მომავალ კვირას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ სპარინგს გამართავს
მომავალ კვირას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ სპარინგს გამართავს
04.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რამდენიმე დღეა შეკრებაზე იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატის 2028 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება. ამჯერად, მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში ავთანდილ ასათიანის გუნდი, ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 და 10 სექტემბერს გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.


ამავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 15 ფეხბურთელით ემზადება. მათ შორის სამი დებიუტანტია - ბექა გოგსაძე, გიგი ლომაია და ვანო ბექაური.


ამ მომენტში კი, შეკრებას ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით გადის - მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა გოგსაძე (კსუ), გიგი ლომაია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი");  წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტან ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლევან სვანიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), ვანო ბექაური (არმია), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").


მეინ რაუნდის თამაშები 2026 წლის ოქტომბერსა და 2027 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მე-10 ჯგუფში კოსოვოსა და იტალიის ნაკრებებს სახლი-გასვლის პრინციპით დაუპირისპირდება. მომდევნო ეტაპზე კი, ჯგუფიდან გამარჯვებულები გადიან. მეინ რაუნდში საერთო ჯამში 12 ჯგუფი შედგა, შესაბამისად გადის 12 პირველადგილოსანი და ამას გარდა, პირდაპირი წესით, 4 საუკეთესო მეორე შედეგის მქონე გუნდი. კიდევ 8 მეორეადგილოსანი კი, ელიტ რაუნდში მოსახვედრად ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს. '