
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა სეზონი გახსნა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ვიდრე სალიცენზიო პერიოდი დაიწყება, მათ შორის ქართულ გუნდშიც ბევრი სიახლე იქნება. თუმცა, მანამდე ახალი პროგრამით, კოსტუმებითა და შემართებით, ჩვენი სპორტული ცეკვების წარმომადგენლებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა 2026-2027 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყეს.
დიანამ და გლებმა ტოკიოში, „კინოშიტას თასზე" დამაჯერებლად იასპარეზეს. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ ახალია და შესაბამისად, დახვეწას საჭიროებს, ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირზე ჩვენებმა ორი პროგრამის ჯამში 189.99 ქულა დააგროვეს, პირველი ადგილი დაიკავეს და მეორე ადგილზე გასულ რუსულ წყვილს, ვასილისა კაგანოვსკაიასა და მაქსიმ ნეკრასოვს, 5.81 მეასედით აჯობა. თუმცა, დავიწყოთ თანმიმდევრობით.
დიანამ და გლებმა რიტმულ ცეკვებში, რომლის თემატიკაც წელს საერთაშორისო საციგურაო კავშირის მოთხოვნით „რიტმი და ვალსია". აქვე განვმარტავთ, ყოველწლიურად რიტმული ცეკვებისთვის ISU (საერთაშორისო საციგურაო კავშირი) აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილე სპორტსმენებს სთავაზობს თემას. თავის მხრივ, „რიტმი და ვალსი"-ს თემაზე შექმნილ პროგრამაში, ასევე ოფიციალური კრიტერიუმით, ნომერში, აუცილებლად ვალსის გარდა უნდა ყოფილიყო, სხვა დინამიური, რიტმული ნაწილიც. ამრიგად საქართველოს წარმომადგენლების ცეკვა, ვალსის თემა, დინამიური ტანგოთი გააჯერეს და საკმაოდ საინტერესო ნომერიც მივიღეთ. ე.წ. „ოქროს ვალსის" ნაწილი (სპეციფიკური ნაბიჯების სქემა), რომელსაც მსაჯები ყველაზე მკაცრად აკვირდებიან და აფასებენ, კარგად იყო შერწყმული კრეატიული ცეკვის ელემენტებთან, ნაბიჯების სერიასთან, სინქრონულ ტვიზლებთან და მოკლე აწევასთან (ლიფთ). აქ ჩვენებმა საკმაოდ მაღალი შეფასება 79.74 (44.43 /35.31) ქულა დაიმსახურეს და თავისუფალი პროგრამის წინ, 5.53 მეასედით გადაუსწრეს.
თავისუფალ პროგრამაში, რომელიც ტოკიოში, რამდენიმე საათის წინ დასრულდა, ბუნებრივია ქართული წყვილი ყინულზე ყველაზე ბოლოს გამოვიდა და შესაბამისად, ყველა მეტოქის შედეგიც იცოდა. აქ მთავარი იყო, პროგრამა მშვიდად და სუფთად შეესრულებინათ რაც რეალურად, ჩვენებმა მოახერხეს, თუმცა, რუსულ წყვილთან შედარებით, სულ რაღაც 0.35-ით დაბალი შეფასება, 110.25 (58.65 /52.60) ქულა დაიმსახურეს და მართალია, თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, ჩელენჯერის ამ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
2026-2027 წლების სეზონში, თავისუფალ პროგრამაში, პირველ შეჯიბრზე, დიანამ და გლებმა, ე.წ. მუქი ატმის ქაფის (ყოველ შემთხვევაში ეკრანზე ასე ჩანდა) ფერის დახვეწილი კოსტიუმით იასპარეზეს. საკონკურსო მონაცემებისა და საერთაშორისო საციგურაო კავშირის (ISU) ინფორმაციით, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის ახლად დაწყებული სეზონის თავისუფალი პროგრამის მუსიკა, თავად დიანამ შექმნა AI-ს დახმარებით, თავდაპირველად ბლუზის სტილში, მოგვიანებით კი, აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულება მისცა. მუსიკაში გაჟღერებული სიტყვები და ვოკალური პარტია გენერირებულია ნეიროქსელების (ხელოვნური ინტელექტის) მეშვეობით. თემა კი, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სამყაროსა და ბგერებს განსხვავებულად, და რას ნიშნავს გრძნობდე მუსიკას მაშინაც კი, როდესაც ის სრულად არ გესმის.
საქმე ისაა, რომ ფიგურულ ციგურაობაში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა სიახლე უკვე არ არის. ეს ხერხი, განსაკუთრებით 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ გახდა ტრენდული და თანაც გამოსავალი, რადგან სპორტსმენებს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ იურიდიულ პრობლემებს არიდებს თავიდან. თუმცა, დიანასა და გლების შემთხვევაში AI-ს დახმარებით შექმნილი ეს კომპოზიცია, სპორტსმენების პირად ისტორიასთანაც კავშირშია.





ჩვენ







