ლიდერებმა კვლავ მოიგეს, ნათია დანელიას კი, უკვე 40 გოლი აქვს გატანილი
ლიდერებმა კვლავ მოიგეს, ნათია დანელიას კი, უკვე 40 გოლი აქვს გატანილი
14.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მცირე სანაკრებო პაუზის შემდეგ, დღეს, ქალთა ლიგის 2026 წლის სეზონის დასკვნითი ეტაპი III ტურით განახლდა. თამაშები, როგორც ზედა, ასევე ქვედა ჯგუფში გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, რომელსაც რეალურად მცირედი კორექტივის შეტანა შეეძლო სატურნირო მდგომარეობაში ბათუმში, „ჯონი ბაკურიძის" სახელობის სტადიონზე გაიმართა და „ბათუმმა", ცხრილის ლიდერს, „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლა.


თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ გუნდების დაპირისპირებამ მოლოდინი არ გაამართლა. მასპინძლებმა, თბილისელთა კარის მიმართულებით, მხოლოდ შეხვედრის 43-ე წუთზე სცადეთ დაერტყათ. ანგარიში კი, მეორე წუთზე, ბათუმელთა მეკარისა და მცველების შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა, რითაც კარგად ისარგებლა კესო მეტონიძემ და საგოლე გადაცემა გაუკეთა ქეითი გოდენს, რომელმაც ანგარიშიც გახსნა და ამ მონაკვეთში, ჰეთ-თრიქიც შეასრულა. მე-12 წუთზე უკვე თავად კესომ გაიტანა, გვანცა ქადაგიშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ. 21-ე წუთზე ქრისტინა ბაკარანძემ თითქმის მოედნის ცენტრიდან მოძებნა სოლანჟ კარვალიაში, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. ტაიმის მიწურული კი, გოდენის (24', 41') იყო, „ნიკე-ლუსომ" პირველი ტაიმი 0-5 მოიგო. თუმცა, ალბათ, ანგარიში უფრო დიდიც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა მარიამ ჭრიკიშვილის თავდადება. თუმცა, ისევე, როგორც მეორე ტაიმში, სადაც მასპინძლებმა მხოლოდ ერთხელ, 65-ე წუთზე კუთხურიდან მოახერხეს მეტოქის შეწუხება. კარში გამოცდილი ხატია ჭყონია ურტყამდა, თუმცა, ალბინა ფომჩენკო, რომელიც თათია გაბუნიას ანაცვლებს, ბურთს ადგილზე დახვდა. 77-ე წუთზე კი, ამ შეხვედრაში ბოლო გოლი თეონა ბაქრაძის გადაცემით თაიზიამ, გაიტანა. მატჩი კი, 0-6 დასრულდა „ნიკე-ლუსოს" გამარჯვებით.


ტურის შეხვედრა მოიგო „ლანჩხუთმაც", რომელმაც სფფ-ის გვიბალაურის საფეხბურთო ცენტრში „ლანჩხუთმა" „კვარტალს" უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პირველი და ბოლო გოლები ნათია დანელიამ (10', 72') გაიტანა, რომელსაც დღევანდელი ტურის შემდეგ, უკვე 40 გოლი აქვს გატანილი და მიმდინარე სეზონში, ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ტაიმისთვის დამატებულ დროში, გაიტანა ნინო ბუხრიკიძემაც. თბილისელები კი, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე, ეთერ სულაშვილის მიერ 56-ე წუთზე გატანილმა გოლმა საბოლოოდ შეაგუა მარცხს.


ზედა ჯგუფის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.


ქვედა ჯგუფში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. რუსთავში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „თეთრიწყარო", რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ, ლანა გორგაძისა და თამარ კვალიაშვილის გოლების წყალობით იგებდა, საბოლოოდ, ქულები დაკარგა „მართვესთან". ქუთაისელებიდან 57-ე წუთზე ბარბარე მანაგაძემ შეამცირა სხვაობა, 88-ე წუთზე კი, მანონი საღარაძემ „მართვეს" ქულა გადაურჩინა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.  


თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერემ" 4-0 მოახერხა „რაჭა 2020"-ის დამარცხება. ანგარიში მე-19 წუთზე ანა პავლიაშვილმა გახსნა. მომდევნო ორი გოლი სესილი გაბრელიანის (43', 56') ანგარიშზეა, რომელმაც გათამაშების ამ ეტაპზე უკვე ოთხი გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი, 73-ე წუთზე ნინო ბერიძემ დააფიქსირა.


ქალთა ლიგის მომდევნო ტური, როგორც ზედა, ასევე ქვედა ჯგუფებში 20 სექტემბერს არის ჩანიშნული.