კვერნაძე გათამამდა, გაგუაც აღარ ხუმრობს - ქართული ლეგიონის ამბები არასრულ უიქ-ენდზე
13.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუნებრივია, რაც უფრო ახლოვდება სანაკრებო თამაშები, ქართული ლეგიონის ამბები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. უეფა-ს ერთა ლიგის განახლებული ფორმატიდან (კალენდრის თავისებურება გვაქვს მხედველობაში), ალბათ, მნიშვნელოვანია ჩვენი ლეგიონის ფიზიკური მზადყოფნა, რადგან ბევრ ფაქტორს, მოახლოებულ ოთხ სანაკრებო შეხვედრაში, სწორედ, ფეხბურთელების ფიზიკური კონდიცია გადაწყვეტს. ამას გარდა, ჩვენი ლეგიონის ნაწილს, საკლუბო შეხვედრების გამოტოვება ტრავმების გამოც უწევს. ყოველივედან გამომდინარე, ჩვენი ლეგიონის ცალკეული წარმომადგენლის წარმატებას ახლა, ოქროს ფასი აქვს.


გიორგი კვერნაძე გათამამდა და იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად, „ფროზინონეს" ქართველმა ლეგიონერმა „ჯენოას" გაუტანა. შეხვედრის დაწყებიდან მალევე, მე-14 წუთზე „კვერნა" კარგად გაიხსნა მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს, მოახერხა ერთი მცველის მოტყუება და არც მეკარის წინაღობის დაძლევა გაჭირვებია. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველის ზედიზედ მეორე გოლია  სერია A-ში. აი, მისმა გუნდმა კი, მოგება ვერ მოახერხა და შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. გიორგი თამაშის მიწურულს შეცვალეს. „ფროზინონე" კი, 4 ტურის შემდეგ, 7 ქულით მე-8 ადგილზეა.


გიორგი ქოჩორაშვილი სათამაშოდ 71-ე წუთზე შევიდა და 10 წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა. სწორედ, 81-ე წუთზე ხუან იგლესიასის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ესპანური ლა ლიგის მე-5 ტურში „სევილიამ" მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოახერხა „ვალენსიის" დამარცხება და ტურის დასრულებამდე, 10 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ტური კი, 14 სექტემბერს „ვილიარეალისა" და „ბეტისის" დაპირისპირების დასრულდება, სადაც გიორგი მიქაუტაძის გუნდი შეეცდება უკვე ქულების დაგროვებას საშინაო შეხვედრაში და თან, „ბეტისსსაც" არ გადაუშვებს ნაკრებში თანაგუნდელის კლუბზე წინ.


ესპანური თემა, რომ გავაგრძელოთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე" სრული შეხვედრა ითამაშა „რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა, მადრიდის „რეალის" წინააღმდეგ. მისი გუნდის ბედი კი, პირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვეტილი იყო, რადგან ტაბლოზე უკვე, 3-0 ენთო მასპინძლების წინააღმდეგ, საბოლოოდ კი, ქართველის გუნდმა 4-1 წააგო.


ტრავმის შემდეგ, მინდორს უბრუნდება გიორგი გულიაშვილი, რომლის „რასინგმაც" ამ ტურში „ალავესი" 2-1 დაამარცხა. ქართველი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ამ მომენტისთვის მისი გუნდი უკვე წინ იყო ანგარიშში. თუმცა, ბოლოსკენ, შეხვედრა საკმაოდ დაიძაბა, სანტანდერელებს კაცი გაუგდეს. მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში კი, ქართველის შეცვლა გახდა საჭირო. იმედია, „გულიშას" შეცვლის მიზეზი, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში, კვლავ ტრავმა არაა.


და აქვე გეტყვით, რომ ხვალ , 13 სექტემბერს, საბა საზონოვის „ხეტაფე", „დეპორტივო ლა კორუნიას" უმასპინძლებს. და ალბათ, აქვე ვთქვათ, რომ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ქართველების „კადიზი", მე-5 ტურში, მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა „ლას პალმასთან", თუმცა, გიორგი გოჩოლეიშვილიც და იური ტაბატაძეც ამ დღეს ტრავმების გამო სკამზე აღმოჩნდნენ.


გერმანიის ბუნდესლიგაში ფრედ, 1-1 ითამაშა ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა" ბრემენის „ვერდერთა". ქართველის გუნდმა კარგად იწყებდა და ალბათ, მე-8 წუთზე 11-მეტრიანიც, რომ გაეტანათ, კიოლნელებს სანერვიულო აღარაფერი ექნებოდათ, თუმცა, პენალტი მეტოქის მეკარემ მოიგერია, თუმცა, ორ წუთში მასპინძლებმა მაინც გახსნეს ანგარიში. მეორე ტაიმში კი, 69-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, დაცვა ჩავარდა, ბრემენელებმა კი გაათანაბრეს და ქულა გადაარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში ლუკამ 12-ჯერ მოგერიება და 91%-იანი სიზუსტით გააკეთა გადაცემები, მაინც დაბალი შეფასება მიიღო, თუმცა, ისევე, როგორც მთლიანად, „კიოლნის" დაცვითმა ხაზმა. კიოლნი სამი ტურის შემდეგ, 4 ქულით, მე-11 ადგილზეა.


კვლავ გიორგი მამარდაშვილის გარეშე ითამაშა „ლივერპულმა" საშინაო შეხვედრა „ფულემის" წინააღმდეგ. ალბათ, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის, განსაკუთრებით მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ, ყველაზე მტკივნეული თემა, „უთამაშებელი" მეკარეა. თუმცა, აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ ნაკრებთან ერთად, ეს გიორგისთვის პრობლემა არ იქნება.


საფრანგეთის ლიგა 2-ში საგოლე გადაცემა მიითვალა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველის „სენტ ეტიენი" მე-6 ტურში გასვლით შეხვედრაში 2-1 დამარცხდა „დიუნკერკისთან". ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე ზურიკოს გადაცემით, ბოაკიემ გახსნა, თუმცა, მეორე ტაიმში 5-წუთიან მონაკვეთში გაშვებული ორი გოლი, ქართველის გუნდს, 3 ქულად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, 6 ტურის შემდეგ, „სენტ ეტიენი" 15 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.


სლოვაკეთის ჩემპიონატში, სადაც რეალურად ესპანეთის შემდეგ, ყველაზე მეტი ქართველია კონცენტრირებული გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა" 19 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ნაიკის ლიგის მე-7 ტურში კი, რომელშიც ქართველის გუნდმა გასვლით შეხვედრაში 1-4 დაამარცხა „ტრენჩინი" გაგუას ანგარიშზე ორი გოლია  (18', 39') წუთებზე. ზოგადად, ქართველმა ამ შეხვედრაში ორივე გუნდის რიგებიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.


აქვე გეტყვით, რომ ამავე ტურში გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის „ტრნავამ" საშინაო შეხვედრაში „კოშიცე" 5-2 დაამარცხა. ქართველებს გოლები არ გაუტანიათ, თუმცა, ორივემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოგვიანებით ორივე შეცვალეს.


დღეისათვის სულ ეს იყო, თუმცა, ხვალ კიდევ საკმაოდ საინტერესო თამაშები გველის და ჩვენც ველოდებით ქართველების ნაყოფიერ ასპარეზობას.