - „საბადელი" 16-15 დაამარცხა.


ხვალ, „ოლიმპიკში" მეორე საასპარეზო დღეა.

19 სექტემბერი

17:00 „საბადელი" - „ბუდვა"

19:00 „აპოლო" - „ „ბრეშა"


20 სექტემბერი

17:00  „ბუდვა" - „ბრეშა"

19:00  „აპოლო" - „საბადელი"


და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, „აპოლო" ჯგუფს, ბურთების სხვაობის ხარჯზე ლიდერობს (იხილეთ სატურნირო ცხრილი).



ფოტო: © თამუნა ყულუმბეგაშვილი / „აპოლო"