ტატა მატვეევას გუნდმა ორივე მოსამზადებელი სპარინგი მოიგო
ტატა მატვეევას გუნდმა ორივე მოსამზადებელი სპარინგი მოიგო
09.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანში შეკრება და მის ფარგლებში გამართული ორი სპარინგი წარმატებით ჩაატარა. ტატა მატვეევას გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის თამაშებისთვის ემზადება, სამშობლოში ამაღლებულ განწყობაზე ბრუნდება.


ბაქოში ჩვენმა ნაკრებმა, აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორი შეხვედრა გამართეს. პირველში მინიმალური ანგარიშით, 0-1 გაიმარჯვეს. ერთადერი გოლი, ამ შეხვედრაში 41-ე წუთზე თეკლა ბერიძემ გაიტანა.


მეორე შეხვედრაში კი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 0-4 გაიმარჯვა. ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში 26-ე წუთზე ქუთაისის „მართვეს" ფეხბურთელმა თამარ მარუაშვილმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე ანა დავითულიანმა კი, სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმი ქართული გუნდისთვის უხერხულად დაიწყო. 57-ე წუთზე, უხეში თამაშისთვის, ნინი ვეკუას, მსაჯებმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს და მატვეევას გუნდი, ათი ფეხბურთელის ამარა დარჩა. თუმცა, გუნდმა თამაშის სადავეების შენარჩუნებაც მოახერხა და კიდევ ორი გოლიც გაიტანა. 79-ე წუთზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ლიზი ბახტაძემ მოახერხა მესამედ მეტოქის კარის აღება, 88-ე წუთზე კი, მარიამ დარჩიაშვილმა გაიტანა.


შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ბაქოში 20 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფებოდა - მეკარეები: ანასტასია გოგელია („კოლხეთი" ხობი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: მარიამ ჩალაძე („რუსთავი"), ანასტასია მარგიანი („ვინგსი"), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე"), ნინი ვეკუა („ნორჩები"); ნახევარმცველები: ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ანა დოლიშვილი („კვარტალი"), ელენე თვალჭრელიზე („მართვე"), ანი დავითულიანი („ვერე"), თამარ მარუაშვილი („მართვე"), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი"); თავდამსხმელები: ლიზი ბახტაძე („სპაერი"), ნატა მიქელაძე („ბათუმი"), სესილი გაბრელიანი („ვერე"),  ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი", ესპანეთი), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), სალომე ბერიანიძე („სპანგა", შვედეთი).


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლადე გოგონათა ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს. ჩვენი მეტოქეები B ლიგის მე-4 ჯგუფში უელსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. B4 ჯგუფის მინი-ტურნირი კი საქართველოში, კერძოდ თბილისში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი წინა შესარჩევში, რომელიც ჩრდ. მაკედონიაში გაიმართა, მასპინძელი გუნდის გარდა, ლუქსემბურგსაც ეთამაშა. ასე, რომ მომავალ მეტოქეებს, მეტ-ნაკლებად ვიცნობთ და უკეთესადაც, შეგვიძლია მათ დასახვედრად მოვემზადოთ, რასაც ჩვენი გუნდი ცდილობს, რომ გააკეთოს.