
დღეს ქართული ლეგიონის ნაწილი უეფა-ს ევროტურნირზე ასპარეზობდა, მაგალითად, გიზი მამაგეიშვილს დებიუტი ევროპა ლიგაზე, მეორე ნაწილი კი, ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ასპარეზობდა.
უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმმა" „რენს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა. გიზიმ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა „კიტე", მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა. პირველ ტაიმში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, თუმცა, „რენის" შემადგენლობაში ტომასონის გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა, „შტურმის" კოლერის გოლი კი, თამაშგარის გამო გაუქმდა. სანაკრებო პაუზამდე გრაცის „შტურმი" ავსტრიის ჩემპიონატში, 20 სექტემბერს, „ზალცბურგს" დაუპირისპირდება.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია" სტუმრად „დეპორტივოს" დაუპირისპირდა. სევილიელებმა, მიგელ სიერას გოლით, მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგეს. „ქოჩორა" თამაშში 81-ე წუთიდან ჩაერთო.
გიორგი გულიაშვილის „რასინგი" კი, „ბარსელონას" კამპ ნოუზე ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით, 7-2 დამარცხდა. გულიაშვილი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო და თამაშის მიწურულს თანაგუნდელს რომ „შეემჩნია" შესაძლოა, ქართველს ერთი გოლი გაექვითა.
ლა ლიგის მე-6 ტურის შემდეგ ქოჩორაშვილის „სევილია" 13 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო გულიაშვილის „რასინგი" 7 ქულით მეათეა.





ჩვენ







