
„ერთა ლიგა იწყება და პირველი კითხვა არაა მის შესახებ. როგორც ვხედავ არაა პრიორიტეტი ეროვნული ნაკრები", - ასე ცოტა უჩვეულოდ დაიწყო დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტრადიციული შეკრების წინა პრეს-კონფერენცია ვილი სანიოლსა და ქართულ მედიას შორის და ამ თემას და შესაბამისად პირველ კითხვას, აუცილებლად დავუბრუნდებით, თუმცა, მანამდე მოახლოებულ ოთხ თამაშზე და შემადგენლობაზე, რომელსაც ვილი სანიოლი უეფა-ს ერთა ლიგის სასტარტო შეხვედრისთვის ენდობა.
თუმცა, ვიდრე უშუალოდ შემადგენლობას „ჩავუღრმავდებით" ეს სტატია გვინდა იმ პასუხით დავიწყოთ, რომელიც ეროვნული ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა - როგორია სანიოლის მოლოდინები უახლოეს ოთხ თამაშთან დაკავშირებით?
„მხოლოდ ამ ოთხ თამაშთან დაკავშირებული მოლოდინები არა, ექვს თამაშთან დაკავშირებით შემიძლია ლაპარაკი. გახსოვთ ხომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონიდან დაიწყო, ავიდა C-ში და ახლა არის B დივიზიონში. ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს, უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. წინა გათამაშებაში საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით და B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატება იყო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ელიტაში A დივიზიონში დაწინაურება გვსურს. ფეხბურთელებთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა A ლიგაში თამაშზე ოცნებობს. არც ახლა არის მარტივი ჯგუფი, მაგრამ ახლა, ფეხბურთელები ბევრად გამოცდილები არიან. დიახ გვინდა ჯგუფში I ადგილის დაკავება, მაგრამ იგივე უნდა უკრაინას, უნგრეთს. უნდა ვთქვა, რომ დღეს, საკმაოდ ბევრ გუნდი თანაბარ დონეზე და შესაბამისად, ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა ბოლომდე დავიხარჯოთ", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელიც თვლის, რომ პირველი თამაში, ჩრდ. ირლანდიასთან უმნიშვნელოვანესი იქნება. რომლის მიერ დასახელებულმა შემადგენლობამ, ტრადიციულად აზრთა სხვადასხვაობა და განსჯა გამოიწვია. განსაკუთრებით ეს, დაცვის ხაზის მოთამაშეებს ეხებათ. ბუნებრივია, სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაური, მომდევნო დღეებში გადმოდის მედია სივრცეშიც. მითუმეტეს, რომ „ტრადიცია" არც ამ ჯერზე დაირღვა და ვილის ტრავმირებული ირაკლი აზაროვის საბა ხარებაშვილით ჩანაცვლება მოუხდა, რომელიც თავის მხრივ 21-წლამდეთა ნაკრებში იყო გამოძახებული.
„გულდასაწყვეტია, რომ აზაროვმა, გუშინ ტრავმა მიიღო. დღეს, ტექნიკურ სტაფთან ერთად „გავიარეთ" ეს საკითხი და რამდენიმე შესაძლო კანდიდატურაც განვიხილეთ. იყო ლაპარაკი ნარიმანიძეზე, გიორბელიძის, შენგელიას გამოძახებაც შეგვეძლო ვისაც წარსულში უთამაშია ამ პოზიციაზე და ბოლოს, გამომდინარე იქიდან, ვიცოდით მისი შესაძლებლობები, საბა ხარებაშვილზე შევაჩერეთ ყურადღება. აზაროვს ხარებაშვილი ჩაანაცვლებს", - ამბობს სანიოლო.
სხვათა შორის ვილიმ ილაპარაკა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელზე, რომლებიც მწვრთნელის თვალთახედვაში არის. ორი ჩვენმა ვერ პორტალმაც შეახსენა, თორნიკე კირკიტაძე ბათუმის „დინამოდან" და ოთო გოშაძე „ტორპედოდან". ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს „გოშაზე" ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია, თუმცა, „კირკიტაზე" თქვა, რომ მოხარულია, რადგან ფეხბურთელი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და კონკრეტულად მის პოზიციაზე, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელია, კონკურენციაც საინტერესო იქნება. ამასთან არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა ნოემბერში, ანდა სულაც 2027 წლის მარტში იყოს ნაკრებში კიდევ ცვლილებები. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ცოტა უფრო დაკონკრეტდა გიორგი მაისურაძეზე:
„მაისურაძე სხვა პროფილის ფეხბურთელია. მასთან მუშაობის გაგრძელება შეიძლება. ის არის ჩვენ გაფართოებულ სიაში. პირველი წელი უკრაინაში ჰქონდა რთული. ახალგაზრდულში ჰქონდა სირთულეები, მაგრამ ის დაბრუნდა, გაიარა ურთულესი ფაზები და აჩვენა ხასიათი და პოზიტიური დინამიკა. ის პოტენციურად იქნება მომავალში და მიეცემა შანსი", - ამბობს სანიოლი.
ბუნებრივი ვილიმ ილაპარაკა ნაკრების დებიუტანტ ოთო მამაგეიშვილზე და იმედი გამოთქვა, რომ ტყუპები ერთმანეთში არ აერევა.
„ოთო მამაგეიშვილი ადრეც იყო ჩვენს ფოკუს ჯგუფში, როცა ის, ჯერ კიდევ, საქართველოში იყო და ეროვნულ ლიგაში თამაშობდა. პორტუგალიაში, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია, სათამაშო დრო არ ჰქონდა და მისი გამოძახება რთული იყო. თუმცა, ახლა წავიდა სხვა გუნდში და ბოლო კვირების მანძილზე რაც ვაკვირდებით, კარგად თამაშობს. ტრავმის გამო გაგნიძე ვერ შემოგვიერთდება, რამაც შემადგენლობაში ერთი ადგილი გაათავისუფლა. ოთარმა კი, ვფიქრობ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს. ყოველთვის მიხარია, როდესაც გუნდში ახალი მოთამაშეები მოდიან და ნაკრების მაისურს ირგებენ. ისიც ძმის მსგავსად იმსახურებს აქ ყოფნას. გიზის უკვე ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ოთარსაც შევხვდები, დაველაპარაკები და უკეთ გავიცნობ როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს", - ამბობს სანიოლი.
და ვიდრე, „მძიმე არტილერიაზე" გადავალთ და ვილის მიერ „კიტეზე" და „ჩაკვეზე" გაკეთებულ კომენტარს დავწერთ, ალბათ, ახალგაზრდული ნაკრებიდან, ეროვნულში ამობარგებულ ორ მათგანზე მინდა ვილის მოსაზრება შემოგთავაზოთ, რომელთა ირგვლივ სოციალურ ქსელებში მთელი „გაიწი-გამოიწიე" იყო, მაგალითად, „კვერნას" რატომ არ დაუძახეს გუნდში, როცა, ის განაცხადში იყო, უბრალოდ, ვიღაცას, უფრო დაკვირვებით უნდა წაეკითხა. ან იეღოიანს, რა პოზიციაზე მოიაზრებდა ხალხი, რას აკეთებდა გუნდში და რა უნდოდა ვილის.
„იეღოიანმა კლუბში სხვა პოზიციაზე დაიწყო ამ სეზონში თამაში, მაგრამ მისი თამაში ისევე მაღალი ხარისხისაა და ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რამდენიმე თვის წინ გამოძახებული იყო ნაკრებში და წარმოაჩინა თავი. მისი უნივერსალიზმი კი მხოლოდ კარგია ჩვენთვის, რადგან უფრო ისარგებლებს ნაკრები მოედანზე მისი მოქნილობით.
კვერნაძისგან არ გამკვირვებია კარგი თამაში და ძალიან მიხარია. ადაპტაციის შემდეგ, დიდი პროგრესი აქვს. შარშან ითამაშა მეორე ლიგა იმავე შემადგენლობით, რომლითაც ახლა ასპარეზობს და ეს სტაბილურობა მასაც დაეხმარა. ბევრი იმუშავა და ძალიან მოუმატა. ახლა სეზონის დასაწყისიც შთამბეჭდავია. მას მიეცემა მეტი სათამაშო დრო", - ამბობს სანიოლი.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე და ალბათ, არც თამაშის წინა დღეს არ დააკონკრეტებს ფეხბურთელებს, ვისაც მოუწევთ, თუნდაც სასტარტო შემადგენლობაში თამაშის დაწყება. თუმცა, იმ გარემოებას, რომ სექტემბერ-ოქტომბრის ოთხ მატჩში ექნება როტაცია არ გამორიცხავს. ბუნებრივია, არც მომავალი თამაშის სისტემაზე და ტაქტიკაზე ლაპარაკობს, თუმცა, ის რომ ცვლილებები იქნება, არც ამ გარემოებას მალავს. და ასე და ამრიგად მივუახლოვდით, „ჩაკვესა" და „კიტეს", ფეხბურთელებს, რომლებიც შესაძლოა, სეზონის დასაწყისში, სხვა ფეხბურთელის მსგავსად არ იყოს სათანადო კონდიციაში.
„ყველა სიტუაცია გასათვალისწინებელია ხოლმე. შეძლება, როდესაც უყურებ „კიტეს" და „ჩაკვეს", ბოლო რამდენიმე კვირა, არ უთამაშიათ, ჰქონდათ ტრავმები, მაგრამ მათი მუშაობის დონე ნებისმიერ დროს მაღალია და ეს მათზე არჩევანის გაკეთების საბაბს გვაძლევს. ჩვენთვის ძალიან რთულია კიტეიშვილის შეცვლა, ჩაკვეტაძის შეცვლა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის იდეალურ ფორმაში, არ აქვს წუთები, რაც საჭიროა მაღალ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ მას ნაკრები ძალიან უყვარს და მისი მენტალიტეტი ბოლომდე დაგვეხმარება. მინდა, რომ ჩემს ყველა ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება", - ამბობს ვილი სანიოლი.
როდესაც ორი წლის წინ უეფა-ს ერთა ლიგის ფორმატის ცვლილებაზე იყო საუბარი და აქ, ვილი კონკრეტულად ასახელებს გერმანიას, ბერლინსა და არსენ ვენგერს, რომელთანაც სანიოლმა ფორმატის ცვლილებაზე ილაპარაკა, გაიხსენა რომ, ყოველთვის ხაზს უსვამდა გარემოებას - თუკი დიდ ქვეყნებს შეუძლიათ ბევრი ფეხბურთელიდან არჩევანის გაკეთება, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის „ეს ცოტა რთული იქნებოდა". თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება და უნდა მოვერგოთო, მიაჩნია ვილის და დასძენს, რომ ისინიც კი, ვისაც კლუბებში ცოტა სათამაშო დრო ეძლევათ, ამ შეკრების პერიოდში თამაშიდან თამაშამდე მოახერხებენ შეთამაშებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2027-2028 წლების სეზონის ოთხი თამაში დაახლოებით 10 დღიან შუალედში ელით: 25 სექტემბერს სახლში ჩრდ. ირლანდიასთან, 28 სექტემბერს, ასევე სახლში 2 ოქტომბერს გასვლაზე უნგრეთში და 5 ოქტომბერს ასევე გასვლაზე ჩრდ. ირლანდიაში.
ფოტო: (c) სფფ





ჩვენ







