ფუტსალის ეროვნულ ნაკრების მოახლოებული მეინ-რაუნდის წინ კარგი ვარჯიშ გამოუვიდა
ფუტსალის ეროვნულ ნაკრების მოახლოებული მეინ-რაუნდის წინ კარგი ვარჯიშ გამოუვიდა
10.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2028 წლის ჩემიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. კლავ ჩეხეთის ნაკრებთან და ამჯერად ფრედ, 2-2 ითამაშა. დღევანდელი თამაშის შემდეგ, ავთანდილ ასათიანი იტყვის, რომ საერთო ჯამში სპარინგებით კმაყოფილია.


„ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, გვერგო ისეთი ნაკრები მეტოქედ, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში.  თამაშებმა დაგვანახა ჩვენი ძალა. შეგვიძლია ბრძოლა თანაბრად. მოგეხსენებათ ჩეხეთი პირველი კალათის გუნდია. პირველი თამაში ძალიან კარგად გავაანალიზეთ. გვინდოდა, რომ ის შეცდომები აღარ გაგვემეორებინა და მეორე თამაშში, პირველი ტაიმი კარგად წავიდა. რეალურად მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ორბურთიანი ფორა ავიღეთ. თუმცა, რაღაც მომენტში გამოჩნდა რომ ფიზიკურად აშკარად გვაჯობეს. უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ ფიზიკურად თამაშის ბოლოს ოქტომბერში კარგად ვიყოთ და ნატვრა, ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ავიხდინოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.  


დღევანდელი მატჩი კი, სტუმრებისთვის მოულოდნელად დაიწყო. პირველივე წამებზე ჩეხებმა კუთხური მოაწოდეს, თუმცა, მეკარისთვის დაბრუნება მოუხდათ და აქ, საკუთარ კარში გაიტანეს. ასე კურიოზულად, 50-ე წამზე გაიხსნა ანგარიში. შეხვედრის პირველი ტაიმი უფრო ასათიანი გუნდის უპირატესობით წარიმართა, გუნდი ქმნიდა მომენტებს თუმცა, გოლამდე საქმე არ მიდიოდა. სამაგიეროდ, ალი  ასლანს „სეივები" უგროვდებოდა". დასანანია, რომ ამ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრას, რომელიც პირველი თამაშისგან განსხვავებით, ხისტიც იყო და მხოლოდ პირველ ტაიმში, მონაკვეთის დასასრულს ორივე გუნდმა „ბეწვის ხიდზე" გაიარა (5-5 ჯარიმა ჰქონდათ), გულშემატკივარი არ ესწრებოდა. რეალურად შეხვედრის ამ მონაკვეთში, ტაიმის მიწურულს, ჯანიკო გიორგაიას ჰქონდა ანგარიშის გაზრდის ყველაზე რეალური მომენტი.


მეორე ტაიმის საწყისი წუთები კვლავ ჩვენი ნაკრების აქტიურობით დაიწყო და 27'21" წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილის გადაცემით, ირაკლი თოდუამ ანგარიში ორამდე გაზარდა. ვარჯიშებზე დამუშავებული სტანდარტი, ასათიანის გუნდმა უშუალოდ თამაშის დროს კარგად შეასრულა. თუმცა,  დაახლოებით ერთ წუთში, 28'51" ჩეხებმა გაგვიტანეს. დავიდ დროზდის გადაცემის შემდეგ, რომელმაც პირველ ტაიმში ავტოგოლი გაგვიტანა, ამჯერად ადამ კნობლოხიმ ჩვენს კარში გაიტანა. სტუმართა გუნდი ხასიათზე მოვიდა და უფრო გააქტიურდა, ჩვენებს კი, მეორე ტაიმის მიწურულს ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან დაღლა შეეტყოთ. ამით კი,  ჩეხეთის ნაკრებმა კარგად ისარგებლა და 36'01" წუთზე მეორე გოლიც გაგვიტანა - აქ, რეალურად კაცი „გაგვეპარა" და ჩვენი ცარიელი კარის ხაზზე მყოფს ამ გოლის გატანა არ გასჭირვებია. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა (იხილეთ ბმული).


მატჩის შემდეგ, შეკრება და ჩეხეთთან სპარინგები, რომლებთანაც ურთიერთშეხვედრების ისტორიაში პირველი ქულა ავიღეთ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ვახტანგ ჯვარაშვილმა შეაჯამეს (იხილეთ ბმული).  


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში, საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს კოსოვოს შინ უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება.