ბევრი გვაქვს სასწავლი, უბრალოდ, „რიბამ“ გამახსენა
ბევრი გვაქვს სასწავლი, უბრალოდ, „რიბამ“ გამახსენა
05.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალბათ, გახსოვთ თბილისში, უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ, ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ქომაგი, მეტსახელად „რიბა". არა, არაფერი ცუდი აღარ მოსვლია. პირიქით, ყოველდღიურად თავს კარგად გრძნობს, მისი ახლობლები კი, დაზარალებული გულშემატკივრის პოლონეთში გადასაყვანად თანხას უყრიან თავს.


ამ სტატიის დაწერა, უბრალოდ, ერთმა გარემოებამ გადამაწყვეტინა - გულშემატკივრობამ. სოლიდარობა, ერთიანობა, ეს ქართველებმაც კარგად ვიცით, ხშირად უფრო გასაჭირში და ამ გარემოებით, ალბათ, ყველამ უნდა ვიამაყოთ. სხვათა შორის, ქართული კლუბების გულშემატკივარის ერთიანობის მაგალითიც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო და ახლა მათი დახმარებით ის ადამიანი, ცოტა გაზრდილი, კვლავ ტრიბუნაზე, სექტორშია.


ახლა, მოდით გავიგოთ ვინ არის „რიბა", ესეც იმიტომ, რომ უბრალოდ საფეხბურთო გულშემატკივრის კატეგორიზაციაზე მცირე მოგითხროთ. დახმარებისთვის, საქართველოში ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ფანების ტრიბუნას მივმართე, რომლებსაც წლებია, მჭიდრო კავშირები აქვთ „კოლეგებთან" სხვადასხვა ქვეყნიდან. ხშირად მათ ტრიბუნაზეც კი მასპინძლობენ ხოლმე. ჰოდა, მათგან გავიგე, რომ თბილისში, მესხის ტრიბუნიდან ჩამოვარდნილი „იაგელონიას" ფანი იყო ე.წ. მოჩხუბარი, „ჰულიგანი".


ახლა შევეცდები ავხსნა თუ რა არის ეს. ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივარი, იყოფა რამდენიმე კატეგორიად და ოფიციალურად შვიდი კატეგორიაა:

       I. ულტრასები (Ultras) და ფანატიკოსები;

      II. ჰულიგნები (Hooligans);

    III. ტრადიციული/ერთგული გულშემატკივრები (Die-hard / Diehard Fans);

    IV. "პაპარაცები" ან კორპორატიული ფანები (Prawn Sandwich Brigade / Corporate Fans);

     V.  გლორიჰანტერები (Gloryhunters) ან წარმატებაზე ორიენტირებული ფანები;

    VI. პერსონალური ფანები (Player-Followers);

  VII. ტელე-გულშემატკივრები (Armchair Fans);


და არის კიდევ ერთი კატეგორია, მე უფრო „კასტას" დავარქმევდი, რომლებსაც კრებით სახელად, განსაკუთრებით ჩვენ მედია „კლავიატურშიკებს" ვეძახით. თანამედროვე ფეხბურთში, ისინი, ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და ხმაურიან ჯგუფს წარმოადგენენ, თან ისე, რომ ხშირად, მთლიან მატჩსაც კი, არ იყურებენ. სამაგიეროდ, პოსტავენ, პოსტავენ, პოსტავენ და ტროლავენ... მოკლედ, სპორტულ მედიასა და საფეხბურთო ჟარგონში მათ რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: „კლავიატურის მეომრები" (Keyboard Warriors), „ტვიტერის/სოცქსელების ექსპერტები", ან უბრალოდ, საფეხბურთო ტროლები.


სამწუხაროდ, ჩვენთან, საქართველოში, ძირითადად, ეს მე-8 „დაჯგუფება" არის ყველაზე ომახიანი და მრავალრიცხოვანი. არიან კიდევ პერსონალური ფანები, გლორიჰანტერები, კორპორატიული VIP გულშემატკივარი და საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიციული, აი მამიდან შვილს, რომ გადაეცემა ისეთი ფანები (ეს ბოლო, ყველაზე დაბალია პროცენტულობით).


საქართველოში, რეალურად „ულტრასი" და „ჰულიგანი" მიმდინარეობა, თუ სიმართლეს ჩავხედავთ თვალებში, მხოლოდ ერთ კლუბს ჰყავს... პირდაპირი გაგებით. სხვები, ცდილობენ მიმსგავსებას, თუმცა, ბოლომდე მაინც არ არიან (ახლა, ისიც ვიცი, ამ პოსტის დროს, უცბად, „ქეიბორდ ვარიორსებად" გადაიქცევიან და ნეგატივითაც „ამომტენიან"). აი, ტელე-კატეორია, ხომ გვყავს და გვყავს. ალბათ, ამ ბოლომ, სტადიონზე სიარული რომ დაიწყოს, ჩვენს ფეხბურთს ბევრად ეშველება. აქვე განვმარტავ, რომ არც ერთი ეს ჯგუფი, არ ასოცირდება ეროვნული ნაკრების ქომაგებთან, რადგან იქ სასწორზე სამშობლო და სხვა ღირებულებები დევს. საქართველოში კი, ხშირად ამ დროს უპირობოდაც ვერთიანდებით ხოლმე. აი, ეს უმაგრესი თვისება გვაქვს.


ახლა, როცა ასე თუ ისე გავარკვიეთ ვინ ვართ და სად ვართ, „რიბას" დავუბრუნდები. პოლონურ საფეხბურთო სუბკულტურაში „ულტრასები" (ვინც შოუს, ბანერებსა და სიმღერებს აორგანიზებს) და „ჰულიგნები / მოჩხუბრები" (ე.წ. Hooligans / Chuligani / Bojówki) მკაცრად გამიჯნული, სხვადასხვა იერარქიის ჯგუფებია. „ჰულიგნები", კიდევ უფრო ჩაკეტილი, გასაიდუმლოებული კასტაა, რომლებსაც მედიასთან კომუნიკაციის კატეგორიული შიდა აკრძალვა აქვთ. სწორედ, ამით ვხსნი, იმ გარემოებას, რომ „იაგელონიას" დაზარალებული ფანის ზუსტი ასაკი და სახელიც კი ვერ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფეხებთან დაეცა.


„ჰულიგნების" წევრები, განსაკუთრებით პოლონეთში, ძალიან მკაცრად კონტროლდებიან პოლიციის მიერ. შესაბამისად, მედიასთან ყოველგვარ კონტაქტს ერიდებიან, რათა არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ასე და ამგვარად, მეც თამაშგარეში აღმოვჩნდი, მთელი ჩემი კეთილი განწყობის მიუხედავად. „ჰულიგნები" ცალკე „კოდექსით" არსებობენ, „იაგელონიას" ფანის შემთხვევაში კი, ბიალისტოკის მთელი საფეხბურთო თემი, „ულტრასებიდან" დაწყებული, რიგითი ქომაგებითა და თავად კლუბის ხელმძღვანელობით დასრულებული - ერთ მუშტად შეიკრა მის გადასარჩენად. პოლონეთში მის დასახმარებლად ფინანსურ მობილიზაციასაც, სწორედ ეს იერარქიები აკეთებენ.


დიახ, პოლონურ ფან-კულტურაში ჩვეულებრივი ამბავია, რომ „ულტრასები" (ვინც შოუს აკეთებს) და „ჰულიგნები" (ვინც ჩხუბობს) ერთმანეთს ვერ იტანენ, ან გამიჯნულები არიან. თუმცა, „რიბას" შემთხვევამ აჩვენა, რომ კრიტიკულ მომენტში ბიალისტოკში ყველა დაჯგუფება გაერთიანდა. ოფიციალური ფან-ასოციაცია (Dzieci Białegostoku) კი, ახდენს ფინანსების მობილიზებას, ხოლო SBT-ის წევრები ადგილზე, თბილისში ფიზიკურად იცავდნენ მის ინტერესებს კლინიკაში. უფრო ზუსტად მის გვერდით იყვნენ, რადგან დიდად დასაცავი ინტერესი, ქართული სტუმართმოყვარეობიდან და მით უმეტეს, დაზარალებულის სტატუსიდან გამომდინარე, „რიბას" არც არაფერი ჰქონია.


ზოგადად, პოლონურ საფეხბურთო იერარქიაში „იაგელონია" ცნობილია თავისი უკომპრომისო და აგრესიული „ჰულიგნური" დაჯგუფებებით. „იაგელონიას" მთავარი და ყველაზე ელიტური ხულიგნური დაჯგუფება (ე.წ. Bojówka), რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სხვა კლუბებთან ჩხუბებსა და რადიკალურ ქმედებებზე, არის „Sportowy Białystok" (ასევე ცნობილია როგორც SBT Team / Sportowy Białystok Team). მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის პოლიციის რეპრესიების გამო, ბევრი ძველი ლიდერი წლების წინ დააკავეს, SBT (Sportowy Białystok) დღემდე რჩება მთავარ ძალად, რომელიც აკონტროლებს „იაგელონიას" ტრიბუნის ე.წ. „მძიმე" ნაწილს. ბიალისტოკში ხულიგნური სცენა ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ე.წ. „Dragons" (დრაკონები) ძველ ბირთვთან. თუმცა, ეს კიდევ ცალკე სტატიაში გასაშლელი თემაა.


აქ, კი ეს ყველაფერი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ დავწერე, რომ ქართული კლუბის, „იბერია 1999"-ის ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე, ერთ-ერთი იუთუბერის, უფრო, ტელე-გულშემატკივარსა და „ქეიბორდ ვარიორს" შორის რომ არის და თანაც, „გლორიჰანთერობასაც" „ჩალიჩობს", ფეხბურთელისადმი და მწვრთნელისადმი, დასმულმა კითხვამ დამაფიქრა, რას იტყვით, მესხზე მოსულ გულშემატკივარზეო... რა ვიცი, პასუხიც ხომ შაბლონურია, „მადლობა! სტიმულია! ძალას გვმატებს..." და მერე რა? მომდევნო თბილისურ თამაშზე, რომელსაც წინ, პირველ რაუნდში, პოლონეთში, გუნდის ფერებში  გადავსებულ და 90 წუთის მანძილზე მოგუგუნე სტადიონს და იქ მოთამაშე ჩვენს გუნდს ვუყურეთ, რა მოხდა ერთ კვირაში აქ? მაქსიმუმ 3 სექტორში გულშემატკივარი და შესაბამისად, ცარიელი სტადიონი. გაკვირვებული პოლონელი ჟურნალისტები - ცოტა სხვა სურათს ველოდითო. რატომ? რადგან სანაკრებო თამაშებზე რეკორდი რეკორდზე მოვხსენით. აი, საკლუბო რომ დიდად არ გვანაღვლებს ფაქტია!


ჰო, ასეა იქ, პოლონეთში  კლუბის ფერებში გამოწყობილი და გადატენილი სტადიონები ექსტრაკლასაზეც და ევროტურნირებზეც, სტადიონზე ყველა კატეგორიის ფანს იქ, თავისი ადგილი აქვს. მიდიან თამაშამდე ბევრად ადრე და დღეს ირგებენ, მღერიან, ქომაგობენ, ლუდსაც სვამენ, ზოგჯერ იმდენს, რომ აგერ, ტრიბუნიდანაც კი, გადმოვარდა ერთი. საკუთარ ფეხბურთელს საყვედურობენ, უსტვენენ კიდეც, მაგრამ დედას არ აგინებენ  (!) და შეურაცხყოფას არ აყენებენ, ჯერ ტრიბუნიდან და შემდეგ სოცქსელებში. სხვათა შორის არც მეტოქე გუნდისას... კი, ვიღაც არაადექვატური გამონაკლისი იქაც „გამოხტება", მაგრამ ის გამონაკლისია... დადიან საშინაო და გასვლით თამაშებზე...


მოკლედ, ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. უბრალოდ, „რიბამ" გამახსენა.