ქართველები მედიისა და გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში არიან
ქართველები მედიისა და გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში არიან
09.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად ვითარდებოდა დღევანდელი დღე ქართული ლეგიონისთვის.


დავიწყოთ გიორგი მიქაუტაძიდან, რომელიც „ვილიარეალთან" ერთად პირველი ჩაება უეფა-ს 2026-2027 წლების სეზონის ევროტურნირებში. ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში ქართველის გუნდი გერმანიაში, ჟორჟისთვის ალბათ ისტორიულ სტადიონზე, „სიგნალ იდუნა პარკზე" საბოლოოდ 3-2 დამარცხდა დორტმუნდის „ბორუსიასთან". თუმცა, შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო და დრამატული, სადაც პირველი და ბოლო, ავტოგოლები გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდში ამჯერადაც წვიმდა, წვიმიანი „სიგნალ იდუნა პარკი" კი, ჩვენც კარგად ვიცით რას ნიშნავს (თუმცა, ამჯერად სახურავიდან ჩანჩქერებისთვის თვალი არ მომიკრავს), პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა. თამაში საკმაოდ დაძაბული იყო და ქართველს, რომელმაც სასტარტოდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა, ანგარიშის გახსნაც შეეძლო. თავიდანვე ვთქვათ, რომ მიქაუტაძე მთელი 90 წუთის განმავლობაში იყო ძალიან აქტიური, მოძრავი და სახიფათო. „ყვითელ" დორტმუნდშიც, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" სწორედ, ჟორჟის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ „ამოყვინთა" და ქართველის დაწყებული მომენტი სანტიაგო მოურინიოს გოლით დასრულდა. ანგარიში კი, მასპინძლებმა მეორე ტაიმში ავტოგოლით გახსნეს. აქ, „ვილიარეალი" რომელმაც ეს მონაკვეთი შედარებით აქტიურად დაიწყო, ცოტა გაიყინა. თუმცა, ამ მომენტის შემდეგაც, ჟორჟს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის ერთი მცდელობა. მანამდე კი, ის საგოლე გადაცემა დაგვამახსოვრდა - კუთხურიდან ჩაწოდებული. მატჩის კულმინაცია კი ბოლო 10 წუთს, მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთი იყო და აქ, მთავარი როლი სერუ გირასიმ მოირგო. გვინეელმა ჯერ, საკუთარი გუნდის სასარგებლოდ დუბლი შეასრულა, აი, კომპენსირებულ დროში კი, ავტოგოლიც მიითვალა. შესაძლოა, მსგავსი სცენარით მოვლენები ოდნავ ადრე, რომ განვითარებულიყო, „ვილიარეალს" შეეძლო ქულის გადარჩენა, თუმცა, ამ ჯერზე ეს არ მოხდა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში „ვილიარეალი"  ოთხი ტურის შემდეგ ჯერ-ჯერობით არ გამოიყურება სახარბიელოდ და ამის შესახებ ჩვენც ვწერდით.


ნიდერლანდებში, „ერედივიზიონში" კარგად მიდის ჩვენი ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრის ირაკლი იეღოიანის ამბები. ქართველის გუნდმა, დღეს, მესამე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა გასვლაზე, „ნაიმეგენთან" და ფრედ, 2-2 ითამაშა. ანგარიში ამ შეხვედრაში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, „ექსელსიორმა" 43-ე წუთზე გაათანაბრა. საგოლე გადაცემა კი, დევიდ გარდენს სწორედ, ირაკლიმ გაუკეთა. ამ მომენტისთვის იეღოიანს, 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა აქვს უკვე აქტივში. ქართველის გუნდი 5 ტურის შემდეგ, „ერედივიზიონში" 10 ქულით მე-4 ადგილზეა.


პირადად ჩვენი ვერსიით, უფრო გაუგებრობაა ლუკა გუგეშაშვილის თავს, რომელსაც სოცქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, თურქი, კონკრეტულად კი, „გიოზთეფეს" რადიკალური ფანების რისხვა დაატყდა თავს. 7 სექტემბერს, თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში, ქართველის გუნდი საშინაო შეხვედრაში 2-4 დამარცხდა „გაზიანთეფთან". აღსანიშნავია, რომ ორი სწრაფი გოლის შემდეგ, მასპინძლები უკვე 0-2-ს აგებდნენ. ამის შემდეგ, ტანზანიელმა მიროშმა 11-მეტრიანი გააფუჭა, ტაიმის მიწურულს კი, სტუმართა პოლონელმა ლეგიონერმა „გუგეშას" კარში კიდევ ორჯერ გაიტანა და ტაიმი 0-4 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ. ამას დაემატა, მეორე ტაიმში, მასპინძელთა რიგებიდან გაძევებული ოგიუნ ბაირაქი და მიუხედავად, იმისა, რომ ამ მონაკვეთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს, შეხვედრა საბოლოოდ წააგეს, მთელი ჯოხი კი, ქართველ მეკარეზე გადატყდა, რომელის სოციალურ ქსელში გულშემატკივარზე განაწყენებული სტატუსი გამოჩნდა. ფანების სექტორმა კი, სტატუსი არ გაატარა და ქართველ მეკარეს საკმაოდ მწვავე კრიტიკით უპასუხა სოციალურ ქსელებში. ამ მომენტამდე, თავად სტადიონზე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა - მეოთხე გოლის შემდეგ, ქომაგებმა ქართველ მეკარეს სტვენა დაუწყეს, რაზეც გუგეშაშვილმა ანიშნა „ასე გაეგრძელებინათ"... შესვენებაზე, ქართველი მეკარე შეცვალეს. შემდეგ კი, იცით უკვე სოციალურ ქსელში გადაინაცვლა ბატალიებმა. ბოლო ინფორმაციით, „გოზთეფემ" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება: „გუშინ საღამოს, „გაზიანთეფთან" თამაშის შემდეგ  მომხდარი ინციდენტის გამო, ჩვენმა კლუბმა დაიწყო სადიციპლინო პროცესი A (მთავარი) გუნდის ფეხბურთელის ლუკა გუგეშაშვილის მიმართ. დისციპლინარული პროცესის დასრულებამდე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ივარჯიშებს. საზოგადოება მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში, რომელი ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა.


მოკლედ, ქართველის მიმართ, კრიტიკა დიდია. ქართული მედია წერს, რომ ლუკას ეს საქციელი, ლაპარაკია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, გამოიწვია გარემოება, რომლის მიხედვიათაც მატჩის განმავლობაში ტრიბუნებიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლუკას ფეხმძიმე მეუღლეს, რომელიც თამაშს სტადიონიდან ადევნებდა თვალს. ამას საპასუხოდ, „გიოზთეფეს" ფანებმა მატჩს დროს ლუკას ჟესტების ენით საუბრის გარდა, მისი სტატუსიც არამეგობრულად აღიქვეს, განსაკუთრებით, სოცქსელებში მუსირებს ფრაზა „ქუჩაშიც შევხდებით", რაც ჩვენი პირადი ვარაუდითა და ლუკას ხასიათიდან გამომდინარე, უფრო არასწორი ინტერპრეტაციით იყო გაგებულიც და სავარაუდოდ, თურქულ ენაზე გამოქვეყნებულიც. ზოგადად ლუკა, სოციალურ ქსელში არაა აქტიური. შესაბამისად, ვცდილობთ, გავარკვიოთ რა მოხდა. მანამდე კი, ფაქტია, რომ ქართველი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ახლადაწყებულ ჩემპიონატში მის კარში უკვე 11 გოლია გატანილი.


მაგრამ დღე მაინც ოპტიმისტურად დავასრულოთ, უფრო ზუსტად სტატიის წერის მომენტში უკვე ახლი დღის ათვლაა დაწყებული ამ დღეს კი, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბრატისლავას „სლოვანს" შეხვდება. მედია ამ ეტაპზე, „კვარასთან" მიმართებაში, რომელიც დღეს, „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ოფიციალურად კვლავ დასახელდა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საკითხებითა დაინტერესებული. შესაბამისად, „სლოვანთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზეც, ლუის ენრიკეს ჟურნალისტებმა სწორედ ამ შინაარსის შეკითხვა დაუსვეს - რა ელის კვარაცხელიას და დემბელეს კონტრაქტებსო. რაზეც ესპანელმა მოკლე, თუმცა, ამომწურავი პასუხი გასცა: „ფეხბურთელები და მწვრთნელები გუნდებში მოდიან და მიდიან. თუმცა, აბსოლუტურად  მშვიდად ვარ, რადგან კლუბს საუკეთესო სპორტული დირექტორი და პრეზიდენტი ჰყავს, რომლებიც ყოველთვის გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებენ. თქვენ ახსენეთ ჩვენთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ყველაფერზე მშვიდად მოვილაპარაკეთ და მომავალშიც ასე იქნება", - აღნიშნა ლუის ენრიკემ.


ფრანგული გუნდის ესპანელი სპეციალისტი სავარაუდოდ „სლოვანთან" შეხვდრის წინ ამ სიმშვიდის გადატანას გუნდზეც შეეცდება, თუმცა, თავად კარგად იცის, მისი გუნდისთვის შედეგებიდან გამომდინარე, სეზონი კატასტროფულად დაიწყო, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ცდილობ დააფასო ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება და არის რაღაცები გასაუმჯობესებელიო.


„როდესაც სახლში თამაშობ, არის რაღაცეები, რაც შეიძლება შენს სასარგებლოდ წავიდეს. თუმცა, სეზონის დასაწყისიდანვე ვხედავთ, რომ მატჩები შეიძლება სწრაფად გართულდეს. ხვალ მაქსიმალური ინტენსივობა უნდა გამოვავლინოთ. როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყოს, მოედანზე ჩვენი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ", - ამბობს ლუის ენრიკე.


ასე, რომ დაველოდოთ, 9 სექტემბრის დღის ბოლოს და დღის შეჯამებისას ეს კომენტარიც გავიხსენოთ.