
მართალია ცოტა შეცვლილი შემადგენლობით, თუმცა, „დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდი იწყებს იქიდან, სადაც 2025 წლის შესარჩევ ციკლში შეაჩერეს - უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პირველ რაუნდში ქართული კლუბი და აღნიშნულ ასაკში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, კვლავ მინსკის „დინამოს" დაუპირისპირდება. იმედს, ვიტოვებთ, რომ თუკი საქმე 11-მეტრიანებამდე მივა, ამჯერად, ვასილ გეგუჩაძის გუნდი, ამ საფეხბურთო ლატარიისთვის უფრო მომზადებული იქნება. თუკი, ბელარუსებს, კვლავ ნეიტრალურ მინდორზე მოუწევთ საპასუხო თამაში და გუნდი სათამაშო მოედნად, კვლავ საქართველოს სტადიონს შეარჩევს, ეს არ იქნება იგივე სტადიონი, რომელზეც საშინაო შეხვედრას თბილისური კლუბი არჩევს მეტოქეს უმასპინძლოს. ცოტა შეიძლება ახლართულად დავწერე, თუმცა, ვისაც მიხვედრა უნდა, ნათქვამს მიგვიხდეა.
უეფა-ს 2026-2027 წლების სეზონის ახალგაზრდული ლიგის წილისყრა კი, იმ ქვეყნის გუნდებისთვის, რომელთა მთავარი გუნდებიც, ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე არ თამაშობენ და შესაძლოა, ზოგადად აღნიშნული სეზონის ევროტურნირებს მიღმაც არიან, მაგალითად „დინამო თბილისი", ახლა გაიმართა და ქართული გუნდის მეტოქეები, არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე რაუნდშიც გაირკვა. წარმატების შემთხვევაში „დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდი კოპენჰაგენს დაუპირისპირდება. აი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპში კი, ქართული გუნდის წარმატების შემთხვევაში იტალიური „ფიორენტინასა" და ბულგარული „სეპტემვრი სოფია"-ს წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის მიხედვით, გათამაშების ამ ეტაპზე გუნდები ფლეი-ოფის ფორმატში საშინაო და გასვლით თამაშებს თამაშობენ. უშუალოდ მატჩების თარიღები კი ასე გამოიყურება:
პირველი რაუნდი: 16 სექტემბერი / 14 ოქტომბერი
მეორე რაუნდი: 28 ოქტომბერი / 4 ნოემბერი
მესამე რაუნდი: 25 ნოემბერი / 9 დეკემბერი
აქვე გეტყვით, რომ ამ წილისყრით, „დინამო თბილისს" ყველა ეტაპზე პირველი თამაში სახლში, ხოლო საპასუხო გასვლაზე უწევს.
და ბოლოს, ქართულმა კლუბმა მზადების ფარგლებში, ამხანაგური ორი თამაში გამართა აზერბაიჯანული „ყარაბახის" წინააღმდეგ, ერთი წააგო 2-1 (დინამოელთაგან გოლი გიგა ბულიამ გაიტანა), მეორეში კი, გაიმარჯვა 2-0 (აქ გოლები რატი ალექსიძემ და ნიკოლოზ ბენდელიანმა გაიტანეს).
ჩვენი ინფორმაციით, „დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდს, ისევე, როგორც ამ შეხვედრებში, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მატჩების დროსაც დაემატებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ასაკით, აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან, თუმცა, მთავარ და მეორე გუნდების ღირსებას იცავენ.
ფოტო: (c) UEFA





ჩვენ







