
დღეს საღამოს გიორგი გველესიანმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე პირად სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი - ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.
იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი - ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.
ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია - მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს - თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.
მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე ბოლომდე!"- წერს გიორგი გველესიანი.
გველესიანის ამ პოსტს თითქმის ყველა დინამოელი გამოეხმაურა, უფრო ყოფილები, ვის გვერდითაც გიორგის წლები აქვს გატარებული. თუმცა, ვიდრე საქართველოს მთავარ კლუბთან მიღწეულ წარმატებებზე ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ნიჭიერი ქართველი მცველის სანაკრებო გზა ცოტა „გვიან" დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, გველესიანმა პირველი შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ითამაშა პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგაც. თუმცა, პირადად ჩვენი ნაცნობობა „გეველსასთან", ბევრად ადრე დაიწყო, როგორც დინამოელთან. „დინამო თბილისის" შემადგენლობაში, ამავე სკოლის აღზრდილმა 2010-2017 გიორგიმ 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს" რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი. იყო „დინამო თბილისის" კაპიტანიც. ასე რომ, ვიმედოვნებთ, გიორგის მისი მშობლიური კლუბი საფეხბურთო კარიერის ბოლოს ღირსეულად გააცილებს.






ჩვენ







