
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდმა მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა:
„25 სექტემბერს, დინამო არენაზე, უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა, უეფას სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, უეფასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები. აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ფეხბურთელები მატჩზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.
შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების 10-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომელთა რეგისტრაციასაც შესაბამისი საფეხბურთო სკოლები განახორციელებენ", - ნათქვამია სფფ-ს ოფიციალურ ცნობაში.
ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით უპირველესად ქომაგების ტრიბუნის მოსაზრებით, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წლებია ყველგან დაჰყვებიან და ქომაგობენ. ალბათ, გამონაკლისი, მხოლოდ კოვიდის დროს გამართული თამაშები იყო, სადაც ტრიბუნაზე მხოლოდ მედია, ისიც შეზღუდული რაოდენობით იყო, გუნდებს კი, მათ შორის ჩვენსას თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე უწევდა. თუმცა, ამჯერად, ეს გარემოება სულ სხვა მიზეზით არის გამოწვეული და რეალურად, ქომაგები და ის გულშემატკივარი, რომელიც წლებია ეროვნულ ნაკრებს უდგას გვერდში და ზოგადად ქართულ ფეხბურთს, სწორედ, ბავშვების სტადიონზე შევარდნის გამო დაისაჯნენ. თავად, ქომაგთა ტრიბუნაზე ნაწილს მიაჩნია, რომ სულ არაფერს, მაშინ როდესაც ჩრდ. ირლანდიას რეგლამენტით 200 გულშემატკივრის ჩამოყვანა შეუძლია (ესეც უეფა-ს წესებით რეგულირდება), ტრიბუნაზე ბავშვების ყოფნაც დიდი საქმეა - „საქართველოს იყვირებენ"-ო. სხვათა შორის, ჩვენი მხრიდან იყო მცდელობა და რამდენადაც ვიცი, სფფ-ც აქტიურად იყო ჩართული, რომ ტრიბუნაზე ქომაგთა გოგონათა ფრთის წარმომადგენლები მაინც შეეშვათ, თუმცა, ფეხბურთის ევროპული სახლიდან, ამ ვარიანტზე უარი მივიღეთ და საბოლოოდ, ჩვენი ფეხბურთის მომავალს მივანდეთ ახალი შესარჩევი ციკლის გახსნით შეხვედრაში ქართველთა გუნდის მატჩი, რომელიც საბოლოოდ, შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ოფიციალურად რამდენი საფეხბურთო სკოლა და აკადემიაა რეგისტრირებული ქვეყნის მასშტაბით და გავარკვიეთ რომ ასეთი 106. თუმცა, ამ სპორტული საფეხბურთო სკოლებიდან და აკადემიებიდან, ვინ ჩაეტევა ე.წ. „დედლაინში" (ვადებში) და ფედერაციაში წარადგენს ბილეთების მიღების სურვილს, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ერთი რაც ცნობილია, ისაა, რომ ბავშვებს გოგონებს და ბიჭებს 10-დან 14-წლამდე თან აუცილებლად მწვრთნელები ეყოლებათ მხლებლებად. აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ ხსენებული კატეგორია, იმ ბავშვებს შეარჩევს, რომლებმაც კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიებში წარმატებით, უბრალოდ დაიმსახურეს იყვნენ პრივილეგირებულნი - ეს, მათ თანატოლებს ბიძგს მისცეს, რომ მათაც „მოუმატონ". ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ ტრიბუნებზე მოიქცევიან სამაგალითოდ და მთელი მატჩი, ჩვენს, საქართველოს ნაკრებს უქომაგებენ.





ჩვენ







