
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 6 და 9 სექტემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ტატა მატვეევას გაწვრთნილი გუნდი ბაქოში, აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სექტემბრის ბოლოს, საქართველოს ნაკრების კი, ოქტომბრის ბოლოს აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს.
წილისყრით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მე-4 ჯგუფში უელსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. როგორც წილისყრის დასრულების შემდეგ ვიტყობინებოდით, B4 ჯგუფის მინი-ტურნირი საქართველოში, კერძოდ თბილისში გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა მეტოქეები კი, უელსის, ჩრდ. მაკედონიისა და ლუქსემბურგის გუნდები იქნებიან. ტატა მატვეევას გუნდი წინა შესარჩევში, რომელიც ჩრდ. მაკედონიაში გაიმართა, მასპინძელი გუნდის გარდა, ლუქსემბურგსაც ეთამაშა. ასე, რომ მომავალ მეტოქეებს, მეტ-ნაკლებად ვიცნობთ და უკეთესადაც, შეგვიძლია მათ დასახვედრად მოვემზადოთ, რასაც ჩვენი გუნდი ცდილობს, რომ გააკეთოს.
ოქტომბრამდე კი, მატვეევას გუნდს, ბაქოში, როგორც უკვე გითხარით, ორი ამხანაგური მატჩის გამართვა მოუწევს:
6 სექტემბერი / აზერბაიჯანი - საქართველო / 16:00
9 სექტემბერი / აზერბაიჯანი - საქართველო / 11:00
აღნიშნული თამაშებისთვის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბა და დღეს, აზერბაიჯანში 20 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ანასტასია გოგელია („კოლხეთი" ხობი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: მარიამ ჩალაძე („რუსთავი"), ანასტასია მარგიანი („ვინგსი"), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე"), ნინი ვეკუა („ნორჩები"); ნახევარმცველები: ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ანა დოლიშვილი („კვარტალი"), ელენე თვალჭრელიზე („მართვე"), ანი დავითულიანი („ვერე"), თამარ მარუაშვილი („მართვე"), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი"); თავდამსხმელები: ლიზი ბახტაძე („სპაერი"), ნატა მიქელაძე („ბათუმი"), სესილი გაბრელიანი („ვერე"), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი", ესპანეთი), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), სალომე ბერიანიძე („სპანგა", შვედეთი).
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







