
დღეს უკვე ოფიციალურად, ალექსანდრე იაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მატებაა. აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მედიასთან ბოლო შეხვედრაზე, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ თქვა, რომ ის აუცილებლად ფეხბურთში დარჩებოდა, თუმცა, რა მიმართულებით გააგრძელებდა „ფეხბურთში დარჩენას", ეს მაშინ, „კაშოს" არ დაუკონკრეტებია. სხვათა შორის, დღეს, მედიასთან ტრადიციული შეკრების წინა შეხვედრისას, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ რა გზით წავა მომავალში გურამი, მოუნდება თუ არა მწვრთნელობა, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, იგი მოხარულია, რომ „კაპიტანი" კვლავ გუნდთან დარჩა.
„კაშოს" ბოლო თამაშამდეც აღვნიშნე, რომ მისთვის საქართველო ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. რა თქმა უნდა, თავისი უდიდესი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი დამოკიდებულებით, ქვეყნის სიყვარულით ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შენაძენია ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაეხმარება განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არის ერთა ლიგაში წარმატების მიღწევა და ვფიქრობ, რომ მისი გუნდში ყოფნა ძალიან დაეხმარება ჩვენს ნაკრებს განვითრებისთვის და გამარჯვების მიღწევისთვის", - ამბობს იაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 1 ივნისს გააკეთა, 2-ში კი დაგვემშვიდობა. მოგვიანებით, „კაშომ" აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში, საფეხბურთო წრეებსა და სოცმედიაში გამოთქმული ვარაუდი, რომ გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში ახალი სტატუსით დაბრუნდებოდა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროს ოთხ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად ვილის სანიოლის გუნდი, რომლის სამწვრთნელო შტაბშიც უკვე გურამ კაშია იმუშავებს 25 და 28 სექტემბერს ჯერ ჩრდ. ირლანდიასა და შემდეგ კი, უკრაინას დაუპირისპირდება საშინაო შეხვედრებში. შემდეგ კი, უნგრეთში გამართავს შეხვედრა, ამ მარათონულ ციკლს კი, ჩრდ. ირლანდიაში დაასრულებს. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს დარჩება ორი შეხვედრაღა, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - თავდაპირველად უნგრეთთან სახლში და ბოლოს სლოვაკურ კოშიცეში, უკრაინის ნაკრებთან.





ჩვენ







