ერთმა იკითხა, მეორემ უპასუხა - იმედია კონტექსტი ახლა მაინც გაირკვა
ერთმა იკითხა, მეორემ უპასუხა - იმედია კონტექსტი ახლა მაინც გაირკვა
18.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როდესაც მედიაში, ალბათ, უფრო სოციალურში, ამოგლეჯილ კონტექსტში ვრცელდება ციტატა, შემდეგ კი, მას საყოველთაო სჯა-ბაასი მოჰყვება, რადგან სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია და „ოქროს ბურთია", რომლის გაფართოებული სიაში და შემდგე, ცოტა უფრო დაკონკრეტებულშიც ჩვენი ბიჭი კარგ პოზიციებზეა, შენ კი არ იცი, ამ კონკრეტულ წინადადებას წინ რა დიალოგი უსწრებდა ან შემდეგ, ინტერვიუ როგორ გაგრძელდა, ბუნებრივია, „ხანჯალზე ხელს იკრავ" და „დიდგორზე გააჭენებ".   


როგორც წინა სტატიაში ვწერდით, მიხეილ მესხზე, ვილი სანიოლთან დღევანდელი პრეს-კონფერენცია საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი ფრაზა ასე ჟღერდა - „ერთა ლიგა იწყება და პირველი კითხვა არაა მის შესახებ. როგორც ვხედავ არაა პრიორიტეტი ეროვნული ნაკრები". შესაძლოა, ვინმემ ჩემი კოლეგებიდან მსგავსი დასაწყისიც შეურაცხყოფად მიიღო, თუმცა, იმ პასუხში, როგორც შემდგომ განვითარდა პასუხი, მეც ცოტა სხვა მიმართულება ამოვიკითხე. თუმცა, თავად კითხვა, რომელიც ჩემმა უმცროსმა კოლეგამ დასვა უჩვეულო არ ყოფილა, რადგან ასე ახლოს „ოქროს ბურთთან" მყოფი „კვარა" და ამ დროს „ოლისე"... დიახ, ქართულ საზოგადოებაში, ნაკრების მწვრთნელის მიმართ გარკვეული პროტესტი გაჩნდა. ალბათ, სწორედ დღეს ჯობდა სიტუაციის „ბოლომდე" გარკვევა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე, ვილის და „კვარას" აუცილებლად ექნებოდათ ლაპარაკი და თან, არაერთი.


და მაინც, რატომ დაასახელა ვილი სანიოლმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოქროს ბურთის" კანდიდატად მაიკლ ოლისე და არა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.


„ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის წელს „ოქროს ბურთის" მფლობელის გამოვლენაზე დიდ გავლენას სწორედ ამ ტურნირზე ნაჩვენები თამაში ახდენს. როდესაც ის ინტერვიუ ჩავწერე, ჯგუფური ეტაპი დასრულებული იყო. იმ მომენტში ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მაიკლ ოლისე იყო. „ბაიერნში" ჩატარებული სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მაშინ ფავორიტად სწორედ მას მივიჩნევდი და ინტერვიუც მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში იყო ჩაწერილი. თუმცა ამის შემდეგ, იყო მსოფლიო ჩეპიონატი, რომელიც ოლისემ, როგორც საფრანგეთის ნაკრებმა „ჩააგდო". ამიტომ დღეს მას „ოქროს ბურთის" ფავორიტად ვეღარ დავასახელებ",  - ამბობს სანიოლი და დასძენს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ, მას აღნიშნულ თემაზე მედიასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. „ზოგიერთისთვის ფეხბურთი არის სალაპარაკო თემა, ვიღაცისთვის საქმე. ოლისემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერაფერი გააკეთა და ამიტომ, ის აღარ არის ჩემი ფავორიტი. ახლა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია, ამ დარბაზშიც კი, 25 განსხვავებული კანდიდატის სახელს იტყვის. მოულოდნელად, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოიკვეთა ფეხბურთელი, რომელსაც ტურნირის უდავო საუკეთესოს ვუწოდებდით. ახლა ფავორიტები სხვა ფეხბურთელები არიან, ისინი, ვინც საკლუბო სეზონიც მაღალ დონეზე ჩაატარეს. ასეთი იყო „კვარა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ „კვარა", კეინი და მბაპე მთავარი ფავორიტები არიან და განსაკუთრებით ხვიჩას ვქომაგობ. „ოქროს ბურთის" მოგება,  მნიშვნელოვანი იქნება, არა მხოლოდ ხვიჩასთვის, არამედ მისი მეგობრებისთვისაც, მაგრამ აქ, ამ თემაზე გავჩერდები".


სხვათა შორის, აქ ერთი გარემოებაა ყურადსაღები, რაც ვილის პასუხშიც გამოიკვეთა და რამაც ქართული მედიის წარმომადგენელთან მხრიდან დაზუსტების საბაბიც გახდა. ვილი შეეცადა აეხსნა, სხვაობას მისეულ და ქართულ „გაგებას" შორის და მიმაჩნია, რომ სათქმელი, ორივე მხარემ ბოლომდე თქვა. ასე, რომ მოახლოებული თამაშების წინ, ეს ზედმეტი „გაბერვის" საგნად და თუნდაც, თუკი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე „კვარა" არ მოვა, ფეხბურთელისადმი დასმული კითხვა არ იქნება - უბრალოდ, იმ დღეებში, გუნდს და მათ შორის ხვიჩასა და ვილის, სხვა საფიქრალი ექნებათ.


„სამართლიანი ადამიანი ვარ და როდესაც შეკითხვა დამისვეს, ვეცადე გულწრფელი პასუხი გამეცა, რასაც მაშინ ვფიქრობდი, მაგრამ იმ დროს სხვა კონტექსტი იყო, მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა. საქართველოს მწვრთნელი ვარ ბოლო 5-6 წელია. თუკი ხვიჩა, სახელდება სადმე საუკეთესოდ, ყოველთვის მქონდა პატივი, რომ მის სასარგებლოდ ხმა მიმეცა, მისთვის სიტყვა შემეშველებინა, ფიფა-ს გამოკითხვა იყო ეს, თუ სხვა რაიმე ჯილდო, მაშინაც კი, როცა შეიძლება ეს, მას არ ეკუთვნოდა და ეს, არასდროს აღგინიშნავთ. არ დაგიწერიათ, ვილი მადლობა, რომ ეს გააკეთე. თუმცა, ერთხელ, როცა არ დაეთანხმეთ, ვილის აზრს გახდა პრობლემა.მე არ ვარ საუკეთესო, ვუშვებ შეცდომებსაც, მაგრამ ვარ სამართლიანი, რასაც ვლაპარაკობ და ვაკეთებ. კი, შემეძლო მეთქვა, ხვიჩა მოიგებსთქო, მაგრამ მაშინ იყო სხვა კონტექსტში ნათქვამი. მეც ვაკეთებ შეცდომებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ ეროვნული ნაკრებისთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ გულშემატკივრისთვის.  თუმცა, ამ თემის და ჩემი სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა და ამის საფუძველზე ამბის შექმნა უპატივცემულობად მიმაჩნია", - ამბობს სანიოლი.


შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის" კანდიდატებისთვის ხმის მიცემა 26 ოქტომბერს სრულდება. მანამდე კი, ვილის განკარგულებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები და მათ შორის „კვარაც" შეკრებაზე 21 სექტემბრიდან შევა. ჩვენს ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის 4 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. 28 სექტემბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე დასასწრები ბილეთები კი, ჯერ ისევ გაყიდვაშია, არადა, „დინამო არენაზე", „ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატი ითამაშებს.