
დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტური დაიწყო. თამაშები ამჯერად, ორ კალენდარულ დღეზეა გადანაწილებული. დღეს სამი მატჩი გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა, „რუსთავმა" ქულები „სპაერთან" შეხვედრაში დაკარგა, ბათუმის „დინამომ" კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" დაამარცხა, „რუსთავის" მსგავსად 43 ქულა დააგროვა - სატურნირო ცხრილში კი, ორხელისუფლებიანობა დამყარდა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივი „სამგურალი" 1-3 დამარცხდა გორის „დილასთან". გორელებმა პირველ ტაიმში ერთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. მასპინძელთა კარი 21-ე წუთზე მამინ სანიანგიმ ანგარიში გახსნა, 22-ე წუთზე კი, საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე გოლი შოთა შეყილაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზევე გორელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გოლის გატანა. ამჯერად, 49-ე წუთზე მოჰამედ კანტემ გაიტანა. თამაშის მიწურულს, 85-ე წუთზე კლაუდიო სებოლინიამ ერთი ბურთი გაქვითა. ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში, გორელები მე-5, წყალტუბოელები კი, მე-7 ადგილზე არიან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გათამაშების ლიდერმა „რუსთავმა" მიხეილ მესხი 2-ზე გასვლით შეხვედრაში „სპაერთან" ქულები გაიყო. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში 26-ე წუთზე საკმაოდ საინტერესო ვითარებაში გაიხსნა. მასპინძლებმა გოლამდე ორი წუთით ადრე სახიფათო სტანდარტული დაარტყეს, რომელიც კუთხურით გაგრძელდა, კუთხურის ქაოსს კი, პენალტი მოჰყვა, რომელიც VAR-ის რეკომენდაციით გაუქმდა. თუმცა, რუსთაველთა კართან ეს არეულობა, საბოლოოდ, მაინც გოლით დასრულდა. 26-ე წუთზე გოჩა ცირდავამ გაიტანა. თუმცა, რუსთაველებმა მალევე აღადგინეს ანგარიში. ლიდერ გუნდს, წონასწორობის აღსადგენად 7 წუთი დასჭირდა - ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაცემით, ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაათანაბრა ანგარიში.
დღის მესამე დაპირისპირებაში, რომელიც ბათუმში გაიმართა „დინამომ" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" 2-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი მე-11 წამზე შეიძლებოდა გასულიყო, თორნიკე კირკიტაძის დარტყმულს ბაქარ ქარდავა, რომ არ გადაფარებოდა. ისე მოხდა, რომ სწორედ, ეს ორი ფეხბურთელი ამ შეხვედრის „დადებითი" და „უარყოფითი" გმირები გამოდგნენ. ალბათ, უარყოფითიც იმიტომ ითქმის, რომ თბილისელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ 12 წუთიან შუალედში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუხდა. თორემ ქარდავამ ტრადიციულად სტაბილურად კარგი შეხვედრა ჩაატარა. რეალურად, უკვე დამატებულ დროშიც, ქარდავას მოედანზე ყოფნა ბევრს ვერაფერს გადაწყვეტდა, რადგან დღევანდელი შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ბურთს სტუმრები უფრო ხშირად ფლობდნენ, თამაში მასპინძლებმა გააკონტროლეს. ყველაზე აქტიური კი, თორნიკე კირკიტაძე იყო, რომელიც განახლებულ ჩემპიონატში განსაკუთრებით გამოირჩევა არა მხოლოდ ბათუმელთა რიგებში, არამედ, ეროვნულ ლიგაში. აქვე ჩვენს პირად მოსაზრებას დავწერ, ალბათ, ლოგიკური იქნება თუ „კირკიტას" ეროვნული ნაკრების სექტემბრის შეკრებაზე ვიხილავთ. სხვათა შორის, თორნიკეს, კარგად უწყვილდება იმრანიც, რომელიც მესამე ქართულ კლუბში, იწყებს უკვე გაშინაურებას. ეს კი, იმის ნიშანია, რომ მეტოქე გუნდებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ანგარიში 62-ე წუთზე სწორედ იმრანის გადაცემით გაიხსნა, გოლი მაურიდესმა გაიტანა. 87-ე წუთზე კი, იმრანის გადაცემით თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა.
ტური ხვალ, ორი თამაშით გაგრძელდება. 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისი" ტყიბულის „მეშახტეს" უმასპინძლებს. 21:00 საათზე კი, პეტრო არენაზე „გაგრა", „ტორპედოს" დაუპირისპირდება.
ფოტო: სკ „სპაერი" / გიორგი დიაკონიძე





ჩვენ







