26-ე ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილში ბათუმის „დინამო“ ლიდერობს
26-ე ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილში ბათუმის „დინამო“ ლიდერობს
13.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტური დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს მატჩები გორსა და თბილისში გაიმართა.


გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილასა" და ბათუმის „დინამოს" დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა. თუმცა, გორელებმა ამ შეხვედრაში მხოლოდ ანგარიში გახსნეს. 39-ე წუთზე გოლი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა, თუმცა, ტამისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სანდრო ალთუნაშვილის გადაცემით ლუკა წულუკიძემ, მიმდინარე სეზონში მორიგო გოლი გაიტანა, ამ შეხვედრაში კი, ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები უფრო აქტიურები იყვნენ, ბურთიც აკონტროლეს, კარშიც დაარტყეს და საბოლოოდ, მეორე გოლიც გაიტანეს. 63-ე წუთზე ალთუნაშვილმა მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა და ამჯერად იმრანს გაატანინა. 81-ე წუთზე ბათუმელებმა მეტოქის კარში გატანილი გოლები არ იკმარეს და ამჯერად, ენეს მაჰმუტოვიჩმა, შოთა შეყილაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, უერდი მარა გააგდეს. ასეა თუ ისე, ტურის დასრულებამდე ბათუმის „დინამომ" 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.


ბათუმელებთან შედარებით ოთხი ქულით და ორი თამაშით ნაკლები აქვს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „იბერია 1999"-ს, რომელმაც თბილისში, მიხეილ მესხზე, საკმაოდ რთულ შეხვედრაში, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე მოახერხა თამაშის მოგება „სპაერთან". თამაშის ძირითად დროს კი, გიორგი ყრუაშვილმა 15 წუთი დაამატა - თამაში „სასწრაფოს" მოლოდინში იყო შეჩერებული, რადგან თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა არაა სტადიონზე, თამაშის მსვლელობა პროტოკოლით უნდა შეჩერდეს. ამ შემთხვევაში კი, სასწრაფოს „სპაერის" ფეხბურთელი  ბილი ჯიბრილის კლინიკაში გადაყვანა მოუხდა, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე დაშავდა. აი, „იბერია 1999"-ს კი ანგარიშს გახსნა პირველ ტაიმში შეეძლო.  43-ე წუთზე კუთხურის შემდეგ გიორგი ჯინჯოლავას დარტყმული ხარიხას მოხვდა. ჯინჯოლავას უკავშირდება მასპინძელთა მეორე მომენტი „სპაერის" კართან. ამჯერად, გიორგის საჯარიმო დარტყმული კედელს მოხვდა და ბურთი გიორგი კუციას მიუვიდა, რომლის უძლიერესი დარტყმული მეკარემ აიღო. ამის შემდეგ, რამდენიმე მომენტი გაანიავა „სპაერმა". ალბათ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სტუმრებს კლასი დააკლდათ. უმნიშვნელოვანესი გოლი კი, მოქმედმა ჩემპიონმა, როგორც აღვნიშნეთ, თამაშის ბოლოს გაიტანა. „სპაერის" შეტევა საკუთარ მოედანზე ვაჰიდ სელიმოვიჩმა შეაჩერა და მისი გადაცემაც ჯინჯოლავას მისამართით ზუსტი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელი მარტივად გასცდა მეტოქეს და ვახო ბედოშვილზე გააკეთა გადაცემა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. „იბერია 1999"-მა 1-0 გაიმარჯვა.


ხვალ,  14 სექტემბერს, ამ ტურის სამი შეხვედრა გაიმართება:


16:00 „მეშახტე" - „რუსთავი"

19:00 „ტორპედო" - „სამგურალი"

21:00 „დინამო თბილისი" - „გაგრა"


ფოტო: "დილა" / ნინი ქიქავა