
ამ სტატიის დაწერა თურქეთში, ქართველი მეკარის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა. ამას გარდა, ერთი კვირის წინ პოლონელი ფანების ერთ ჯგუფზეც მოგიყევით. ასე და ამრიგად, ახლა ჩვენი მეზობელი, თურქი ფანების ერთ-ერთ ჯგუფზეც მინდა გითხრათ ორის სიტყვა. უფრო ზუსტად, არასწორად ინტერპრეტირებულ სტატუსზე და ფანების რეალურ ბრაზზე, როგორც ალბათ, ყველა იმ ქვეყნის ქომაგებისთვის დამახასიათებელი იქნება, სადაც საფეხბურთო ფან-კულტურა განვითარებულია.
ფეხბურთი არა მხოლოდ ბურთით, არამედ ემოციების თამაშიც არის და თან მხოლოდ მწვანე მინდორზე კი არა, ტრიბუნაზე და შემდეგ, გარეთაც... მაგრამ მოედანს მიღმა, როდესაც თამაში სრულდება, ყველანი ადამიანები ვართ. ლუკა გუგეშაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები კი, ჩვენი აზრით მხოლოდ საფეხბურთო გაუგებრობაა. თურქულ კულტურაში, ისევე როგორც ქართულში ოჯახი ყველაზე წმინდა ღირებულებაა და ლუკას რეაქციაც, სწორედ, მისი მეუღლის დაცვის მცდელობა იყო და არა ვინმეს მიმართ მუქარა. ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ ქართველი მეკარის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი წინადადების ერთი ფრაზა - „მათ, ვინც კლავიატურას ამოეფარა და იქიდან ლაპარაკობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: სიცოცხლე გრძელია, დედამიწა კი პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სადმე სხვაგან..." მუქარად არიქვეს. არადა, აქ უფრო, სწორედ, იმ ურთიერთობებზე იყო ლაპარაკი, რომელიც წლები გრძელდება და ძირითადად მინდვრის გარეთ, სპორტსმენებსა და ფანებს შორის. მაგალითი შოთა და არჩილ არველაძეები შემიძლია მოვიყვანო, რომელთა სახელებსაც არა მხოლოდ, საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო წრეებში და კულუარებში, არამედ თურქულ ფილმებსა და სერიალებშიც ხშირად გაიგებთ.
თუმცა, მხოლოდ ჩვენი ბიჭის დადანაშაულება, ან მისი გუნდიდან მოკვეთა, მხოლოდ იმის გამო, რომ დაიცვა ოჯახი და ეს მისი სწრაფი რეაქცია იყო, თუნდაც ჩვენი, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რომლისგანაც არც თურქები დგანან შორს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი იქნებოდა. აქ, საქმე ბევრად უფრო ღრმაა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას, თუ გნებავთ, ფანების ძველ წყენებს უკავშირდება. იზმირელებს, ზოგადად, უცხოელი მეკარეების მიმართ, რაღაც თავისებური, არცთუ ისე კარგი გამოცდილება აქვთ. წინა სეზონებშიც, როდესაც ბალკანეთიდან თუ, საბერძნეთიდან მოჰყავდათ მეკარეები და ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არ უმართლებდათ, ფანების ქცევაც ანალოგიური სცენარით თამაშდებოდა. მითუმეტეს, ბერძნული კლუბებიდან გადმოსული მეკარეები აღიზიანებდათ და თუ რატომ, აქ ისტორიულ სიღრმეებში არ ჩავალ. თუმცა, ფანების მთავარი გაღიზიანება იცით რა არის? კლუბის აკადემიის აღზრდილი, ადგილობრივი ფავორიტი არდა ოზჩიმენი, რომელსაც ბევრჯერ გადაურჩენია „გიოზთეფე" რთულ დროს და რომელიც ამჟამადაც სკამზე აღმოჩნდა. ხალხი კითხულობს, თუ გვყავს ჩვენი, რატომ მოგვყავს ისევ იჯარით სხვა ქვეყნიდანო? ჰოდა, ამ სატრანსფერო ვალდებულებებმა, რომელიც ხშირად იზმირში კი არა, უცხოურ სატრანსფერო ჰოლდინგებში წყდება, პირველივე წარუმატებლობისას ააფეთქა სიტუაცია.
ცნობისთვის, „გიოზთეფეს" აქციების საკონტროლო პაკეტს (70%) ფლობს საფეხბურთო ჰოლდინგი Sport Republic, რომლის ხელმძღვანელიც ცნობილი სერბი ბიზნესმენი დრაგან შოლაკია. ეს ჰოლდინგი, ინგლისურ „საუთჰემპტონს" (Southampton) მფლობელიც არის და ფართო კავშირები აქვს ბალკანეთისა და საბერძნეთის საფეხბურთო წრეებთან. მათ შორის, მჭიდრო სააგენტო ურთიერთობები „პაოკთან". გამომდინარე აქედან, თურქული კლუბის ტრანსფერების ბედი, ხშირად, არა უშუალოდ იზმირში, არამედ ჰოლდინგის სკაუტინგის სისტემის მიერ წყდება, რაც ფანების თვალში „თავსმოხვეულად" და არაპრაქტიკულად ფასდება.
ამჯერადაც, პირველივე წარუმატებლობისას ლუკა გუგეშაშვილის ახალ კლუბში სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, აქ არის ერთი „მაგრამ"! როდესაც მატჩის დებიუტში, მასპინძელი გუნდი მე-5 და მე-10 წუთებზე უშვებ გოლს, ვითარება, ნებისმიერ ქვეყანაში და განსაკუთრებით იქ, სადაც რადიკალი ფანები არიან, ვითარება ანალოგიურად, თუ უარესად არა, დაიძაბებოდა. ამ ორი გოლის შემდედ, შენი გუნდის ფეხბურთელი აცუდებს 11-მეტრიანს და ტაიმის ბოლოს, ისევ ორ გოლი გადის შენს კარში. პირადად, მე არ მინდა ჩემს გუნდს ეს ვუსურვო, თუმცა, უარესიც მინახავს. გაგაკრიტიკებენ, დაგისტვენენ და ალბათ, გაგინებენ კიდეც. ეს დიდი ფეხბურთის, და მით უმეტეს, თურქული სუპერლიგის დაუწერელი კანონია. სუპერლიგა კი, პირადად ჩემი აზრით, ევროპული ფეხბურთის ტოპ ხუთეულში თუ ვერა, ათეულში უეჭველად შედის და ამაში დიდი წილი ფან-კულტურაზეც მოდის.
შესაბამისად, ფანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში და არა, „როცა მეცლება შემოვივლი", სთხოვენ პასუხებს კლუბს, ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, რაღა თქმა უნდა ამას მოითხოვენ ფეხბურთელებისგანაც და ეს ურთიერთობა სრულიად ჯანსაღია. არ მიწყენს არავინ თუ ვიტყვი, რომ მათ შორის დიდი აგრესია და სტვენა, რომელიც სტადიონზე იგრძნობოდა. აქვე კვლავ დავაფიქსირებ, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი ბიჭის მიმართულებით არ იყო, თუმცა, ისევ თურქულ მედიას თუ ვენდობით, და ისეც, ვინც მსგავს სტადიონებზე თამაშს დასწრებია, მთელი წნეხი მეკარეზე გადადის. უნდა მოეთმინა თუ არა? ახლა, როდესაც ცივ გონებაზე ფიქრობ, ალბათ, კი. თუმცა, იქ, როცა ცოცხლად ხდება ყველაფერი, ცოტა რთულია ემოცია გააკონტროლო, რა ძლიერი ნერვების პატრონიც არ უნდა იყო. შესაბამისად, ემოციურ ფონზე, სოციალურ ქსელში გაკეთებულმა ლუკას სტატუსმა და აქცენტებმა, რომელიც კვლავ ჩემს აზრზე დავრჩები, „ოჯახის" დაცვის მიზნით გააკეთა (თუმცა, ალბათ, ჯობდა, სიტუაცია განმუხტულიყო და მერე გაერკვია ურთიერთობა) დიდ საფეხბურთო გაუგებრობასა და სკანდალში გადაიზარდა.
მე დღემდე ვცდილობ ლუკასთან დაკავშირებას, თუმცა ფეხბურთელი ამ ეტაპზე კავშირზე არ გამოდის. სამაგიეროდ, სოციალური ქსელებიდან ვიცი, ფანების ძირითადი სიბრაზის მიზეზი -უცხოელი მეკარეების არასტაბილურობა. ფანები ხშირად იხსენებენ წინა სეზონების უცხოელ მეკარეებს, რომელთა ტრანსფერებიც საბერძნეთის ან თურქეთის სხვა კლუბებიდან განხორციელდა, შემდეგ კი, ფსიქოლოგიური წნეხის გამო პრობლემად გადაიქცა.
ამას გარდა, ზევითაც აღვნიშნეთ და აქაც ვიტყვი, „გიოზთეფეს" ფანები მხარს უჭერენ აკადემიის აღზრდილ მეკარეს, არდა ოზჩემენს. ისე, ცოტა ლუკას თემას ჩამოვშორდები და პირად გამოცდილებას გეტყვით ქართველ მეკარეებზე, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან კარგები არიან და შემდეგ იკარგებიან. გიფიქრიათ რატომ? ან სიტყვაზე იგივე ლუკა, ან „მამარდა", რომ უცხოეთში არ წასულიყვნენ, თუნდაც, წლების წინ, გიორგი ლორიას არ ეთამაშა უცხოეთში, ქართული რეალობიდან რამდენს „გაქაჩავდნენ". ჰო, აქ იმასაც ვიტყვი, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონეზე არ მაქვს ლაპარაკი და ბევრ ჩემს კოლეგასაც ვერ არა, არ დავეთანხმები, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის ორ თამაშზე არ ყოფილან ზედიზედ და „ბარსელონებით", „მანჩესტერებით", „ბაიერნებით" და „იუვენტუსებით" მელაპარაკებიან ქართული ჩემპიონატის დონეზე. აი, მეკარეებს რაც შეეხება კი, რატომღაც გვგონია, რომ უცხოელი შენს კარს უკეთ დაიცავს. შორს რომ არ წავიდე, ოთო გოშაძეს მოვიყვან მაგალითად, რომელიც მთელი თუ არა, მიმდინარე სეზონში ნახევარი გუნდია და აბა, გაიხსენეთ, რა რთული გზა გაიარა „გოშამ"?
მოკლედ, „თუ გვყავს პერსპექტიული ადგილობრივი მეკარე, რატომ ვიხდით ფულს იჯარაში სხვა ქვეყნის კლუბისთვის?" აი, ეს არის მთავარი საკითხი რაზეც „გიოზთეფეს" ქომაგები წუხან, დაობენ და ჩხუბობენ კიდეც. ლუკა კი, ამ ემოციურ ფონზე, კვლავ ვიტყვი, ჩემი პირადი მოსაზრებით, უბრალოდ გაუგებრობის ქარცეცხლში მოექცა.
კი, იქ პირველ ტაიმში 11-მეტრიანი გააცუდეს, მეორეში ფეხბურთელი გაუგდეს. თუმცა, მეკარე ყველაზე ახლოს იყო და თანაც, ხომ ვიცით, რომ ლუკა იქ უცხოელია... ეს კი, დიდი ფეხბურთის კიდევ ერთი დაუწერელი წესია, რატომღაც. ჩვენთანაც, საქართველოშიც, როდესაც გუნდი ვერ თამაშობს და კრიზისია, ძირითადი დარტყმა, პირველ რიგში, მაინც უცხოელზე მიდის ხოლმე. ბუნებრივია, რომ ლეგიონერისგან ყოველთვის ორმაგს ითხოვენ და როდესაც საქმე არ მიდის, განტევების ვაცის პოვნა, ყველაზე მარტივად, მაინც ჩამოსულ ფეხბურთელში ხდება, ან მწვრთნელებში.
და ბოლოს ის, რაც „გიოზთეფემ", კლუბმაც, ფანებმაც და კიდევ მედიის შეუვალმა ნაწილმა (ასეთები საქართველოშიც ბევრი გვყავს და თან, ბოლო დროს ინფლუენსერებმაც აუბეს მხარი) ლუკას მხრიდან, მუქარად აღიქვეს, ჩემი აზრით, უბრალოდ ადამიანური შეხსენება იყო - იზმირი არ არის უზარმაზარი მეგაპოლისი, ფეხბურთელები და ფანები ხშირად ერთსა და იმავე ლოკაციებზე, კაფეებში, ქუჩებში მოძრაობენ. ჰოდა, აქ შეხვედრისას, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა და გამარჯობის თქმა არ უნდა „გაგვიტყდესო". დავიჯერო, თურქეთში, სადაც ოჯახის კულტია და დღემდე, უხუცესის სიტყვას არ გადადიან, იმ ფეხბურთელს, რომლის ორსულ ცოლსაც ლანძღავდნენ, რეალური შეხვედრისას, უკვე მერე, ცივ გონებაზე არ ინანებდნენ? ან თავად, მსგავსი რომ დამართვნოდათ, რას მოიმოქმედებდნენ?
მანამდე კი, ლუკა ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ბერძნული კლუბიდან პასუხს ელის და იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო თამაშებზე აუცილებლად ჩვენთან ჩამოვა, სადაც მას ველით!





ჩვენ







